ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართომასშტაბიანი, აქამდე უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები დაიწყო. ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტაივანის ირგვლივ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტაც გაისროლეს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები ხუთშაბათს გამთენიისას დაიწყო და კვირამდე გაგრძელდება. ცნობისათვის, წვრთნები კუნძულის გარშემო ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

ჩინეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, აღმოსავლეთის სარდლობამ ტაივანის აღმოსავლეთით მდებარე წყლებში რამდენიმე სახის სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტა გაისროლა. მისი განმარტებით, რაკეტები საბრძოლო მასალით იყო აღჭურვილი და სამიზნეს ზუსტად მოხვდა.

ბალისტიკური რაკეტების გასროლის ფაქტი ტაივანის თავდაცვის მინისტრმაც დაადასტურა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი ჩინეთის მიერ გასროლილი ხუთი ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა. იაპონური უწყების განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როდესაც ჩინური რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში მოხვდა. ცნობისათვის, ეკონომიკური ზონა გახლავთ სივრცე, რომელიც ქვეყნის საზღვაო საზღვრიდან 370 კილომეტრის დაშორებით ვრცელდება და ქვეყნის ტერიტორიულ წყლებს არ მიეკუთვნება.

ასეთ ზონაში სახელმწიფოს ზღვის ყველა ცოცხალი თუ არაცოცხალი, ბუნებრივი რესურსების მოპოვების და გამოყენების უფლება აქვს. იაპონიამ ჩინეთს აღნიშნულის შესახებ გაფრთხილება დიპლომატიური არხებით უკვე მისცა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *