პოლონეთმა კორეული საბრძოლო თვითმფრინავი, FA-50GF საზოგადოებას წარუდგინა

პოლონეთმა კორეული საბრძოლო თვითმფრინავი, FA-50GF საზოგადოებას წარუდგინა

პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის განკუთვნილი კორეული საბრძოლო თვითმფრინავი, FA-50GF საზოგადოებას წარედგინა. The Korea Aerospace Industries-ის წარმოებული მსუბუქი მოიერიშე, FA-50GF პოლონეთს უახლოეს მომავალში გადაეცემა.

ოფიციალურ ცერემონიას სამხრეთ კორეისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე სამხრეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების გენშტაბის უფროსი და თავდაცვის შესყიდვების პროგრამის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, აღნიშნული საბრძოლო თვითმფრინავები პოლონეთის თავდაცვით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

სამხედრო შეიარაღების მწარმოებელი კორეული კომპანია 12 ერთეულ მსუბუქ მოიერიშე FA-50GF-ს პოლონეთს წლის ბოლოსთვის მიაწვდის. ცნობისათვის, ხელშეკრულება პოლონეთის შეიარაღების სააგენტოსა და Korea Aerospace Industries-ს შორის გასული წლის სექტემბერში გაფორმდა. ხელშეკრულება მომდევნო წლების განმავლობაში პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის 50 ერთეული კორეული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავის, FA-50-ის მიწოდებას ითვალისწინებს.

საფრენი აპარატის სახელწოდებაში არსებული ინიციალები GF Gap Filler-ად იშიფრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ საფრენ აპარატებს პოლონეთის მოძველებული ფლოტის შემცვლელის დანიშნულება აქვთ.

კორეული სამხედრო კომპანიის განმარტებით, 2025-დან 2028 წლამდე პოლონეთს 36 ერთეულ მოდერნიზებულ FA-50PL-ს მიაწოდებენ.