რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მისი ქვეყნის ბირთვული ძალები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია. როგორც სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანია Rossiya-1-თან კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთი აშშ-ის სამხედრო ძალების უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახით ყოფნას ესკალაციად განიხილავს.
„სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ“, – უპასუხა პუტინმა რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ დასმულ შეკითხვას და დაამატა, რომ ქვეყნის ბირთვული შეიარაღება „მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია“. ინტერვიუს მიმდინარეობისას პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ რუსეთის ბირთვული ტრიადა – სტრატეგიული სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შესაძლებლობები – ბევრად უფრო თანამედროვეა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისა.
პუტინის ინფორმაციით, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთს სტრატეგია შემუშავებული აქვს და გამოიყენებს კიდეც, თუ ვინმე რუსეთის სახელმწიფოს არსებობას და მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას დაემუქრება. თუმცა პრეზიდენტმა დასძინა, რომ დაპირისპირების ალბათობა შემცირებულია, ვინაიდან აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ იგეგმება.
აშშ-სთან შესაძლო დაპირისპირებაზე პუტინმა ადრეც არაერთხელ ისაუბრა. რუსეთის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „ტრადიციული პოლიტიკური სკოლის“ წარმომადგენელი უწოდა, რომელიც მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად „სტრატეგიული თავშეკავების“ მომხრეებს შორისაა. აქედან გამომდინარე, პუტინს არ მიაჩნია, რომ აშშ-სთან სამხედრო შეტაკება გარდაუვალია.
მისივე შეფასებით, უკრიანის ომი რუსეთისთვის „სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“, მაშინ როცა ამერიკისთვის მხოლოდ ევროპაში ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებისა და მოკავშირეებთან სტატუსის შენარჩუნების მცდელობაა.