2018 წელს “საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” ჯამური ხარჯები, 2017 წელთან შედარებით, 63,896,000 ლარით მეტი იყო. აღნიშნულის შესახებ “ქართუ ჯგუფის” კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის “სხვა აქტივების” ქვეთავიდან ხდება ცნობილი. კერძოდ, ფონდ “ქართუს” მიერ განხორციელებული საქველმოქმედო დონაციები 2018 წელს 142,385,000 ლარი, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული და სხვა ხარჯები 1,824,000 ლარი იყო, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებლები 2017 წელს 79,820,000 და 493,000 ლარს შეადგენდა.
რამ გამოიწვია საქველმოქმედო ხარჯების ზრდა?
აღსანიშნავია, რომ სწორედ 2018 წელს საქართველოს მთავრობამ ე.წ. ვალების ჩამოწერის პროგრამის განხორციელება დაიწყო. 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ათი დღით ადრე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ფონდი “ქართუ”, უპრეცედენტო სოლიდარობის აქტის სახით, მისო–ებიდან და კომერციული ბანკებიდან 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის შეძენას და მათ ჩამოწერას გეგმავდა. ბახტაძემ დააანონსა, რომ სოლიდარობის აქტი 600,000 მოქალაქეს შეეხებოდა. ეს განცხადება საარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, რადგანაც ის საერთაშორისო დამკვირვებელთა მხრიდან ხმების მოსყიდვის მცდელობად შეფასდა, რაც შემდგომში OSCE-ის დასკვნაშიც აისახა.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი vali.ge, რომელმაც განულების პროცესი 2018 წლის ბოლომდე დაასრულა. აღნიშნული ვებგვერდის მიხედვით, სულ ჩამოწერილია 4,104,429,484 ლარის დავალიანება, პროგრამა კი 615,164 პირს შეეხო.
აღსანიშნავია, რომ ფონდ “ქართუს” საქმიანობის ამსახველ ცხრილში მხოლოდ მთლიანი ხარჯები არის წარმოდგენილი და არაა მითითებული, თუ რა იყო ამ ხარჯებში ე.წ.“ვალების განულების” წილი.