პოპულარული ვებბრაუზერების მოკლე ისტორია, 1994 წლიდან - დღემდე

პოპულარული ვებბრაუზერების მოკლე ისტორია, 1994 წლიდან - დღემდე

თავის დროზე, ინტერნეტის გამოყენება საერთოდ არ იყო ისეთი მარტივი, როგორიც დღეს – მეტიც, ინტერნეტი იმდენად რთული ქსელი იყო, რომ მასში გარკვევა მხოლოდ შესაბამისი განათლების მქონე ადამიანებს შეეძლოთ. თუმცა ყველაფერი 1993 წელს შეიცვალა, როცა ბაზარზე მომხმარებლებზე ორიენტირებული პირველი ვებბრაუზერი, Mosaic-ი გამოჩნდა, რომელიც უდავოდ იქცა ადრეული 90-იანი წლების ინტერნეტის სიმბოლოდ. ცნობისთვის გეტყვით, რომ ინტერნეტში განხორციელებული ოპერაციების 97%, სწორედ ამ ვებბრაუზერზე მოდიოდა. სხვა ვებბრაუზერებისგან Mosaic-ი იმით გამოირჩეოდა, რომ სურათებსა და ტექსტს ის ერთად ტვირთავდა.

Mosaic-ი ილინოისის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის რამდენიმე სტუდენტმა შექმნა – მათ 21 წლის მარკ ანდრისინის მეთაურობდა. მოგვიანებით, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ანდრისინმა Mosaic Communications Corporation-ი დააფუძნა, რომელიც, დროთა განმავლობაში, Netscape Communications Corporations-ში გადაიზარდა – კომპანიაში, რომელმაც სრულიად ახალი და რევოლუციური ვებბრაუზერი, Netscape Navigator-ი შექმნა.

თავისი არსით, Netscape Navigator-ი Mosaic-ის ახალი და გაუმჯობესებული ვერსია იყო, მაგრამ Mosaic-ის საწყის კოდს არ ეფუძნებოდა, რადგან მის საავტორო უფლებებს ილინოისის უნივერსიტეტი ფლობდა. Netscape-ი იმდენად კარგი ვებბრაუზერი აღმოჩნდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, მთლიანი ბაზრის 89% დაიკავა.

1996 წლის აპრილში, ვებბრაუზერების ბაზარი შემდეგნაირად ნაწილდებოდა:

Netscape – 88.9%
Mosaic – 7.2%
Internet Explorer – 3.9%

თუმცა Netscape-ის მხრიდან ბაზრის დომინაცია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მესამე ათასწლეულში გადასულს, მას ახალი კონკურენტი გაუჩნდა, Microsoft-ის Internet Explorer-ის სახით. ახალი ვებბრაუზერი ბაზარზე 1995 წელს გამოჩნდა, როგორც Microsoft-ის იმდროინდელი საოპერაციო სისტემის, Windows 95-ის ერთ-ერთი დამატებითი ფუნქციონალი. აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის იმჟამინდელი პოპულარობიდან გამომდინარე, Internet Explorer-მა ბაზარზე მალევე მოიკიდა ფეხი და 2000-იანი წლების დასაწყისისთვის ბაზრის 90%-ზე მეტი დაიკავა.

2002 წლის დეკემბერში, ვებბრაუზერების ბაზარი შემდეგნაირად ნაწილდებოდა:

Internet Explorer – 92.7%
Netscape – 5.9%
Opera – 1.3%

იმ დროს, Netscape-ის ბაზრის წილი ისედაც შემცირებული იყო, რამაც Internet Explorer-ს საშუალება მისცა უკონკურენტოდ მანამ განვითარებულიყო, სანამ ბაზარზე ახალი მოთამაშე – Mozilla გამოჩნდებოდა. Mozilla, რომელიც Netscape-ის ყოფილმა თანამშრომლებმა 1998 წელს დააფუძნეს, ვებბრაუზერების ბაზარზე ინოვაციების შემოსატანად შეიქმნა, რაც კომპანიის მიდგომაზეც ნათლად აისახა – კომპანიის მესვეურებმა Netscape-ის საწყისი კოდი გაასაჯაროვეს, რითაც ტექნოლოგიური კომუნა შემოიკრიბეს და პროდუქტი კიდევ უფრო დახვეწეს. 2004 წლისთვის, Mozilla-მ Firefox-ი შექმნა და ორ წელიწადში, ბაზრის თითქმის 30%-იანი წილი დაიკავა. პირველობისთვის ბრძოლამ Firefox-ისა და Internet Explorer-ს შორის კიდევ რამდენიმე წელიწადს გასტანა, მაგრამ 2010-იანი წლების შუაში, ორთავე ვებბრაუზერს ახალი კონკურენტი – Google Chrome-ი გამოუჩნდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Google-ის ვებბრაუზერის შექმნის იდეა კომპანიის თანადამფუძნებლებს, ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს ჯერ კიდევ 2003 წელს გაუჩნდათ, მაგრამ ის Google-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ლარი შმიტს რომ გააცნეს, პროექტის თაროზე შემოდება გადაწყვიტეს – შმიტის თქმით, Google-ის ვებბრაუზერი ბაზარზე არსებულ მოთამაშეებს კონკურენციას ვერ გაუწევდა. თუმცა, ბრინმა და პეიჯმა შმიტის დარწმუნება მოგვიანებით მაინც შეძლეს და 2008 წელს, ბაზარზე ახალი ვებბრაუზერი, Google Chrome-ი გამოჩნდა. უახლესი ვებბრაუზერის ერთ-ერთი განსხვავებული თვისება იყო ის, რომ ბრაუზერის ჩანართები ცალ-ცალკე იხსნებოდა, რაც მას უფრო სწრაფ და ეფექტიან ბრაუზერად აქცევდა.

საინტერესოა, რომ Google-ის საძიებო სისტემისა და კომპანიის სხვა სერვისების პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა Chrome-ის ბაზრის წილიც. დღეს, 2022 წლის მარტის მონაცემებით, Google Chrome-ს ვებბრაუზერების ბაზრის 80.3%-იანი წილი აქვს.

ზემოხსენებული ინფორმაცია ვების განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის, W3Schools-ის მიერ 1999 წლის შემდეგ აღრიცხულ მონაცემებს ეფუძნება, რომლებიც კანადურმა გამოცემამ, Visual Capitalist-მა შეისწავლა.