მაშინ, როდესაც კოვიდპანდემიის გამო ქვეყნები იკეტებოდნენ, მილიარდერმა ტილმან ფერტიტამ თავისი რესტორნებიდან და Golden Nugget-ის კაზინოებიდან 40,000 ადამიანი დაითხოვა. გათავისუფლებულებიდან სამსახურში დაბრუნება ყველამ ვერ შეძლო. თუმცა Houston Rockets-ის მფლობელი, აშშ-ის ფედერალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის, ეკონომიკის სტიმულირების პროგრამისა და საკუთარ თავთან დადებული გარიგებების წყალობით, პანდემიის დროს კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა.
„ჩვენ გელოდებოდით. შეიძლება, თქვენი ფეხსაცმელები ავიღო?“, – მეკითხება ტილმან ფერტიტას 252 ფუტის სიგრძის იახტის, Boardwalk-ის ეკიპაჟის უნიფორმიანი წევრი. ის მთავარი გემბანისკენ მიმავალ კიბესთან დგას. ფეხსაცმლის გახდას რატომ ითხოვენ, გასაგებია. ფერტიტამ ახალ იახტაზე 150 მილიონი დოლარი დახარჯა. ის, ხუთი წლის განმავლობაში, საათობით ედგა თავზე ჰოლანდიურ გემთმშენებელ ფირმა Feadship-ს, იმისათვის, რომ ექვსგემბანიანი იახტის აშენების ობსესიური სურვილისთვის ხორცი შეესხა. თითოეულ გემბანზე პლუშის ხალიჩები, მარმარილოს ზედაპირი, ქრომირებული აბაზანის აქსესუარები და ავტომატური კარები გვხვდება თვალში. იახტას ეკიპაჟის 22 წევრისა და 14 სტუმრის დაბინავება შეუძლია. ხშირად აქ სტუმრები წესისა და რიგის მიხედვით მოწყობილ ვერტმფრენის საფრენ მოედანზე ჩამოდიან. ფერტიტას საყვარელი ადგილი ბოლო გემბანია, რომელიც ზღვის დონიდან 75 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს და ცხელ საცურაო აუზს გადაჰყურებს. მისი მეხუთე იახტა, Boardwalk-ი, ზომით ჩრდილავს სხვა გემებს, რომლებსაც ღუზა ატლანტის ოკეანის კურორტზე, ბაჰამის სამოთხის კუნძულთან აქვთ ჩაშვებული.
იახტების, რესტორნების, კაზინოებისა და სასტუმროების 64 წლის მფლობელი ბევრნაირად შეგვიძლია დავახასიათოთ. მას შეიძლება ვუწოდოთ: შოუმენი, რისკების მოყვარული, უდიპლომო, დეტალების კაცი, NBA-ის Houston Rockets-ის მფლობელი, რეალიტი-შოუს (იხილეთ CNBC-ის შოუს, Billion Dollar Buyer-ის სამი სეზონი) ვარსკვლავი და ადამიანი, რომელმაც 2011 წელს, ატლანტიკ-სიტიში, დონალდ ტრამპის გაბანკროტებული კაზინო იყიდა და მისგან წარმატებული ბიზნესი დააყენა. თუმცა ფერტიტას ალბათ მხოლოდ ერთადერთმა იდენტობამ მოახდინა მის სიმდიდრეზე გადამწყვეტი გავლენა – იგი გამჭრიახი ფინანსური ინჟინერია, რომელსაც თავისი ბიზნესების საჯაროდან კერძოში (და უკან) სწორად გაყვანა და სესხების საჭირო დროს აღება და დაფარვა შეუძლია. „ჩვენ რთულ პერიოდებში ყოველთვის უფრო მეტად ვმდიდრდებით და ვძლიერდებით“, – ამბობს ფერტიტა. 2001 წლის ეკონომიკური დაღმასვლის დროს მან კრიზისში მყოფი რესტორნების ქსელი იაფად შეიძინა. 2010 წელს, დიდი ფინანსური რეცესიის შემდგომ პერიოდში, მან Landry’s Inc.-ი კერძო კომპანიად აქცია მას შემდეგ, რაც მისი აქციების 45% 4.1 მილიარდ დოლარად იყიდა. მანამდე ეს კომპანია 17 წელი საჯარო იყო.
