ოქრო თაფლი

ოქრო თაფლი

„ზიპპ“-მა ყველაფერი ერთი წლის წინ, თაფლიანი წყლის წარმოებით დაიწყო. მას მოჰყვა თაფლის სხვა პროდუქტებიც, ახლა კი კომპანია ქართული თაფლის ექსპორტს ორიგინალური შეფუთვით – ოქროსთავსახურიანი ქილით აპირებს. Queen Sophia – ასე ჰქვია ახალ ბრენდს, რომლის მისია მსოფლიო მასშტაბით საქართველოს, როგორც თაფლის სამშობლოს, პოპულარიზაცია იქნება. იდეის ავტორი პაატა სულაბერიძეა – წარსულში საჯარო მოხელე, ახლა – ბიზნესმენი. Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო პაატა, თქვენ 1990-იან წლებშიც სცადეთ არაერთი ბიზნესი, მათ შორის ავეჯის, კომერციული ფართების და ა.შ. შემდეგ იყო საჯარო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, ხოლო პანდემიის მიწურულს – ისევ ბიზნესში დაბრუნება. რატომ თაფლი?

დაახლოებით 15 წლის წინ პატრიარქმა იქადაგა, რომელიმე ბიზნესმა თაფლიანი წყლის წარმოება დაიწყოს, რადგან სასარგებლოაო. ჩვენ მაშინვე სპეციალისტებთან დავიწყეთ გარკვევა, თუ როგორ შეიძლებოდა, ეს მოხერხებულიყო და საბოლოოდ დავასკვენით, რომ შეუძლებელია, თაფლი გახსნა წყალში და ის არ გაფუჭდეს. ამიტომ ამ იდეას დაახლოებით ორი წლის წინ დავუბრუნდით, როცა ჩემმა შვილმა – ლუკა სულაბერიძემ მოიფიქრა, შეგვექმნა ბოთლის ინოვაციური საცობი, რომლის დახმარებითაც თაფლი და წყალი ცალ-ცალკე იქნება მანამ, ვიდრე მომხმარებელი ერთმანეთში მათ არევას არ გადაწყვეტს. აღნიშნული მექანიზმით გასულ წელს თაფლიანი წყლის წარმოება დავიწყეთ, შემდეგ კი ჩვენი ბრენდისადმი სანდოობის გაზრდის მიზნით, გავხსენით  შოურუმი და კაფე – თაფლის ლაბორატორია. ამ სივრცეში შვიდი სახეობის ლაბორატორიულად შემოწმებული თაფლი და თაფლის სხვადასხვა პროდუქტია, მათ შორის თაფლიანი ლუდიც. ამასთან, თბილისში გავხსენით საწარმო, სადაც თაფლს ვასხამთ ქილებში. თაფლს კი საგანგებოდ შერჩეული მეწარმეებისგან დიდი რაოდენობით ვიბარებთ, რომელსაც შემდეგ ლაბორატორიული შემოწმება უტარდება.

Queen Sophia – ასე ჰქვია თქვენ მიერ ბრენდირებულ ქართულ თაფლს, რომელიც დუბაის ბაზრისთვის ცოტა ხნის წინ შეიქმნა, რას ითვალისწინებს თქვენი ახალი პროდუქტი?

ჩვენ გადავწყვიტეთ, თაფლი ხელნაკეთ ოქროსთავსახურიან ქილაში მოგვეთავსებინა, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ საქართველოში წარმოებული თაფლი სწორედ ასეთ შეფუთვას იმსახურებს. ეს პროდუქტი არ შეგვიქმნია მხოლოდ იმისთვის, რომ ის უბრალოდ ქვეყნის საზღვრებს მიღმა გაგვეყიდა, ჩვენ ეს შევქმენით საქართველოს და ქართული თაფლის გლობალურად პოპულარიზაციის მიზნით. მსოფლიოში ბევრმა არ იცის, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად, საქართველოში 5 500 წლის წინანდელი თაფლია აღმოჩენილი. ამიტომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ თაფლის სამშობლოცაა.

ქართული თაფლის პოპულარიზაციის მიზნით შევქმენით ვებგვერდიც და ჩვენთან სამუშაოდ მოვიწვიეთ სოფია კუპატაძე, რომელიც ჩვენი ბრენდის დედოფალი გახდა. ის ყველა ჩვენი პროდუქტის პიარ-კამპანიის მთავარი ფიგურა იქნება. სწორედ სოფია აწარმოებს მოლაპარაკებებს ყველა მომავალ პარტნიორთან. როგორც ვიცი, მსოფლიოში არცერთ კომპანიას დედოფალი არ ჰყავს, ჩვენ კი გვყავს. ის არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ ზოგადად ქართული თაფლის დედოფალი და დესპანი იქნება მსოფლიოში. ეს ბრენდინგის ნაწილია. ამისთვის სპეციალური ვიდეორგოლიც გადავიღეთ.

