მომხმარებლის დაცვის ცნება გულისხმობს, რომ ასეთი დაცვის საჭიროება არსებობს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს ავტომატური ჭეშმარიტებაა. თავისუფალი ბაზრის პირობებში მხარეები ნებაყოფლობით თანხმდებიან და დებენ კონტრაქტებს. თუ ასეთი კონტრაქტი, შეთანხმება მათთვის წაგებიანია, მხარეებს არავინ აიძულებს მათ დადებას. შესაბამისად, ამოცანა უნდა იყოს კონკურენტული, თავისუფალი საბაზრო გარემოს შექმნა ბაზრის მონაწილეებისთვის სამართლიანი და მაქსიმალურად თანაბარი პირობებით.
მე აქვე შემეძლო წერის დასრულება, მაგრამ ვეცდები, ჩემი პოტენციური ოპონენტების პერსპექტივიდანაც შევხედო ამ საკითხს. ჩემს პოტენციურ ოპონენტებში აქ კეთილი განზრახვების მქონე მეტ- ნაკლებად ზომიერ პოზიციებზე მყოფ ადამიანებს ვგულისხმობ და არა „ძირს კაპიტალიზმი!“ და „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ!“ ლოზუნგებით მორბენალ მოძალადეებს.
არსებობს განხილვის ღირსი რამდენიმე მოსაზრება:
1. რომ საჭიროა ადამიანებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ, როდესაც ისინი თაღლითურ და მათთვის უეჭველად წაგებიან შემოთავაზებებს განიხილავენ;
2. ან/და, მომხმარებლები უნდა დავიცვათ, რადგან მათი სიმრავლე და მრავალფეროვნება შეუძლებელს ხდის მათ ისე ორგანიზებას, რომ მომწოდებელზე ზეწოლა განახორციელონ.
3. ან/და, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მიღება იმდენად ძვირი ჯდება, რომ სახელმწიფომ ასეთი ინფორმაცია თვითონ უნდა მოაგროვოს და მომხმარებელს მიაწოდოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მაღალი ფასის მქონე პროდუქტს/მომსახურებას, რომელსაც იშვიათად ვყიდულობთ.
ამ მოსაზრებებს ქვემოთ დავუბრუნდები. მანამდე…
მომხმარებლის დაცვის რა ფორმები შეიძლება, არსებობდეს?
მომხმარებლის დაცვის ფორმები შეგვიძლია იმის მიხედვით განვსაზღვროთ, თუ გადაწყვეტილებისა და მოხმარების პროცესის რა ეტაპზე მოვინდომებთ მომხმარებლის დაცვას. ქრონოლოგიურად ბოლოდან თუ დავიწყებთ, ასეთი ფორმები შეიძლება, იყოს:
ავუნაზღაუროთ დანაკარგი
მომხმარებელი „არასწორი“, წაგებიანი გადაწყვეტილებისგან თუ დაზარალდა, მისთვის ზიანის ანაზღაურება თეორიულად შესაძლებელია. ასეთი სტრატეგიის საშიშროება, აბსურდულობა და არარეალისტურობა მალევე აშკარა ხდება, როგორც კი ვიკითხავთ, თუ რა დაჯდება ეს და ვინ უნდა გასწიოს ამის ხარჯი. ამაზე ცოტა მოგვიანებით. აქ კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა იჩენს თავს: ასეთი პოლიტიკა ადამიანებს საშუალებას მისცემს, არაკეთილსინდისიერება დაუსჯელად ჩაიდინონ. მაგალითად, ისეთი სესხი აიღონ, რომლის გადახდას არც აპირებენ, იმ იმედით, რომ ამის გამო გადასახდელი ჯარიმა აუნაზღაურდებათ.
ასეთი შედეგი მოჰყვებოდა, მაგალითად, ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას თავისი დაპირება იპოთეკარებისათვის ზარალის ანაზღაურების შესახებ მართლაც რომ შეესრულებინა. მეტიც, ეს არა მარტო ბანკებს შეუქმნიდა პრობლემებს, არამედ კეთილსინდისიერ მსესხებლებსაც, რადგან ამ პოლიტიკის საპასუხოდ ბანკები საპროცენტო განაკვეთს უკლებლივ ყველასთვის გაზრდიდნენ (დამატებითი რისკის ამ განაკვეთში ასასახად).
არაპირდაპირ, იგივე შედეგი გამოიღო ახალმიღებულმა კანონმა იძულებითი გამოსახლების წესების გართულების შესახებ. ამ კანონზე ბანკების რეაქცია გაზრდილ საპროცენტო განაკვეთსა და სესხის დამტკიცების გამკაცრებულ პროცესში გამოიხატება. ეს კი კეთილსინდისიერ მსესხებლებსაც დააზარალებს.
დავაზღვიოთ შეცდომებისგან?
ამის მაგალითი დეპოზიტების დაზღვევაა, რაც გულისხმობს ბანკის გაკოტრების შემთხვევაში გარკვეულ თანხამდე დეპოზიტების გარანტირებულ განაღდებას. ნებისმიერი დაზღვევა ერთგვარი მომსახურებაა და ის უფასოდ ვერ იქნება მოწოდებული. დაზღვევის- თვის ვიღაცამ სადღაც ე.წ. პრემიუმი უნდა გადაიხადოს. აქ წინააღმდეგობრივი ისაა, თუ ვინ იხდის დაზღვევის პრემიუმს. არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ დეპოზიტარმა თავისი შენატანი კერძო სადაზღვევო კომპანიაში დააზღვიოს, და იმ შემთხვევაში, თუ ბანკის საიმედოობის შეფასებაში შეცდა, კომპენსაციაც ასეთივე კომპანიისგან მიიღოს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთი დაზღვევა სავალდებულოა ან/ და სახელმწიფოს მიერაა სუბსიდირებული. ორივე გზა პრობლემატურია:
• დაზღვევის ან ნებისმიერი პროდუქტის/ მომსახურების შესყიდვის ადამიანებისა თუ კომპანიებისთვის დაძალება ბაზრის ნებაყოფლობითობას ძირს უთხრის.
• სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება ყოველთვის უსამართლოა, რადგან:
• დაბეგვრის თანხა იზრდება მათთვისაც, ვინც დეპოზიტის დაბეგვრით სულაც არ არის დაინტერესებული, ან საერთოდ არა აქვს დეპოზიტი.
უკეთესი შესყიდვის გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ?
– უკეთესი შესყიდვის გადაწყვეტილებას კარგად ინფორმირებული და განათლებული მყიდველი იღებს. ამ წინადადებაში ორი საკვანძო სიტყვაა – ინფორმაცია და განათლება.
იმისათვის, რომ ჭკვიანი მომხმარებლები ვიყოთ, ინფორმაციის ფლობა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია. თუმცა, როგორც ევროკომისიის მიერ 2011-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა (European Commission (2011). Eurobarometer 342. QA15), ადამიანები მარეგულირებელი სააგენტოების მიერ სავალდებულოდ მიჩნეულ საინფორმაციო ტექსტებს ძირითადად არ კითხულობენ, რადგან (1) ისინი საკმაოდ მოცულობითია, ხოლო (2) მათი შრიფტი – ძალიან წვრილი. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ინფორმაციის ფლობა აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არაა. ამ ინფორმაციის აღქმისა და გამოყენების უნარები ასევე მნიშვნელოვანია. ამას განათლების საკითხთან მივყავართ.
განათლება უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხიანი გადაწყვეტილების მისაღებად. აქ საკითხავია, როგორაა მოწოდებული განათლება. ბოლოს და ბოლოს განათლებაც სერვისია, რომელიც ყველაზე ხარისხიანად კერძო სკოლებისა და უნივერსიტეტების მიერ კონკურენტულ გარემოში იქნება მოწოდებული.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ხშირად ყველაზე კარგი გზა – ექსპერტისგან რჩევის მიღებაა. ექსპერტის დონეზე განათლებული ყველა საკითხში ყველანი ხომ ვერავინ ვიქნებით?! აქაც პრობლემა ხშირად ისაა, რომ მრჩევლის როლის პრეტენზიას ხშირად სახელმწიფო გამოთქვამს. ეს კი ისევ და ისევ ასეთი რჩევის ხარისხს საეჭვოს ხდის – სახელმწიფო ასეთ საკითხებში ძირითადად უუნაროობას იჩენს და მას, როგორც წესი, კერძო კომპანიები სჯობნიან. სახელმწიფოს (მონოპოლისტის) ასეთ საქმეებში ჩართულობა, ხშირ შემთხვევაში, კონკურენციის შემზღუდველია.
რას ნიშნავს მომხმარებლის დაცვა ფინანსური მომსახურების კონტექსტში?
სხვადასხვა მარეგულირებელი სააგენტო სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო, სადაზღვევო და საინვესტიციო სფეროებში ერევა. მაგალითად, ბანკები შეიძლება დაავალდებულონ, გარკვეული ინფორმაცია გარკვეული ფორმატით მიაწოდონ დეპოზიტორებსა თუ მსესხებლებს. შესაძლოა, საინვესტიციო კომპანიებს ზოგიერთ ინვესტორთან კონტაქტიც კი აკრძალული ჰქონდეთ, და ა.შ. ასეთი რეგულაციები ზედმეტად მიმაჩნია ქვემოთ განხილული მიზეზების გამო.
აქ კონტექსტიც მნიშვნელოვანია. ზოგი ფინანსური ინსტრუმენტი იმდენად რთულია, რომ მათში ინვესტირებას ან მხოლოდ სოფისტიცირებული ინვესტორები შეძლებენ, ან ფულის ჩადება მხოლოდ ექსპერტის რჩევის საფუძველზეა რეკომენდებული. ეს ასეც უნდა იყოს. როგორც ყველაფერში, ყველა პროდუქტი ყველა მომხმარებლისთვის ვერ ივარგებს. ამ ფინანსურ ინსტრუმენტებს ხშირად მაღალი რისკი (ე.წ. ვოლატილობა) ახასიათებთ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველაზე ჭკვიანი ინვესტორებიც კი ძალიან ხშირად აგებენ ფულს. მეტიც, ინვესტორის სიბრძნე იმდენად იმაში არ გამოიხატება, თუ რამდენად ხშირად გამოიცნობს, თუ რა მოხდება მომავალში, არამედ იმაში, თუ როგორ შეამცირებს საინვესტიციო რისკს, განსაზღვრავს რისკის იმ რაოდენობას, რომელიც ვერანაირად ვერ შემცირდება და სწორად მართავს ამ ნარჩენ რისკს. ეს რთული ამოცანაა და რეგულაცია და მომხმარებლის დაცვა აქ ეფექტიანი ვერაფრით ვერ იქნება.
ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ თვით ბიზნესში დასაქმებულ უმაღლესი რანგის პროფესიონალებსაც კი ხშირად კარგად არ ესმით რთული ფინანსური კონცეფციები.
ან რა უნდა ვუყოთ, მაგალითად, ასეთ ფაქტს, რომ გერმანელი მომხმარებლის 57% რეგულარულად ადარებს კონკურენტების მიერ შემოთავაზებულ საწვავის ფასებს და მხოლოდ 10% უღრმავდება კონკურენტი ბანკების მიერ შემოთავაზებულ პირობებს (Comdirect. Kunden-Motive 2010). და ეს მაშინ, როცა უფრო მეტი გერმანელია საბანკო ანგარიშის მფლობელი, ვიდრე მანქანის.
ტრადიციულად კარგად ორგანიზებულ გერმანელებს თუ ასეთი არარაციონალურობა ახასიათებთ, ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენად არაპრაქტიკულები არიან სხვა კულტურის მქონე ქვეყნების მომხმარებლები. მომხმარებლის „ირაციონალიზმი“ ბევრი კვლევით დასტურდება. მყიდველი ხშირად არ იქცევა როგორც „ჰომო ეკონომიკუსი“ (Schneider, Stefan (2010). Homo Economicus – or more like Homer Simpson?). მომხმარებლის დაცვის პრაქტიკა კეთილი განზრახვებით დანაღმულ ველზე ბევრი მიზეზია, რატომაც უნდა ვერიდოთ მომხმარებლის დაცვის „გაზრდას“. არ იქნება სწორი, რომ სხვა ქვეყნების მიბაძვით, საქართველოშიც ბრმად გადმოვიღოთ არაეფექტიანი კანონმდებლობა:
1. მომხმარებლის დაცვა ხარჯიანია და ეს ხარჯი ისევ მომხმარებელს აწვება. თუ ამ ხარჯს სახელმწიფო სწევს, ეს ყველა მოქალაქისთვის ბეგარის გაზრდას ნიშნავს, მათ შორის მათთვისაც, ვინც თავისი სამომხმარებლო უფლებების დაცვას არ საჭიროებს, ან ვინც აქტიურ საინვესტიციო საქმიანობას არ ეწევა.
