პოლონეთში მუშაობისთვის ქართველებს ვიზა დასჭირდებათ – რა ვიცით ახალი წესების შესახებ?

პოლონეთში მუშაობისთვის ქართველებს ვიზა დასჭირდებათ – რა ვიცით ახალი წესების შესახებ?

ფოტო: One Plus – Poland Immigration Support (Facebook Page) 

 

პოლონეთმა საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის სამუშაო მიზნით ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთში სამუშაოდ გაემგზავრებიან, შესაბამისი ვიზის აღება მოუწევთ.

ცვლილებას ხელი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ 10 აგვისტოს მოაწერა, ხოლო რეგულაცია ძალაში 15 აგვისტოს შევიდა. ახალი მოთხოვნა კონკრეტულად იმ პირებს ეხება, რომლებიც პოლონეთში დასაქმების მიზნით შედიან.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში ტურისტული და სხვა ნებადართული მოკლევადიანი ვიზიტები კვლავ უვიზოდ არის შესაძლებელი.

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმის გამოყენება „სისტემატურად“ ხდებოდა დასაქმებისთვის, შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე.

მთავრობა ცვლილების მიზეზებად უკანონო დასაქმებასა და ქვეყანაში უკანონოდ დარჩენას, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდას, უცხოელი მუშაკების ექსპლუატაციასა და ადამიანებით ვაჭრობის რისკებს ასახელებს. ხელისუფლება ამ სამ ქვეყანას ასევე მიგრაციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებად მიიჩნევს.

ახალი წესების მიხედვით, პირები, რომლებიც პოლონეთში 15 აგვისტომდე შევიდნენ, წინა რეგულაციებით ისარგებლებენ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ცვლილება პოლონეთის მთავრობის მიერ მიგრაციის კონტროლის გამკაცრების უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია. ქვეყანაში არარეგულარული მიგრაციისა და უცხოელთა მიერ ჩადენილ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში პოლიციამ გასულ წელს მასშტაბური ღონისძიებები დაიწყო, რასაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევებაც მოჰყვა.

ამ პროცესებში საქართველოს მოქალაქეებიც არაერთხელ მოხვდნენ. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში პოლონეთმა 10 ქართველი ქვეყნიდან გააძევა. პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, ისინი საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

ამასთან, 22 აგვისტოდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება. საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეები, რომლებსაც პოლონეთში მუშაობის უფლება აქვთ, ქვეყანაში უვიზო რეჟიმით ყოფნის პერიოდში ვეღარ იმუშავებენ.