ჩემთვის დიდი პატივია ქართული ნატურალური პროდუქტის მსოფლიო ბაზარზე გატანა და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ მისიას. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ჩემს კომპანიას, რომელმაც მე ამირჩია, როგორც მთავარი წარმომადგენელი. განსაკუთრებული შემართებით და პოზიტივით ვუდგები საქმეს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მსოფლიო იგრძნობს ჩვენი უძველესი თაფლის ძალას სიკეთეს, სიტკბოსა და სიყვარულს.

სოფია კუპატაძე

გარდა ამისა, ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველ მეწარმეებს ვაძლევთ საშუალებას, რომ სწორედ მათი თაფლი მოთავსდეს ორიგინალურ ქილებში და გავიდეს ექსპორტზე. შესაბამისად, მათაც ვეხმარებით პოპულარიზაციაში, მათი სახელი მითითებული იქნება პროდუქტზე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, პოტენციურ კლიენტებზეც ჰქონდეთ წვდომა.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ამ პროდუქტს ჩვენგან შეიძენს, მათ ყოველ წელს სხვადასხვა გემოს 3 კილოგრამ თაფლს საჩუქრად გავუგზავნით, რომელიც, რა თქმა უნდა, ლაბორატორიულად შემოწმებული იქნება.

რატომ დუბაი?

ეს შემთხვევით მოხდა, საქართველოში ჩამოსულმა ერთ-ერთმა არაბმა ვიზიტორმა ჩვენს ლაბორატორიაში სტუმრობისას პროდუქტი დააგემოვნა, მოეწონა და ჩვენთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. დუბაიში ჩვენი თაფლის რეალიზაციაზე ისინი მუშაობენ. ჩვენი პროდუქტის მარკეტინგი და რეალიზაცია სხვადასხვა არხით იგეგმება. ჩვენი პარტნიორები დუბაის მასშტაბით იახტების, ვილების, ვერტმფრენების გაქირავების ბიზნესში არიან. ამიტომაც ჩვენი პროდუქტის რეკლამა მათ გასაქირავებელ ტრანსპორტსა თუ ვილებში გამოჩნდება. ვფიქრობთ, ასე ჩვენს თაფლს მსოფლიო გაიცნობს.

რომელი იქნება შემდეგი ბაზრები?

ჩვენ დუბაიში ამ პროდუქტის კონცენტრაციას ვახდენთ, ვინაიდან იქ უკვე გვყავს პარტნიორი, თუმცა შეკვეთებს მთელი მსოფლიოდან ველით. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ჩვენი საიტის პოპულარიზაცია. მხოლოდ დუბაიზე არ გვაქვს გათვლა. საიტიც ამისთვის შევქმენით, რომელზეც არაერთმა პროფესიონალმა იმუშავა. ამ ყველაფერს დავით კუპატაძე ხელმძღვანელობდა. დიზაინერმა ანანო გელოვანმა კი დედოფალ სოფიას ჩაცმულობასა და აქსესუარებზე იზრუნა.

როგორც ვიცით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩვეულებრივი შეფუთვითაც გაიტანეთ თაფლი. რა შედეგები გაქვთ?

დიახ, საამიროებში ექსპორტზე ტონამდე თაფლი გავიტანეთ. ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია. ეს ერთი თვის მანძილზე მოხდა. ახლა მთელი კონტეინერით გატანას ვაპირებთ, რომელიც 27 ტონამდე მოცულობის იქნება.

გარდა ამისა, ქუვეითიდან არის დაინტერესება ჩვენი გამორჩეული პროდუქტის –  თაფლიანი წყლის მიმართ. მოთხოვნა უკვე გაჩნდა ასევე ინგლისიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან. 2-3 თვის ვადაში დავიწყებთ კონტრაქტების გაფორმებას და უფრო ზუსტი ინფორმაცია ამ კუთხით მოგვიანებით გვექნება.

საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, სად ხდება თქვენი თაფლის რეალიზაცია?

ჩვენი თაფლი საქართველოს არაერთ ბრენდულ სასტუმროშია შეტანილი. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, გახსნილი გვაქვს თაფლის ლაბორატორია – კაფე, სადაც არაერთი სახეობის თაფლის და თაფლის პროდუქტების დაგემოვნება და შეძენაც შესაძლებელია. სუპერმარკეტებში ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი არ არის. ჩვენ რაოდენობაზე არ ვართ ორიენტირებული, ჩვენთვის მთავარი ხარისხია.

