Anthropic-ის პროგნოზირებულმა წლიურმა შემოსავალმა $65 მილიარდს გადააჭარბა – Bloomberg

Anthropic-ის პროგნოზირებულმა წლიურმა შემოსავალმა $65 მილიარდს გადააჭარბა – Bloomberg

ფოტო: Illustration by Algi Febri Sugita

 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ის პროგნოზირებულმა წლიურმა შემოსავალმა ივლისის ბოლოსთვის $65 მილიარდს გადააჭარბა, რაც Claude-ის შემქმნელის სწრაფ ზრდაზე მიუთითებს. ეს მონაცემი განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ კომპანია შესაძლოა წლის ბოლოს საფონდო ბირჟაზე გავიდეს.

აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით Reuters-სმაც გაავრცელა, წყაროს ანონიმურობის დაცვის პირობით. წყაროს განცხადებით, კომპანიამ უახლესი მაჩვენებელი ინვესტორებს ფინანსური მდგომარეობის შესახებ მიმდინარე განახლებების ფარგლებში გაუზიარა.

Anthropic-ის პროგნოზირებული წლიური შემოსავალი მაისში $47 მილიარდი იყო, ხოლო 2025 წლის ბოლოს დაახლოებით $9 მილიარდს შეადგენდა. შესაბამისად, კომპანიამ მაჩვენებელი შვიდ თვეში დაახლოებით შვიდჯერ გაზარდა.

პროგნოზირებული წლიური შემოსავალი (revenue run rate) კომპანიის მიმდინარე გაყიდვების ტემპს მთელი წლის პერიოდზე ავრცელებს და ამ გზით მისი სავარაუდო წლიური შემოსავლის შეფასებას იძლევა. ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიამ აღნიშნული თანხა უკვე მიიღო ან წლის ბოლოს აუცილებლად მიიღებს.

Anthropic-ი 2028 წლისთვის დაახლოებით $190-200 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებს. Reuters-ის ინფორმაციით, შესაძლოა სწორედ ეს პროგნოზები ასრულებდეს კომპანიის მომავალი IPO-ს შეფასებაში მნიშვნელოვან როლს.

ბოლო წლებში Anthropic-ი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით Claude-ის პროგრამისტებისთვის განკუთვნილი კოდირების აგენტის პოპულარობის ზრდის ფონზე. პროდუქტის გავრცელებამ კომპანიას კორპორაციული კლიენტებიდან სტაბილური შემოსავლების მოზიდვაში შეუწყო ხელი.

კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში IPO-ზე კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა. Anthropic-ი და მისი მთავარი კონკურენტი OpenAI საფონდო ბირჟაზე დებიუტისთვის ემზადებიან მაშინ, როდესაც ინვესტორების ინტერესი AI-კომპანიების მიმართ განსაკუთრებით მაღალია.

Anthropic-ის შეფასებამ მაისში $965 მილიარდს მიაღწია მას შემდეგ, რაც კომპანიამ H-სერიის დაფინანსების რაუნდში $65 მილიარდი მოიზიდა. ეს შეფასება თებერვალში დაფიქსირებულ $380 მილიარდთან შედარებით ორჯერ მეტია.