გასული კვირის ბოლოს, პოლონეთის კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში გაიგზავნა განაცხადები მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყნიდან ექსპორტირებული შვიდი ხელოვნების ნიმუშის რესტიტუციასთან დაკავშირებით.
საუბარია იტალიელი მხატვრების ფერწერული ტილოების შესახებ, რომლებიც, პოლონური მხარის განცხადებით, ამჟამად მოსკოვში მდებარე პუშკინის მუზეუმის კოლექციაში ინახება. პოლონელების მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი ეხმაურება და ამ პრეტენზიებს იურიდიულად უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
პოლონეთის მიერ მოთხოვნილ ხელოვნების ნიმუშებში მე-14-დან მე-18 საუკუნემდე პერიოდში შესრულებული ნამუშევრები შედის. მათ შორის სპინელო არეტინოს „Two Saints“ და ლორენცო დი კრედის „Adoration of the Child“.
2016 წლიდან პოლონეთმა მოახერხა, ომის წლებში ქვეყნიდან გატანილი 600-ზე მეტი კულტურული ნიმუში დაებრუნებინა. მათი უმრავლესობა გერმანიიდან და შვეიცარიიდან დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ მსგავსი განაცხადების დაკმაყოფილების პრეცედენტი მოცემული დროისთვის არ არსებობს.