პუტინმა ტაქტიკური ბირთვული წვრთნების ჩატარების ბრძანება გასცა

პუტინმა ტაქტიკური ბირთვული წვრთნების ჩატარების ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მეხუთე ვადით ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების ბრძანება გასცა. როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, წვრთნები, საჰაერო და საზღვაო ძალების მონაწილეობით, „დასავლეთის ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარის“ საპასუხოდ იმართება.

წვრთნები სამხრეთ რუსეთში, „არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მომზადებისა და გამოყენების პრაქტიკის“ მიზნით ჩატარდება. ბირთვული ომის საფრთხეზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საუბრობს. პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რუსეთის ბირთვული ძალები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია.

თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა NATO-ც გააფრთხილა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნის შემთხვევაში, ბირთვული დაპირისპირება გარდაუვალი იქნებოდა. მისივე თქმით, რუსეთის ბირთვული ტრიადა – მისი სტრატეგიული სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შესაძლებლობები – მოდერნიზებულია და კარგ მდგომარეობაში იმყოფება.

„ევროპამ და ამერიკამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი, რომლითაც შეგვიძლია მათ ტერიტორიაზე, სამიზნე წერტილებზე შეტევა მივიტანოთ. ეს ყველაფერი კი ბირთვული კონფლიქტის საფრთხეს ბადებს, რაც, თავის მხრივ, ცივილიზაციასაც განადგურებით ემუქრება“, – განაცხადა პუტინმა მის ყოველწლიურ მიმართვაში. საპასუხოდ, NATO-ს სპიკერმა რუსეთის ბირთვულ რიტორიკას „საშიში და უპასუხისმგებლო” უწოდა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი მომავალ კვირას ჩინეთში ვიზიტს და სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს. დღეს კი კრემლში პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. მეხუთე ვადით არჩეული პრეზიდენტი მმართველობას დამატებით კიდევ 6 წლით გაიხანგრძლივებს.