დღეისათვის ფერტიტა შესაძლოა, გაკოტრებულიც ყოფილიყო იმ 4.6 მილიარდი დოლარის ვალის წყალობით, რომელიც მან თავისი იმპერიის ასაშენებლად დააგროვა. ამის ნაცვლად, ის კიდევ უფრო მდიდრდება, ჩვენი დროის ყველაზე პოპულარული ფინანსური ინსტრუმენტის – სპეციალური დანიშნულების შესყიდვების კომპანიის, ანუ შემოკლებით, SPAC-ის მეშვეობით. კრეატიული SPACფინანსირების და, როგორც ეტყობა, საკუთარ თავთან დადებული გარიგებების წყალობით, ფერტიტას პირადი ქონება უკვე გაიზარდა. Forbes-ის შეფასებით, ერთი წლის წინ მისი ქონება 4.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ახლა კი 6.3 მილიარდია. ფერტიტა იმედოვნებს, რომ დეკემბერში მეხუთე SPAC-გარიგებას დადებს, რაც მისი კარიერის ყველაზე მასშტაბური ტრანზაქცია იქნება. გარიგება გულისხმობს Landry’s-ის აქციების დიდი ნაწილის, მათ შორის, ხუთი Golden Nugget Casino-სა და 500-ზე მეტი რესტორნის (ასევე, მილიარდობით სესხის), ახლად გადანათლულ Fertita Entertainment-ისთვის გადაცემას. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ფერტიტას ამ ახალი საჯარო კომპანიის აქციების 74% ეჭირება ხელში, რაც დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ტოლფასია. ფერტიტას პირადი ქონება ამ დროისათვის 8 მილიარდ დოლარს მიაღწევს. (Landry’s-ში შემავალი რესტორნების ბრენდებია: Bubba Gum-ი, McCormick & Schmick’s-ი, The Palm-ი, Rainforest Cafe და სხვ.).
„ვინმეს თუ ამ გარიგებასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება, იცოდეს, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო გარიგებაა. მე ერთხელ ის უკვე გავყიდე. ახლა ისევ ვყიდი.“
SPAC-ები, რა თქმა უნდა, საჯარო შელ-კომპანიებია, რომლებიც ფულს კერძო კომპანიასთან შეერთებისთვის იზიდავენ. ამ კერძო კომპანიას ხშირად არა აქვს ძალა ან მოთმინება იმისათვის, რომ ტრადიციულ საჯარო ვაჭრობაში ჩაერთოს და ფედერალური შემოწმების სამიზნედ იქცეს. SPAC-ები ბოლო ორი წელია, რაც გამრავლდნენ, დიდწილად იმ იაფი ფულის წყალობით, რომელიც ეკონომიკაში ფედერალურმა რეზერვმა გაუშვა. SPAC Analytics-ის მიხედვით, 2019 წელს მხოლოდ 59 SPAC-გარიგება დაიდო, რომელთა საერთო ღირებულებაც 14 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2020 წელს 248 ასეთი გარიგების ღირებულება უკვე 83 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში 127 მილიარდი დოლარის ღირებულების 443 SPAC-გარიგების მომსწრენი გავხდით.
სხვებს უფრო მეტი SPAC-გარიგება აქვთ დადებული, ვიდრე ფერტიტას. მაგალითად, მილიარდერმა ვენჩურ- -კაპიტალისტმა (და ბიტკოინების მოყვარულმა) ჩამატ პალიჰაპიტიამ ექვსი SPAC-ი დააფუძნა და მათი მეშვეობით ისეთი კომპანიები გაიყვანა საჯარო ბირჟაზე, როგორიცაა: Opendoor-ი, Virgin Galactic-ი და Clover Health-ი. სხვები ფერტიტაზე მეტადაც გამდიდრდნენ. მაგალითად, United Wholesale Mortgage-ის პრეზიდენტი მეტ იშბია ახლა დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს (იანვარში მას 13 მილიარდიც კი ჰქონდა), მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის კუთვნილი კომპანია მილიარდერი ინვესტორის, ალეკ გორსის SPAC-ს შეუერთდა. გორსს კიდევ რვა მსგავსი გარიგება აქვს დადებული.
