Porsche-მ ახალი ელექტრომობილის, Mission X-ის კონცეპტ-ვერსია წარადგინა

Porsche-მ ახალი ელექტრომობილის, Mission X-ის კონცეპტ-ვერსია წარადგინა

გერმანულმა ავტომწარმოებლმა, Porsche-მ ახალი ელექტრომობილის, Mission X-ის კონცეპტ-ვერსია წარადგინა. ავტომობილი, ბრენდის ცნობილი მოდელის, Porsche 918 Spyder-ის მიმსგავსებული ვერსიაა, თუმცა უფრო მაღალტექნოლოგიური.

ავტომწარმოებელი ირწმუნება, რომ მოდელის საწარმოო ვარიანტად ქცევის შემთხვევაში მას 900-ვოლტიანი სისტემის არქიტექტურა ექნება და Taycan Turbo S-ზე ორჯერ სწრაფად დაიმუხტება. გერმანული ბრენდის მტკიცებით, ახალი სრულად ელექტრო Mission X-ი ყველაზე სწრაფი სამგზავრო ავტომობილი იქნება და Mercedes Benz AMG One-ის მიერ მოპოვებულ Nurburgring-ის რეკორდსაც გააუმჯობესებს.

ავტომობილის ინტერიერი რეტრო სტილისა და ფუტურისტული დიზაინის ნაზავია. 80-იანი წლების სარბოლო ავტომობილის ინტერიერი მოწინავე ტექნოლოგიებთან ტანდემში უნიკალურ ხასიათს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ Porsche-ს წინა ელექტრომობილის ვერსია MissionE გახლდათ, რომლის დებიუტიც 2015 წელს შედგა. თუმცა კონცეპტ-ვერსიამ დღის შუქი ვერ იხილა და Porsche Taycan-ის საწარმოო ვერსიად გადაკეთდა.

საინტერესოა, იქნება თუ არა ამჯერად Mission X-ი Porsche-ს რომელიმე მომდევნო ფლაგმანური მოდელის წინარე ვერსია. მოგეხსენებათ, ავტომოყვარულები მწარმოებლებს ხშირად ბრალს სწორედ იმაში სდებენ, რომ კონცეპტუალური ვერსიები მხოლოდ გამოფენებზე რჩება და მათი საწარმოო ვერსიები არ იქმნება.