ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩენილი სტარტაპი „შოპშოპი“ ამ დროისთვის 80-მდე ბრენდს აერთიანებს, რომელთაც ონლაინ მოლში ინდივიდუალური სივრცეები აქვთ.
პლატფორმის დაწერისა და გაშვებისთვის დაახლოებით 20,000 ლარი დაიხარჯა, ჯამში კი „შოპშოპში“ უკვე 500,000 ლარია ინვესტირებული. როგორც „შოპშოპის“ წარმომადგენლები Forbes Georgia-სთან საუბარში განმარტავენ, პლატფორმა მოგებაზე ჯერ არ გასულა, თუმცა გეგმის მიხედვით, 2022 წლის ივნისში გავა.
„ჩვენ ვფიქრობთ, პანდემიამ ონლაინ კომერციის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო. ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა აღნიშნულ სერვისებზე და ჩვენს არ ვიყავით გამონაკლისი. განსაკუთრებით გასულ დეკემბერ-იანვარში ძალიან ბევრი მომხმარებელი სტუმრობდა ჩვენს ვებგვერდს“, – აღნიშნეს „შოპშოპში“.
თავდაპირველად, დამფუძნებლები კომპანიის ხარჯებს თავად აფინანსებდნენ, შემდეგ, როგორც თავად აღნიშნავენ, ორი კერძო ინვესტორი დაარწმუნეს სტარტაპის პოტენციალში და ონლაინ სავაჭრო პლატფორმის განვითარებაში მეტი ინვესტიცია ჩაიდო.
„როცა შევძელით ერთ-ერთი დიდი რითეილერი Retail Group Georgia-ს დარწმუნება რომ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და თავის მოვლის კატეგორიებში ჩვენ ყველაზე კარგები ვიყავით, დანარჩენი ბრენდები შემდეგ უფრო ადვილად მოვიზიდეთ. ეხლა ერთ-ერთ დიდ გამოწვევად ბრენდებთან მარაგების სინქრონიზაციის საკითხია რასაც საკმაოდ დიდ რესურს ვუთმობთ. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა მომხმარებლის ქცევა შევცვალოთ, მოვიპოვოთ მისი ნდობა და ვაჩვენოთ მათ, რომ შესაძლებელია ონლაიან მიიღო ხარისხიანი და სასიამოვნო მომსახურება“, – განმარტავენ „შოპშოპში“.
„შოპშოპი“ ელექტრონული კომერციის ბაზარზე 2020 წლის სექტემბერში გამოჩნდა. იდეას თავდაპირველად საფუძველი ლევან ახვლედიანმა, ზურა ფიჩხაიამ და ანზორ მანწკავამ ჩაუყარეს, თუმცა, როგორც „შოპშოპში“ აღნიშნავენ, მათი კორპორაციული მიდგომის თანახმად, აქციონერთა ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ ნებისმიერი ოდენობის დივიდენდის დარიგების შემთხვევაში ამ თანხის არანაკლებ 20% ნაწილდება თანამშრომლებზე, რათა მათი წვლილი სტარტაპის წარმატებაში დაფასდეს.
ვებგვერდზე წარმოდგენილია ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, თავის მოვლის, აქსესუარების, სახლისთვის საჭირო და სხვა პროდუქციის ბრენდები.
„შოპშოპი“ გეგმავს ახლო მომავალში ხელმისაწვდომი გახადოს აპლიკაციაც, ხოლო 2022 წელს სტარტაპერები პლატფორმის გარდაქმნას აპირებენ უკვე ინტეგრირებულ ეკოსისტემაში, სადაც შოპინგთან ერთად სხვადასხვა სერვისი გაერთიანდება.
ამასთან, „შოპშოპი“ საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი თურქული ბრენდის შემოყვანას გეგმავს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბაზარზე ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი.