Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, ამერიკელებს წლის ბოლომდე მიეწოდოთ

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, ამერიკელებს წლის ბოლომდე მიეწოდოთ

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა ამერიკელებს წლის ბოლომდე მიეწოდოთ, თუ დადგინდა, რომ ის უსაფრთხო და ეფექტურია. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ განაცხადა.

ვაქცინის მწარმოებელს ბოლო ფაზის ტესტირებების შესახებ მთავარი მონაცემები დაახლოებით ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს, ხოლო თუ მას ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია დაამტკიცებს, კომპანია მზადაა ასობით ათასი დოზა ვაქცინა მიაწოდოს ქვეყანას.

პანდემიის გამო, აშშ-ის ჯანდაცვის უწყება და ბიოფარმაცევტული კომპანიები ვაქცინის შექმნის პროცესს აჩქარებენ. ვაქცინის კანდიდატების შემოწმების ფაზებს აფინანსებს მთავრობები, ასევე ინვესტორები და დაინტერესებული პირები.  

ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი კომპანია Pfizer-ი ვაქცინაზე გერმანულ კომპანია BioNTech-თან ერთად მუშაობს. ივლისში აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ ამ კომპანიებს $1.95 მილიარდს გადაუხდიდა, რათა მათ ეწარმოებინათ 100 მლნ დოზა ვაქცინა, თუ დამტკიცდებოდა რომ ის უსაფრთხო და ეფექტურია. ამერიკის მთავრობამ კომპანიებთან შესაბამისი შეთანხმებაც გააფორმა.

როგორც კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, მათ უკვე $1.5 მილიარდის ინვესტირება მოახდინეს პოტენციური ვაქცინის შექმნის პროცესში. მისივე თქმით, თუ ვაქცინამ არ გაამართლა, ეს კომპანიისთვის უდიდესი ფინანსური ზიანი იქნება.

ცნობისთვის, Pfizer-ი ერთ-ერთია იმ სამ კომპანიას შორის, რომლის ვაქცინის კანდიდატიც შემოწმების ბოლო ფაზაზე იმყოფება. დანარჩენი ორი კომპანია, რომლებიც ასევე მოწინავე პოზიციებზე არიან Moderna და AstraZeneca-ა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *