ამერიკული ფარმაცევტულ-ბიოტექნოლოგიური კორპორაცია Pfizer-ი სამედიცინო კანაფის ინდუსტრიაში შედის. ის კანაბინოიდებზე დაფუძნებული მედიკამენტებით კუჭ-ნაწლავის დაავადებების მკურნალობითაა დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას Pfizer-მა ამ მიმართულებით მომუშავე კომპანია Arena Pharmaceuticals-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მთლიანი ღირებულებაც 6.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, Pfizer-ი Arena Pharmaceuticals-ის ყველა აქციას ყიდულობს და თითოეულ მათგანში 100 აშშ დოლარს იხდის. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა კანაფში შემავალი ნივთიერებების, კანაბინოიდების გამოყენებით კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი სახელწოდებით Olorinab (APD371)-ი უკვე შექმნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოცემული დროისთვის მედიკამენტი ტესტირებას გადის და ჯანდაცვის სპეციალური მარეგულირებელი ორგანოების მიერ ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.
Arena Pharmaceuticals-ში მომუშავე მეცნიერებმა კანაბინოიდებზე დაფუძნებული პრეპარატი თავდაპირველი აქცენტით კუჭ-ნაწლავის დაავადებებთან ასოცირებული ვისცერალური ტკივილის სამკურნალოდ შექმნეს. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, წამალი ტკივილგამაყუჩებლის ფუნქციას ასრულებს და მისი მიღება ფსიქოაქტიურ თანამდევ ეფექტებს არ იწვევს.
Arena Pharmaceuticals-ის აღმასრულებელი დირექტორის, ამიტ მუნშის განცხადებით, Pfizer-თან ხელშეკრულების გაფორმება მათი მისიის უფრო სწრაფად განხორციელებასა და პაციენტებისთვის მედიკამენტების დროულად მიწოდებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ კომპანია კანაბინოიდებზე დაფუძნებული პრეპარატების შექმნის გარდა, რამდენიმე იმუნოანთებითი დაავადების სამკურნალოდ ინოვაციური თერაპიების შემუშავებაზეა ორიენტირებული.