თაფლის ლაბორატორიის მიმართ როგორია ინტერესი? რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

საქართველოში თაფლს, როგორც უნიკალურ პროდუქტს, სათანადოდ ვერ ვაფასებთ. თაფლი გარდა იმისა, რომ გემრიელია, სასარგებლოცაა. ამისთვის საჭიროა ადამიანების სწორი ინფორმირება. თაფლის ლაბორატორიის მენეჯერმა ლიკა გულიკაშვილმა მთელი გული ჩადო ამ პროექტში. უცხოელებმა თაფლის ფასი  იციან და მათი მხრიდან მოთხოვნაც უფრო მეტია. ამიტომ ჩვენი კაფეს მომხმარებლებიც უფრო მეტად უცხოელები არიან.

სხვათა შორის, მსგავსი კაფეს გახსნა სურთ საამიროებში. ფრანშიზის მიყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე შედგა. პირველი ასეთი თაფლის ლაბორატორია ქალაქ ხორფაქანში გაიხსნება, მას მოჰყვება დუბაი და შემდეგ – აბუ-დაბი. შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და იქაური მხარე ითხოვს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ინვესტორი ჩვენი არაბი პარტნიორია. ჩვენთვის მთავარია, რომ თაფლის ლაბორატორიის დიზაინი არ დაირღვეს. ამ შემთხვევაში თაფლის მიმწოდებლებიც ჩვენ ვიქნებით.

კიდევ ერთი გეგმაც მინდა გაგიმხილოთ. საამიროებში თაფლის სასახლის აშენებასაც ვგეგმავთ. პროექტზე არქიტექტორები უკვე მუშაობენ. სასახლეში სასტუმრო და ოფისებიც იქნება, თუმცა მისი ძირითადი დატვირთვა და კონცეფცია იქნება თაფლი. ასევე, იქვე გვინდა განვათავსოთ დიდი სცენა, სადაც ქართული კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, მასპინძლებს თავიანთი შემოქმედება გააცნონ. სასახლეს ექნება თაფლის დედოფლის აივანიც. იქ დედოფალი სოფია ყოველთვე გამოვა და თაფლის რიტუალს ჩაატარებს. ვიზიტორებს თაფლის გასინჯვის  შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან მოეწყობა სხვადასხვა რეგიონის კუთხე, სადაც ქართველი მწარმოებლები თავიანთი ნაწარმის წარმოჩენას შეძლებენ.

ქართული თაფლის საექსპორტო ბაზრები, მიმდინარე წლის ცხრა თვეში საფრანგეთი, ბულგარეთი, ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროებია. როგორ ფიქრობთ, კიდევ რომელი ქვეყნების დაპყრობა შეუძლია ქართულ თაფლს? სად შეიძლება ის მოთხოვნადი იყოს?

ნებისმიერ ქვეყანაში. მთავარია, სწორი პარტნიორები და მენეჯმენტი და ქართულ თაფლს პრობლემა არსად არ ექნება. ასევე მნიშვნელოვანია, მწარმოებლებმა შესაბამისი წესები დაიცვან და სუფთა პროდუქცია აწარმოონ.

რა არის საჭირო მისი პოპულარიზაციისთვის უცხოურ ბაზრებზე?

ძალიან მარტივია – როდესაც ქართული დელეგაცია სხვა ქვეყანაში წავა, ღვინოსთან ერთად ქართული თაფლიც უნდა წაიღოს. ეს სიმბოლურიცაა, ვინაიდან თაფლი არის სიტკბოს სიმბოლო. ასეთი მარტივი ნაბიჯებითაც კი შეგვიძლია, ეს პროდუქტი გლობალურად კიდევ უფრო მეტად პოპულარული და მოთხოვნადი გავხადოთ.

თქვენი გუნდის წევრებზეც რომ ვისაუბროთ, ვისთან ერთადაც ქმნით ამ ბიზნესს…

ჩემი ამოცანაა, ჩემს კომპანიაში მუშაობდნენ ახალგაზრდები, რომელთაც ექნებათ იდეები. ჩვენი გუნდის წევრები კომპანიის დროებითი თანამშრომლები არ არიან. მე ჩემი თანამშრომლებისთვის მიცემული მაქვს თავისუფლება, მთავარია, რომ ყველა მივიწევდეთ ერთი იდეისა და მიზნისკენ და ეს არის ქართული თაფლის და ზოგადად საქართველოს პოპულარიზაცია მსოფლიოში. კარგი იქნება, თუ სახელმწიფოც შეუწყობს ხელს ამ პროცესს, ჩვენ კი მზად ვართ, ჩვენი პროდუქციის მიწოდებით, ამ პროცესში საკუთარი წვლილი შევიტანოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *