შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიკის დარგში მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. მათ შორის მოხვდნენ: ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუზერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო გადაჯაჭვული ფოტონების მიმართულებით ექსპერიმენტების ჩატარებისთვის, ირლანდიელი ფიზიკოსის, ჯონ სტიუარტ ბელის უტოლობების თეორემაში დარღვევის დადგენისა და კვანტური ინფორმაციის მეცნიერებაში პიონერობისთვის გადაეცათ. როგორც ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მათმა მიღწევებმა გზა გაუხსნა ახალ ტექნოლოგიას, რომელიც კვანტურ ინფორმაციაზეა დაფუძნებული.
შეგახსენებთ, 2021 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ასევე სამი მეცნიერი გახდა: სიუკურო მანაბე, კლაუს ჰასელმანი და ჯორჯო პარიზი. მანაბემ და ჰასელმანმა ჯილდო დედამიწის კლიმატის ფიზიკური მოდელირებისთვის, მისი ცვლილების ტემპის გამოთვლისთვის, ასევე გლობალური დათბობის შესახებ სანდო პროგნოზების გაკეთებისთვის დაიმსახურეს, ჯორჯო პარიზიმ კი – ფიზიკურ სისტემებში უწესრიგობასა და შემთხვევითობას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების დადგენისთვის.
ცნობისთვის, ფიზიკის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ეს ჯილდო დღემდე 118-მა მეცნიერმა მიიღო.