პრევოსტის პაპობაზე ფსონის დადებით, მინიმუმ ორმა ადამიანმა $50,000-ზე მეტი მოიგო

პრევოსტის პაპობაზე ფსონის დადებით, მინიმუმ ორმა ადამიანმა $50,000-ზე მეტი მოიგო

გუშინ კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაური ჩიკაგოში დაბადებული, 69 წლის რობერტ ფრენსის პრევოსტი გახდა, რომელმაც პაპად არჩევის შემდეგ სახელად ლეო XIV დაირქვა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია.

პრევოსტის პაპად არჩევა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რასაც Polymarket-სა და Kalshi-ზე განთავსებული ფსონებიც მოწმობს. პლატფორმების მომხმარებლებს შორის მთავარი ფავორიტად 70 წლის იტალიელი კარდინალი, პიეტრო პაროლინი მიიჩნეოდა. ის 2013 წლიდან ვატიკანის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებს. მეორე ადგილზე კი ფილიპინელი კარდინალი, ლუის ანტონიო ტაგლე იყო. რაც შეეხება რობერტ პრევოსტს, ის ერთ-ერთ აუტსაიდერად მიიჩნეოდა.

ახალი პაპის არჩევის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდო კანდიდატად მიჩნეულ პრევოსტზე ფსონის დადებით, რამდენიმე მოთამაშემ დიდი მოგება მიიღო. კერძოდ, ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პლატფორმა Polymarket-ზე ექვსმა მომხმარებელმა მინიმუმ $20,000 მოიგო.

ყველაზე დიდი მოგება მომხმარებელმა სახელით “JustPunched” მიიღო, რომელმაც $1,059.52-იანი ფსონით $63,650.65 მოიგო. Polymarket-ის კონკურენტმა Kalshi-მ კი განაცხადა, რომ მის პლატფორმაზე ერთ-ერთმა მოთამაშემ $526-იანი ფსონით $52,641 მოიგო.

ცნობისთვის, Kalshi-სა და Polymarket-ზე ახალი პაპის არჩევასთან დაკავშირებით მთლიანობაში $40.4 მილიონის ფსონები დაიდო.