SPAC-ების ბუმი ბევრ კითხვასაც აჩენს, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გარანტირებულია სპონსორებისა და ჰეჯ-ფონდების მიერ მიღებული მოგება. მართალია, გორსი და პალიჰაპიტია ყველაზე აქტიურები არიან, მაგრამ სამაგიეროდ, ფერტიტა ალბათ ყველაზე აგრესიულია. ის თამამ მანევრებს ახორციელებს, რომლებსაც ძალიან ცოტა დიდი საინვესტიციო ფირმა თუ მოიწონებდა.
Golden Nugget Online Gaming-ის ცნობილი გარიგების დროს ფერტიტა შესყიდვის ორივე მხარეს იდგა. 2019 წელს, პანდემიამდელ პერიოდში, მან და მისმა დიდი ხნის ბანკირმა, Jefferies Financial Group-მა თავიანთი SPAC-ისთვის (Landcadia Holdings II) 250 მილიონი დოლარი იშოვეს. SPAC-ის დეკლარირებული მიზანი გასართობი ბიზნესის შეძენა იყო. ფერტიტამ მიიღო პრომოუტერის 10%-იანი წილი და, ამასთან, თანათავმჯდომარისა და პრეზიდენტის ტიტულებიც.
2020 წლის მარტში, როდესაც კოვიდის პანდემია ძალას იკრებდა, ფერტიტამ თითქმის ყველა თავისი ოპერაცია მიხურა და საკუთარი კომპანიებიდან 40,000 თანამშრომელი გაათავისუფლა. ამ პერიოდში მან ფედერალური მთავრობისგან, ხელფასების დაცვის პროგრამის ფარგლებში, 160 მილიონი დოლარის დავიწყებადი სესხი მიიღო. თუმცა ეს თანხა მან ბიძია სემს მალევე დაუბრუნა უკან. საზოგადოება აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მცირე ბიზნესებისთვის გამიზნული ფული დიდმა ბიზნესებმა მიიღეს.
ამის სანაცვლოდ, აპრილში, ფერტიტამ 300-მილიონიანი საგანგებო სესხი აიღო. ამ დაახლოებით 15-%-იანი სესხის ასაღებად მან Golden Nugget-ის ონლაინთამაშების ქვედანაყოფი (GNOG) გამოიყენა. ეს უკანასკნელი პანდემიის დროს ფერტიტას ბიზნესების ნათელ მხარედ იქცა. ამის მიზეზი ის იყო, რომ პანდემიის დროს სახლში გამოკეტილი ადამიანები ფედერალური სტიმულირების პროგრამის მეშვეობით მიღებული თანხის ონლაინკაზინოში დახარჯვას შეუდგნენ. ეს სესხი ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად იყო განკუთვნილი. „ამ თანხიდან ერთი ცენტიც არ დამიხარჯავს“, – ამბობს ფერტიტა.
ორი თვის შემდეგ, 2020 წლის ივნისში, Landcadia II-მა გამოაცხადა, რომ მან თავისი შესყიდვების სამიზნე იპოვა. ეს გახლდათ, არც მეტი, არც ნაკლები, ზემოთ ნახსენები, ფერტიტას კუთვნილი ონლაინგეიმინგის განყოფილება (GNOG), თავისი მრავალმილიონიანი სესხით. როდესაც SPAC-მა 745 მილიონ დოლარად (კომპანიის შემოსავლებზე ექვსჯერ მეტად) მისი შესყიდვა დაასრულა, ფერტიტას GNOG-ის აქციების 49% ხვდა წილად და მან, ასევე, 30 მილიონიც მიიღო ქეშად. ამას გარდა, ფერტიტა გათავისუფლდა საგანგებო ვალის გადახდის ვალდებულებისგან და, შესაბამისად, ნასესხები 300 მილიონი დოლარიც შეინარჩუნა.