2. გაზრდილი რეგულაცია კომპანიებისთვის ფიქსირებულ ხარჯს ზრდის. ამ ხარჯის გაღება უფრო ადვილად მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ. ასეთმა ხარჯებმა პატარა კომპანიები შეიძლება გააკოტროს. შედეგად კონკურენცია შემცირდება, მომხმარებელი წააგებს და კეთილი განზრახვის საპირისპირო შედეგს მივიღებთ.
3. კეთილი განზრახვის კიდევ ერთი საპირისპირო შედეგი ე.წ. „მორალური ზიანია“ (moral hazard): დეპოზიტორების დაცვით დაწყებული ღონისძიებები იქამდე მიდის, რომ ამ დეპოზიტების შემქმნელი ბანკები ბეგარის გადამხდელების ფულით გამოჰყავთ კატასტროფული მდგომარეობიდან. ასეთ ბანკებს, რომელთა გაკოტრება ვითომდა ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს, „სისტემურს“ უწოდებენ და მათი დაცვაც სავალდებულო ხდება. შედეგად, ასეთი ბანკები უფრო უპასუხისმგებლოდ იქცევიან და უფრო მეტ რისკს იღებენ, ვიდრე კეთილგონიერება მოითხოვს – მათ ხომ იციან, რომ, თუ გაუჭირდათ, სახელმწიფო დაეხმარება. ასე ვიღებთ ჩაკეტილ წრეს, რომელშიც მომხმარებლის ნაცვლად კრონისტული, ლობიზმით კარგად მხარდაჭერილი მსხვილი ბანკები ხეირობენ.
4. „დაცული“ მომხმარებელი უსაფუძვლო სიმშვიდეს ეძლევა. იმის ნაცვლად, რომ რისკების შეფასებას ეცადოს, ფინანსური განათლება მიიღოს ან/ და რჩევის მიღებას ეცადოს, მყიდველი „დაცვას“ ხშირად სახელმწიფოზე „დელეგირებს“. ფაქტობრივად, ასეთი „დაცვა“ მომხმარებელს მოტივაციას ართმევს, რომ ფინანსური პროდუქტის (მაგალითად, დეპოზიტის) შეძენამდე „საშინაო დავალება“ შეასრულოს, გაერკვეს შემოთავაზებაში და თან უკეთეს მომხმარებლად ჩამოყალიბდეს.
5. მომხმარებლისდაცვას ხშირად სახელმწიფო კისრულობს. სახელმწიფოს, მთავრობისა თუ პოლიტიკური პარტიების მოტივაციები აქ ხშირად არაჯანსაღია. პოლიტიკოსები ხალხის აზრს ითვალისწინებენ და ამომრჩევლის მოხიბვლას ცდილობენ. მომხმარებლის დასაცავად რა მოიმოქმედონ, ამას იმის მიხედვით წყვეტენ, თუ რა ელექტორალური ეფექტი ექნება ამა თუ იმ ქმედებას. მათთვის ამ ქმედებების გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტი მეორეხარისხოვანია. პოპულიზმს, როგორც წესი, ცუდი შედეგები მოაქვს.
6. ხშირად მომხმარებლის დაცვისკენ მიმართული პოლიტიკა დუბლირებას იწვევს და დამატებით ხარჯად აწევს საზოგადოებას. მაგალითად, ფინანსური თაღლითობისაგან დამატებითი კანონმდებლობის აუცილებლობა საეჭვოა მაშინ, როდესაც თაღლითობა ისედაც კანონგარეშეა.
