ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის (DoD) შემადგენლობაში შემავალმა სარაკეტო თავდაცვის სააგენტომ (MDA) ამერიკულ აეროკოსმოსურ კომპანია Stratolaunch-თან შეთანხმება დადო. ხელშეკრულების თანახმად, ის პენტაგონს ჰიპერბგერითი საფრთხეების სიმულაციისთვის სამიზნეებს მიაწვდის, რაც თავდაცვის ახალი სისტემების განვითარებასა და დახვეწას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ Stratolaunch-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავის, Roc-ის მფლობელი და ოპერატორია. ამ უკანასკნელს Boeing 747-ის ექვსი ძრავა აქვს, მისი ფრთების შლილის ზომა კი 117 მეტრს შეადგენს. თვითმფრინავის სპეციალური პლატფორმა კომპანიის მიერ წარმოებული ჰიპერბგერითი აპარატის Talon-A-სა და სარაკეტო იარაღის გაშვების საშუალებას იძლევა.
Talon-A მრავალჯერადი გამოყენების, სარაკეტო ამაჩქარებლით აღჭურვილი ავტონომიური აპარატია, რომელზეც სხვადასხვა სახის იარაღის დამონტაჟებაა შესაძლებელი. მისი სიგრძე – 8,6 მეტრი, წონა – 2,722 კილოგრამი, ფრთების შლილის ზომა კი 3,4 მეტრია. როგორც ვარაუდობენ, Talon-A-ს სიჩქარე 7,400კმ/სთ-ს გადააჭარბებს, რაც ხმის გავრცელების სისწრაფეს 6-ჯერ აღემატება. გეგმის მიხედვით, აპარატის პირველ სატესტო გაშვებას მომავალ წელს უნდა ველოდოთ.
Talon-A რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიერ აგებული ჰიპერბგერითი აპარატების სავარაუდო ნიმუშს წარმოადგენს. Stratolaunch-ის მიზანია, Roc-ით ჰაერში ერთდროულად სამი ასეთი სისტემის ატანა უზრუნველყოს. შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავმა სადებიუტო საცდელი ფრენა 2019 წლის 13 აპრილს, მეორე სატესტო ფრენა კი მიმდინარე წლის აპრილში შეასრულა.