2021 წლის სექტემბერში ოთხმა დემოკრატმა სენატორმა, მათ შორის, ელიზაბეტ უორენმა, ფერტიტას და SPAC-ის კიდევ ხუთ მეფეს წერილი გაუგზავნა. „ასეთი ტიპის მანევრები უზრუნველყოფს იმას, რომ სპონსორები ყოველთვის გამარჯვებულები დარჩნენ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებულია შემოერთებული კომპანია“, – ასე კიცხავენ სენატორები წერილის ადრესატებს და მათ ინტერესთა კონფლიქტის ბრალდებებზე პასუხს სთხოვენ; ასევე, სენატორები აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას მოუწოდებენ, აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლისა და კორპორაციული მმართველობის პროფესორი მაიკლ ოლროგი ამბობს, რომ ბოლო წლებში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც SPAC-ის სპონსორებმა საკუთარ თავებთან აფილირებული კომპანიები შეიძინეს. „როდესაც მყიდველი და გამყიდველი ერთი და იგივე ადამიანია, რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანია ფასი“, – აცხადებს ოლროგი.
GNOG-ის ინვესტორები უკმაყოფილონი არ არიან. ამ წლის აგვისტოში ფერტიტამ GNOG-ის 1.5 მილიარდი ღირებულების აქციები DraftKings-ს (რომელიც ასევე SPAC-ის წყალობით შეიქმნა) მიჰყიდა. „ვინმეს თუ ამ გარიგებასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება, იცოდეს, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო გარიგებაა. მე ერთხელ ის უკვე გავყიდე. ახლა ისევ ვყიდი“, – სიამაყით აცხადებს ფერტიტა. „რასაც უნდა აკეთებდე, არ თქვა, რომ ყველაფერი კრევეტების გაფცქვნით დაიწყე“, – განაცხადა ფერტიტამ Forbes-თან ინტერვიუს დროს, რომელიც რვა საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ინტერვიუს ნაწილი ნასაუს ცნობილი რესტორნის, Graycliff-ის მაგიდასთან ჩაიწერა. ოთხი ადამიანის სადილი აქ დაახლოებით 1500 დოლარი დაჯდა. ინტერვიუ ღამის 2 საათზე დასრულდა. ამ დროს ფერტიტა, მისი 27 წლის ვაჟი, პატრიკი და Forbes-ის რეპორტიორი Boardwalk-ის გემბანიდან გამოშვერილ პლატფორმაზე იდგნენ და ქვემოთ აქა- -იქ დალანდული მანტების ცურვას აკვირდებოდნენ.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ფერტიტას წარსული რესტორნებისა და გართობის ინდუსტრიაში ისეთივე ფერადია, როგორიც მისი ფინანსური აკრობატიკა. ფერტიტას ბაბუა ვიკ ფერტიტა და მისი ბიძაშვილები, სალვატორე და როზარიო მაკეოები, ტეხასის ქალაქ გალვესტონში ღამის კლუბ Balinese Room-ის მფლობელები იყვნენ. ამ კლუბში შოუბიზნესის ისეთი წარმომადგენლები გამოსულან, როგორებიც იყვნენ ფრენკ სინატრა და ბობ ჰოუპი (იტალიიდან იმიგრირებული მაკეოები, როგორც ამბობენ, აზარტული თამაშებისა და ალკოჰოლის უკანონო ბიზნესში იყვნენ ჩართულები). ფერტიტას მამა, რომელსაც ასევე ვიკი ერქვა, გალვესტონში ზღვის პროდუქტების რესტორან Pier 23-ს ფლობდა. ახალგაზრდა ტილმანი აქ მართლა ფცქვნიდა კრევეტებს. 14 წლის ასაკში ის უკვე რესტორნის მენეჯერი იყო და ბიზნესს საკუთარი გამოცდილებით შეისწავლიდა.