7. კანონმდებლობის განზრახვასა და შედეგს შორის განხეთქილებებს უამრავი ფორმით ვხვდებით. მაგალითად, 60-70-იან წლებში ამერიკაში მიღებულმა კანონებმა იურისპრუდენციაში წარმოშვა ძირითადად პარაზიტული, ზარალის ანაზღაურების მიმართულება, რომელიც მრავალმილიარდიანი ინდუსტრიაა და საჯარო ინტერესს ნაკლებად ემსახურება.
8. დაბოლოს, გაზრდილი რეგულაცია ნიშნავს შესაბამისად გაზრდილ ბეგარას და გაზრდილ ტვირთს ბიზნესზე. ეს, თავის მხრივ, იწვევს შენელებულ ეკონომიკურ ზრდას და უფრო ღარიბ მომხმარებელს, ვიდრე დერეგულირებულ ეკონომიკაში იქნებოდა.
ალარმიზმის საწინააღმდეგოდ, განათლების სასარგებლოდ
სანამ დაუცველი მომხმარებლის გაზვიადებული სურათის დახატვის ცდუნებას მივეცემით, გვახსოვდეს, რომ კონკურენტულ, თავისუფალ ბაზარს თვითონ აქვს მიწოდების ხარისხის გაზრდის/ ფასების დაწევის უნარი. ასევე გავითვალისწინოთ, რომ:
• მომხმარებლის დაცვა ყველაზე უკეთ კონკურენციის საშუალებით ხდება.
• ფინანსური კომპანიები დაინტერესებული არიან, კეთილსინდისიერი ორგანიზაციის რეპუტაცია ჰქონდეთ. თუ ასეთ რეპუტაციას არ გაუფრთხილდებიან – გაკოტრდებიან.
• მომწოდებელი დაინტერესებულია მომხმარებლის დაკმაყოფილებით – ბანკები მუდმივად ატარებენ კლიენტების კმაყოფილების დასადგენ კვლევებს და თუ კლიენტი კმაყოფილია, თანამშრომლებს აჯილდოებენ.
ის, რომ განათლებული მომხმარებელი ფინანსური დარგის განვითარებას უწყობს ხელს – აქსიომაა. მაგრამ აქ აქცენტები უნდა დავსვათ სწორად – მომხმარებელს იცავს განათლება, და არა სახელმწიფო.
აშკარაა, რომ ფინანსური განათლება ჯობია, ადრეული ასაკიდან დაიწყოს. სამწუხაროდ, განათლების გაუმჯობესებისთვის ხშირად იმის საპირისპიროს ვაკეთებთ, რაც უნდა გავაკეთოთ – საჭიროა უფრო მეტი კერძო სკოლები და უნივერსიტეტები. ჩვენ კი, ამის ნაცვლად, იმაზე ვლაპარაკობთ, თუ როგორ შევუქმნათ უფრო მეტი უსამართლო კონკურენცია კერძო სკოლებსა და უნივერსიტეტებს იმით, რომ ხალხი მეტად დავბეგროთ და ეს თანხა სახელმწიფო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩავდოთ – ხშირ შემთხვევაში, ქარს გავატანოთ.
ფორმალური განათლების გარდა, მომხმარებლის დასახმარებლად, საბედნიეროდ, სხვა რესურსებიც არსებობს. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა კვლევასა და რჩევის მოპოვებას აადვილებს. დარგების მიერ თვითრეგულირების შედეგად შექმნილ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და მომხმარებლის დამცველ დამოუკიდებელ ორგანიზაციებსაც დადებითი როლის შესრულება შეუძლიათ.
დაბოლოს, რა თქმა უნდა, განათლებული მომხმარებელი ეხმარება ფინანსური დარგისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას. მაგრამ განათლებული მომხმარებელი, როგორც წესი, განვითარებული ეკონომიკის თანამდევია. ამ ჩაკეტილი წრიდან აღმავალ სპირალზე გადასასვლელად ისევ თავისუფალ ბაზარს უნდა მივენდოთ. მეტი კერძო განათლება დაცული მომხმარებლის რაოდენობისა და ეკონომიკის სწრაფად ზრდას განაპირობებს.