HBO Max-ი თავის კონკურენტ Netflix-თან და Disney-სთან საბაზრო წილისათვის ბრძოლას აძლიერებს და ევროპული გაშვებისთვის ემზადება. HBO Max-ი ევროპის უფრო მეტ ქვეყანას ამატებს, ვიდრე ეს თავდაპირველი გეგმით იყო გათვალისწინებული.
სერვისი 26 ოქტომბრიდან შვედეთში, დანიაში, ნორვეგიაში, ფინეთში, ესპანეთსა და ანდორაში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა მომავალი წლიდან კიდევ 21 ევროპული ქვეყნის დამატება იგეგმება, რომელთა შორის შესაძლოა საქართველოც აღმოჩნდეს.
აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ, უყურონ Warner Bros-ის ისეთ ფილმებსაც, როგორიცაა: „King Richard“; „The Matrix Resurrections“. მომხმარებელს HBO Max–ზე ფილმების ყურება პრემიერიდან 45 დღის შემდეგ შეეძლებათ.
„სკანდინავიის რეგიონში ფასებს დაახლოებით 20%-ით ვამცირებთ, თუმცა იმავე საფასო პოლიტიკას ვინარჩუნებთ ესპანეთში“, – განაცხადა HBO Max–ის EMEA დირექტორმა, კრისტინა სულებაკმა. შვედეთში ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 109 კრონიდან 89 კრონამდე მცირდება ($12->$10).
HBO Max-ი, რომელიც შეერთებულ შტატებში გასულ წელს ჩაეშვა, ჩაანაცვლებს რეგიონულ ქსელს HBO Nordic-ს და მომხმარებელს უფრო მრავალფეროვან კონტენტს შესთავაზებს.
ორიგინალური გადაცემების გარდა, როგორიცაა „Game of Thrones“; „The Sopranos“; „Succession“ და „Sex and the City“ , ის მომხმარებელს სხვადასხვა საერთაშორისო შოუსაც შესთავაზებს, რომელთა შორისაა: დანიური ,,Kamikaze“, ესპანეთის „Todo lo Otro“, რუმინეთის „Ruxx“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ Netflix–ისა და Disney Plus–ის ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 89 კრონიდან იწყება, თუმცა HBO Max-ი მომხმარებელს ყოველწლიურ პაკეტს სთავაზობს, რომლის ღირებულება 699 კრონაა, რაც გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, Disney Plus–ის ყოველწლიური სააბონენტო ღირებულება – 890 კრონა.