თავდაპირველად ფერტიტამ რესტორნების ბიზნესისთვის თავის არიდება სცადა. 1970-იანი წლების ბოლოს მან ჰიუსტონის უნივერსიტეტი მიატოვა და ქალის ტანსაცმლითა და ვიტამინებით მოვაჭრე მაღაზიები, ასევე არკადული სათამაშო ავტომატების დისტრიბუტორები და სამშენებლო კომპანიები დააფუძნა. 1985 წელს, 28 წლის ფერტიტამ გალვესტონში 160-ოთახიანი Key Largo Hotel-ი გახსნა. კლასელების შეკრებაზე ის ლიმუზინით მივიდა („ლიმუზინი ჩემი იყო“, აცხადებს ინტერვიუში). მოგვიანებით მან Key Largo 600,000 დოლარად მიჰყიდა თავის ბიძაშვილს, ფრენკ ფერტიტას (ეს უკანასკნელი, თავის ძმასთან, ლორენცოსთან, ერთად, კაზინოებისა და შერეული ორთაბრძოლების პრომოუტერის, UFC-ის წყალობით, მილიარდერი გახდა. მათ UFC 2016 წელს გაყიდეს).
სასტუმროს გაყიდვიდან მიღებული ქეშით ტილმანმა ძმებ ლენდრებისგან ჰიუსტონური საკვები ობიექტები – Landry’s Seafood Inn & Oyster Bar-ი და Willie G-ი შეისყიდა. მან შეძენილი ბიზნესების საქმიანობის არეალი გააფართოვა და გალვესტონი, კორპუს-კრისტი და სან-ანტონიოც მოიცვა. ამ პერიოდში ფერტიტა 10 მილიონი დოლარის ღირებულების ვალებით ძალიან იყო გადატვირთული. თუმცა მან „ბანკებზე დიდხანს იცოცხლა“. იგი 1987 წლის ეკონომიკურ დაღმასვლას გადაურჩა და თავისი სესხები 2 მილიონ დოლარად დაფარა. 1980-იანების ბოლოს ფერტიტამ გალვესტონის ყურეში მდებარე ქალაქ ქიმას ბულვარში მდებარე რესტორნების შესყიდვა დაიწყო. მან სანაპიროს 40 აკრი თავის პირველ „გასართობ“ კომპლექსად აქცია, რომელშიც ეშმაკის ბორბალი, Joe’s Crab Shack-ი, Saltgrass SteakHouse-ი და სხვა ობიექტები გახსნა.
1993 წლისთვის ფერტიტას უკვე 2.7 მილიონი დოლარის მოგება და 34 მილიონი დოლარის შემოსავალი ჰქონდა. მან Landry’s-ის პირველი საჯარო გაყიდვისთვის (IPO) 24 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო. ფულის დასაზოგად ფერტიტამ კარტოფილი ფრის და ლიმონის ნაჭრების ზომები შეამცირა. „ტილმანის ერთ-ერთი სუპერძალა მისი უნარია, გააანალიზოს რიცხვები რიცხვების მიღმა… მაგალითად, რას იხდიან ხორცსა და სასმელებში“, – ამბობს რიჩარდ ჰენდლერი, Jefferies Financial Group-ის პრეზიდენტი.
რამდენიმე შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც SPAC-ის სპონსორებმა საკუთარ თავებთან აფილირებული კომპანიები შეიძინეს. „როდესაც მყიდველი და გამყიდველი ერთი და იგივე ადამიანია, რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანია ფასი“.
