ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს და დღეს, ისტორიაში პირველად, $3,000-იანი ნიშნულიც გადალახა. ამის მთავარი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სატარიფო ომი და შედეგად გამოწვეული ეკონომიკური გაურკვევლობაა. ასეთ ვითარებაში კი ინვესტორები ოქროს ყველაზე სანდო აქტივად მიიჩნევენ.
ნიუ-იორკის საქონლით ვაჭრობის საფონდო ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ფასი ამჟამად 2,984 ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ცოტა ხნის წინ მისმა ღირებულებამ $3,000-იანი ნიშნული გადაკვეთა და $3,004.86-ს მიაღწია.
აშშ-ის ოქროს ფიუჩერსები 0.4%-ით გაიზარდა და 3002.30 ამერიკული დოლარი შეადგინა.
ტრამპის სავაჭრო პოლიტიკამ და ტარიფების ომის გაჩაღებამ გლობალურ ბაზარზე დიდი გავლენა მოახდინა. აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. სწორედ ამ მიზეზით, ტარიფების დაანონსების შემდეგ, S&P 500-მა დაახლოებით $4 ტრილიონი დაკარგა. როგორც აღვნიშნეთ, ტრადიციულად, გეოპოლიტიკური არეულობის ან ეკონომიკური გაურკვევლობის დროს ინვესტორები ოქროს მიმართავენ, რაც მასზე მოთხოვნასა და ფასს ზრდის.
რაც შეეხება სხვა ძვირფას ლითონებს, ვერცხლის ფასმა 0.3%-ით მოიმატა და უნციაზე 33,9 აშშ დოლარამდე გაიზარდა. პლატინის ფასიც 0.3%-ით გაიზარდა და 997,00 აშშ დოლარს მიაღწია, პალადიუმი კი 2.1%-ით გაძვირდა და მისმა ღირებულებამ 978,18 აშშ დოლარი შეადგინა.