პუტინმა 8 მაისიდან უკრაინაში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

პუტინმა 8 მაისიდან უკრაინაში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. კრემლის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტა 8 მაისის დილიდან შევა ძალაში და 11 მაისამდე იმოქმედებს. ეს პერიოდი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ დღესასწაულებს (9 მაისი) ემთხვევა.

ამის პასუხად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ რუსეთს ცეცხლის დაუყოვნებლივ მინიმუმ 30 დღის ვადით შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც მხარეებს შორის მშვიდობის მიღწევას ცდილობს, განაცხადა, რომ ცეცხლის სამუდამოდ შეწყვეტის მომხრეა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები — მათ შორის 30-საათიანი ზავი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით — არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა. მხარეები დროებითი ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტა „ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე“ გამოაცხადა. განცხადების თანახმად, რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინაც დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებული ძალები მას „შესაბამის და ეფექტიან“ პასუხს გასცემენ.

„თუ რუსეთს ნამდვილად სურს მშვიდობა, უნდა შეწყვიტოს ცეცხლი დაუყოვნებლივ. რატომ უნდა დაველოდოთ 8 მაისს?“, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა, აღნიშნა, რომ ტრამპის უკმაყოფილება ორივე ქვეყნის მეთაურების მიმართ იზრდება. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „მკვლელობისა და სისხლის ღვრის დასასრულებლად“ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას მოითხოვს.

აშშ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას ცდილობს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია მიანიშნებს, რომ მოლაპარაკებებიდან გამოვა, თუ პროგრესი არ იქნება მიღწეული. პუტინი, თავის მხრივ, ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ რუსეთი მშვიდობის მიღწევის პროცესს სერიოზულად ეკიდება.