ქართული ღვინის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი

ქართული ღვინის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ღვინის ექსპორტმა 193.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ე.ი. ყველა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე მეტია. უშუალოდ 2022 წლის ცხრა თვის 173.3 მლნ დოლარს კი 11.5%-ით აღემატება.

ექსპორტის ზრდა, თავის მხრივ, კომპანიების შემოსავლებზეც აისახება და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქართული ღვინის კომპანიას, წინა წლის ფინანსური ანგარიშგება ჯერჯერობით გასაჯაროებული არა აქვს, ხელმისაწვდომია 2021 წლის ფინანსური მაჩვენებლები, რაც მათი შედარებისა და რეიტინგის შედგენის საშუალებას გვაძლევს.

2021 წლის მონაცემებით, რეიტინგში პირველ ადგილზე, 167 მლნ ლარის შემოსავლით, „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგია“ (თელიანი ველის მფლობელი კომპანია), მეორეზე „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 113 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე „ასკანელი ძმები“ 85 მლნ ლარით.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყურძნის წარმოებამ 2022 წელს 278.3 ათასი ტონა შეადგინა და გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, მაგრამ შემცირდა 2020 წლის პიკთან შედარებით.

რაც შეეხება სრული 2022 წლის ექსპორტს, მაჩვენებელი რეკორდული 252.5 მლნ დოლარი იყო. მნიშვნელოვანი დეტალი კი ისაა, რომ ექსპორტის ზრდის პარალელურად, რუსეთში გაყიდვებიც იზრდება.

2022 წელს საექსპორტო პარტნიორებს შორის პირველ ადგილს რუსეთი იკავებდა 63.7%-იანი წილით. ჩრდილოელი მეზობლის ბაზარზე წელსაც თითქმის 67%-ით ვართ დამოკიდებული.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა წლევანდელ რთველზეც ახორციელებს რქაწითლისა და კახური მწვანის ყურძნის ჯიშების სუბსიდირებას.

სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც რთვლის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელს და/ან კახურ მწვანეს. ამასთან, კომპანიამ 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ჩამბარებელს 0.90 ლარზე ნაკლები არ უნდა გადაუხადოს. გასაცემი სუბსიდია 1 კგ რქაწითლისა და 1 კგ კახური მწვანისთვის 0.20 ლარს შეადგენს, გასულ წელს კი 0.35 ლარს შეადგენდა.

2022 წელს მთავრობამ ყურძნის სუბსიდირებისთვის ისტორიაში ყველაზე მეტი, 150 მილიონ ლარამდე დახარჯა.