პელოსი მხარს უჭერს ჩრდილოეთ კორეის განიარაღებას და საზღვარზე ვიზიტს გეგმავს

პელოსი მხარს უჭერს ჩრდილოეთ კორეის განიარაღებას და საზღვარზე ვიზიტს გეგმავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა და მისმა სამხრეთ კორეელმა კოლეგამ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძლიერი შეკავების შენარჩუნებისა და ქვეყნის ბირთვული განიარაღების მიღწევის პირობა დადეს. ერთობლივი განცხადება სეულში პელოსისა და სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის სპიკერის შეხვედრის შემდგომ გავრცელდა.

განცხადებაში ორივე მხარე ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე მზარდი საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამს: „ჩვენ შევთანხმდით მხარი დავუჭიროთ ორივე მთავრობის ძალისხმევას, მიაღწიონ პრაქტიკულ დენუკლეარიზაციას საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიალოგის მეშვეობით, ჩრდილოეთის წინააღმდეგ ძლიერი და გაფართოებული შეკავების საფუძველზე“. პელოსის თქმით, მან და მისმა კოლეგამ, უსაფრთხოების, ეკონომიკურ და კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების გზებიც განიხილეს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სამხრეთ კორეას ოთხშაბათს, ტაივანში ხანმოკლე ვიზიტის შემდგომ ეწვია. მოგვიანებით, ხუთშაბათს, პელოსი კორეის საზღვრის მახლობლად „ერთობლივი უსაფრთხოების ზონაში“ ვიზიტს გეგმავს. ცნობისთვის, „ერთობლივი უსაფრთხოების ზონაზე“ ამერიკის ხელმძღვანელობით, გაეროს სარდლობა და ჩრდილოეთ კორეა პატრულირებს.

აღსანიშნავია, რომ ნენსი პელოსი, ყოფილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შემდგომ, აშშ-ის პირველი უმაღლესი დონის ოფიციალური პირი იქნება, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას ეწვევა. შეგახსენებთ, რომ “ერთობლივი უსაფრთხოების ზონაში“ ტრამპი ჩრდ. კორეის პრეზიდენტ კიმ ჩენ ინს 2019 წელს შეხვდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *