დღეს პარიზის ოლიმპიური თამაშების დასკვნითი ასპარეზობები გაიმართება. საქართველოს შანსი აქვს, 2024 წლის ოლიმპიადა ოქროს მედლით დაასრულოს.
ოლიმპიური თამაშების ბოლო დღეს ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება. თავისუფალი სტილით ჭიდაობის 97 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში გივი მაჭარაშვილი იასპარეზებს. ის ოქროს მედლისთვის ბრძოლას ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვთან გამართავს. თავისუფალ ჭიდაობაში შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, მაჭარაშვილმა პირველი შეხვედრა მერვედფინალში სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟეს წინააღმდეგ გამართა. ქართველმა მოჭიდავემ დაპირისპირება დამაჯერებელი ანგარიშით, ვადაზე ადრე, 12:2 მოიგო.
ამის შემდეგ გივი მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს შეხვდა. მაჭარაშვილმა ამ შემთხვევაშიც დამაჯერებლად, ანგარიშით 11:0 მოიგო და შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა.
ნახევარფინალში გივიმ აზერბაიჯანის წარმომადგენელი მაგომედხან მაგომედოვი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ექვსი მედალია – სამი ოქრო (ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე), ორი ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაო (ლაშა გურული). ჩვენი ქვეყანა პარიზის ოლიმპიადაზე 28 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.