პანდემიის გამო ფსიქოლოგის კონსულტაცია მეტ ადამიანს სჭირდება

პანდემიის გამო ფსიქოლოგის კონსულტაცია მეტ ადამიანს სჭირდება

კორონავირუსმა შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი: შეზღუდვები – თვითიზოლაცია, ნაკლები კომუნიკაცია, სოციალური ღონისძიებების დეფიციტი და საყვარელი ადამიანის დაკარგვა – ბუნებრივია, მოქმედებს ინდივიდის მენტალურ ჯანმრთელობაზე. კოვიდპანდემია მეორე წელია, გრძელდება, ამის პარალელურად იზრდება ამერიკელთა დეპრესიის, შფოთვისა და ინსომნიის მაჩვენებელი.

ექიმი მერი ალვორდი განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე – მაშინ, როცა მომავალი განსაკუთრებით ბუნდოვანი იყო, გაიზარდა იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებსაც შფოთვა აწუხებდათ.

ფსიქოლოგების დიდი ნაწილი იზიარებს ალვორდის გამოცდილებას – მათი მონაცემებიც ადასტურებს, რომ გაზრდილია შფოთვისა და დეპრესიის მაჩვენებელი. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმთა უმრავლესობა პაციენტებს ონლაინ –  ტელემედიცინის საშუალებით ეხმარება.

ამერიკული ფსიქოლოგიის ასოციაციის (APA) მიხედვით, გაზრდილია მოთხოვნა იმ ფსიქოლოგებთან კონსულტაციაზე, რომლებიც მკურნალობენ შფოთვით დარღვევებს, დეპრესიას, ტრავმასთან, სტრესსა  და ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს.

პანდემიამ შეიძლება წაახალისოს ტელემედიცინის განვითარება. PitchBook-ის მონაცემების თანახმად, გლობალური ტელემედიცინის ბაზარი 2026 წლისთვის მიაღწევს $312 ტრილიონს, რაც 2019 წელთან შედარებით ოთხჯერ მეტია. ამასთან, 2020 წელს ჯანმრთელობის ონლაინკომპანიებში $1.8 ტრილიონი ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა.

APA-ის თანახმად, პანდემიის პერიოდში ძირითადად  წინა ხაზზე მებრძოლი ექიმები, არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მამები (დედებზე ხშირად) მიმართავენ ფსიქოლოგებს.

რთულია იმის წინასწარმეტყველება, პანდემიის დასრულების შემდეგ შენარჩუნდება თუ არა ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე გაზრდილი მოთხოვნა. მკვლევართა აზრით, მენტალური ჯანმრთელობის  პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა შესაძლოა, გაფართოებული ტელემედიცინა გახდეს.

ექიმ ალვორდის თქმით, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ პანდემიის პირისპირ მარტო არ ვართ და სტრესის ნორმალური დონე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.