2000 წელს ფერტიტამ ჯუნგლების თემატიკის Rainforest Cafeების ქსელში 125 მილიონი დოლარის გადახდის სურვილი გამოთქვა. თავდაპირველ შეთავაზებაზე მას უარი უთხრეს, თუმცა იმავე წელს, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ეს ქსელი მან მაინც შეისყიდა – სულ რაღაც 75 მილიონ დოლარად. Rainforest-ის კაფეების დამფუძნებელი სტივ შუსლერი თავის 2010 წლის წიგნში ფერტიტას ახასიათებს, როგორც „თავხედ, აროგანტ, დაბალი ხარისხის, ფსკერის არსებებზე მონადირე შესყიდვების ნემეზისს“. შუსლერი იმან გააღიზიანა, რომ, ფერტიტას გადაწყვეტილებით, თითოეულ რესტორანში, ყოველწლიურად 100 000 დოლარის დასაზოგად, ცოცხალი ჩიტების გამოფენები გააუქმეს. შუსლერს კომენტარის გასაკეთებლად მინესოტის შტატის ქალაქ გოლდენ-ველიში მივაკითხეთ. მან თავისი ძველი შეფასებები უკან წაიღო და თქვა, რომ ახლა ფიქრობს, რომ ფერტიტას ობსესიამ რიცხვებით, შესაძლოა, Rainforestის კაფეების გადარჩენა განაპირობა. „კაფეში ოდიუბონის [ფრინველთა დაცვის] საზოგადოება რომ მისულიყო და მათ მარგარიტები შეეკვეთათ, ამ შემთხვევაში ის მათთვის ორჯერ მეტ ჩიტს გამოფენდა“, – ამბობს შუსლერი ფერტიტაზე (ფერტიტამ და შუსლერმა ფლორიდის ქალაქ ორლანდოში T-Rex Cafe გახსნეს. კაფეში ანიმატრონული დინოზავრების ხილვა შეგიძლიათ).
2005 წელს ფერტიტამ 295 მილიონ დოლარად ორი Golden Nugget-ის კაზინო იყიდა. აქედან ერთი ლას-ვეგასში მდებარეობდა, მეორე – ნევადის ქალაქ ლაფლინში. მან ძველი რესტორნები ახალი ქსელებით განაახლა და ასევე სამი ახალი კაზინოც შეისყიდა: ერთი – მისისიპის ქალაქ ბილოქსიში, მეორე – ლუიზიანის ქალაქ ლეიკ-ჩარზლში და მესამე ატლანტიკ-სიტიში. მათგან ეს ბოლო ტრამპის კაზინო Marina გახლდათ, რომელიც ცუდ მდგომარეობაში მყოფი, ფერტიტამ 38 მილიონად შეიძინა.
მილიარდერი სტივ ვინი, რომელიც 1970-იან წლებში Vegas Golden Nugget-ის კაზინოებით გამდიდრდა, ამბობს, რომ ის ყოველთვის ცდილობდა ბაკარას ყველაზე წარმატებული აზიელი მოთამაშეების მოზიდვას; მისი მეგობარი „ტილი“ კი, ამის საპირისპიროდ, ყველა დონის მოთამაშეზე აკეთებდა გათვლას. ფერტიტასთვის ყველაფერი რიცხვებია. „რა უფრო ღირებულია კაზინოსთვის: ერთი ერთმილიონიანი მოთამაშე თუ ათი 100,000-დოლარიანი მოთამაშე?“ – კითხვას გვისვამს გერი დელ პრეტი, Golden Nuggetის სათამაშო ოპერაციების ხელმძღვანელი. იგი განმარტავს, რომ ამ კითხვის პასუხია: ათი შედარებით პატარა თევზი, ვინაიდან მათგან იმდენივე ფულის გაკეთება შეგვიძლია, რამდენიც ერთი მოთამაშისგან; თანაც, ამ შემთხვევაში, არასტაბილურობა ნაკლებია და ასევე ნაკლები ძვირფასი საჩუქრის გაღებაა საჭირო.
მიუხედავად ყველაფრისა, ფერტიტას უყვარს სხვა მდიდარ ადამიანებთან ბიზნესის კეთება. ჰიუსტონში მის კუთვნილ Post Oak Hotel-ში, რომელიც 2018 წელს გაიხსნა, „როლს-როისის“, „ბენტლისა“ და „ბუგატის“ მაღაზიებს შეხვდებით. ამ მაღაზიების მფლობელიც ფერტიტაა. ცნობილი ადამიანები და სპორტსმენები 600 დოლარს და უფრო მეტს იხდიან იმისათვის, რომ სასტუმროს აუზებითა და Mastro’s Steakhouse-ით ისარგებლონ. ფერტიტას ვაჟი, პატრიკი, თავის სმარტფონზე გვირთავს დრეიკის ახალ სიმღერას, სახელწოდებით „N 2 Deep”. სიმღერა ერთ ქალს ეძღვნება, რომელსაც მომღერალი „Post Oak-ის ბეიბის“ უწოდებს. სექტემბერში დრეიკმა ტვიტერზე კლიპი დადო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ისვრის ის კალათბურთის ბურთებს Post Oak-ის პენტჰაუზში.
ფერტიტა ამბობს, რომ მან ამ სასტუმროსა და მიმდებარე საოფისე შენობაზე 400 მილიონი დოლარი დახარჯა. აგვისტოში მან Forbes-ი თავის შტაბში იმის დასამტკიცებლად მიიწვია, რომ მისი ქონება უფრო მეტად უნდა შეეფასებინათ. ფერტიტას ყველაზე დიდი მონაპოვარი 2017 წელს, მაშინდელ დროს რეკორდულ ფასად – 2.2 მილიარდად შეძენილი NBA-ის Rockets-ია (მან ამ კლუბის 3% პირველად 1983 წელს შეისყიდა). მან კლუბის შეძენისთვის საჭირო სესხის ასაღებად Landry’s-ის ქონება გამოიყენა.
Landry’s-ი უკვე ღრმად იყო სესხებში ჩაფლული, როდესაც გლობალური პანდემია დაიწყო. „ოთხი კვირის განმავლობაში ძალიან მეშინოდა, – იხსენებს ფერტიტა. – სამყაროს ვერ გადავარჩენდი, ამიტომ მძიმე გადაწყვეტილებები უნდა მიმეღო“. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება 40,000 თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება იყო. (ფერტიტა ამბობს, რომ აქედან 37,000 სამუშაო ადგილი უკვე შეავსო). „ამის გამო ძალიან ბევრი ტალახი მომხვდა, იმიტომ რომ პირველი ვიყავი, ვინც ეს გააკეთა. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს მთლიანად ჩემი ფულია. სხვა კომპანიების პრეზიდენტები ასე სწრაფად არ მოქმედებდნენ, რადგან საქმე მათ ფულს არ ეხებოდა“, – ამბობს ფერტიტა, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებაზე მყარად დგას.
მაშინ, როდესაც თითქმის მთელი მისი ბიზნესი გაჩერებული იყო, ფერტიტა გააოცა რვა წლის წინ შექმნილი Golden Nugget-ის ონლაინთამაშების ქვედანაყოფის (GNOG) წარმატებამ. 2021 წლის პირველ ნახევარში ონლაინთამაშების ინდუსტრიამ ამერიკაში 1.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიტანა, რითაც უკვე გადააჭარბა გასული წლის რეკორდს. ამან ფერტიტას წილი GNOG-ში 600 მილიონ დოლარამდე გაზარდა. თუმცა იგი იმითაც ბედნიერია, თუ როგორ მართავს GNOG-ის ყოველდღიურ ოპერაციებს DraftKings-ში. ამ უკანასკნელმა წლის პირველ ნახევარში 600 მილიონი დოლარის შემოსავალი დააგროვა, თუმცა იმდენი დახარჯა ბაზრის წილის გასაზრდელად, რომ საბოლოოდ 650 მილიონი დოლარი დაკარგა. „ეს ყველაფერი იმის საწინააღმდეგოა, რასაც მე ვაკეთებ ხოლმე. ჩემთვის ყველაფერი ფულის კეთებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამიტომ, დაე, მათ მართონ კომპანია და თავიანთი წაგებები აფინანსონ“, – ამბობს ფერტიტა.
ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესადაა. პანდემიამდე ფერტიტა Landry’s-ის საჯაროდ გატანას გეგმავდა. ამის ნაცვლად, მას Fast Acquisition-მა, 2020 წელს დაარსებულმა SPACმა, ახალი გარიგება შესთავაზა. Fast Acquisition-ი მარკეტინგის გურუმ, დაგ ჯეიკობმა (რომელსაც 2017 წელს თავისი სააგენტო Jwalk-ი Shiseido Americas-ისთვის მიეყიდა) და სენდი ბილმა, Ruby Tuesday-ის ქსელის დამფუძნებელმა, შექმნეს. მათ ფერტიტას საკუთარი ჰონორარების 40%-ით შემცირება შესთავაზეს. ჯეიკობის თქმით, ეს იმისთვის გააკეთეს, რომ „დაედოთ უპრეცედენტო გარიგება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ოპერატორთან“. თებერვალში მხარეებმა 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ფერტიტას რესტორნების დიდი ნაწილი, ხუთი კაზინო და მისი წილი GNOG/DraftKings-ში Fast Acquisition-თან გაერთიანდა. ასე შეიქმნა ახალი საჯარო კომპანია, რომელსაც Fertitta Entertainment-ი ჰქვია. ივნისში ფერტიტამ განაცხადა, რომ მას გარიგების გაფართოება სურს, მასში ისეთი ბიზნესების ჩართვით, როგორიცაა: ქიმას ბულვარის გასართობი კომპლექსი, გალვესტონის Pleasure Pier-ი, დენვერის აკვარიუმი და რამდენიმე რესტორანი. გარიგების ღირებულება ამან 8.6 მილიარდამდე გაზარდა. მეტი ქონების ერთად მოგროვება ასევე ხელს შეუწყობს სესხის გავლენის შემცირებას ბუღალტრულ ბალანსზე. იმის გამო, რომ სესხები ახლად შექმნილ კომპანიაზე გადამისამართდება, მათი საერთო წილი საწყის მოგებაზე 5.2-ჯერ მეტის ნაცვლად, 4.3-ჯერ მეტი იქნება (რაც, ასევე საკმაოდ ბევრია). ფერტიტა ახალი კომპანიის პრეზიდენტი გახდება, რომელშიც 74 %-იანი წილი ექნება.
ფერტიტა თავის რჩეულ რესტორნებს, სასტუმროებს (მათ შორის, Post Oak-ს) და, რა თქმა უნდა, Rockets-ს (Forbes-ი კლუბს 2.5 მილიარდად აფასებს) შეინარჩუნებს. თუმცა ახალი საჯარო კომპანია მისი ზრდის პლატფორმა გახდება. ფერტიტას სურს, რომ ლას-ვეგას-სტრიპზეც ფლობდეს ქონებას.
რამ შეიძლება მის გეგმებს ხელი შეუშალოს? პირველი – იმან, რომ კვლავ მოძლიერებულმა კოვიდ-19-მა შესაძლოა, მოგზაურობისა და რესტორნის ინდუსტრიას ისევ დაარტყას; საფონდო ბირჟის დაღმასვლამ შესაძლოა, ინვესტორები ააღელვოს. ასევე, ფერტიტას სესხების ტვირთი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით – რესტორნებისა და კაზინოებისგან შედგენილი აჯაფსანდალისთვის. ამასთანავე, საშუალოსტიტისტიკური SPAC-ის აქციონერებმა ერთი წლის შემდეგ ფული დაკარგეს, რამაც, ზოგ შემთხვევაში, სასამართლო დავებიც გამოიწვია. მაგალითად, ასეთი ბედი ეწია Waitr-ს, ლუიზიანაში ბაზირებულ საჭმლის მიმწოდებელ სერვისს, რომელიც ფერტიტამ და ჯეფერისმა 2018 წელს, თავიანთი პირველი SPAC-ის, Landcadia I-ის მეშვეობით იყიდეს. ამ SPAC-მა 250 მილიონი დოლარი მოიზიდა. თუმცა Waitr-ის აქციების ფასი 90 %-ით შემცირდა. მომჩივნები ამტკიცებენ, რომ ფერტიტა შეგნებულად იტყუებოდა, როდესაც საუბრობდა იმაზე, რომ Waitr-ს „დიდ პოტენციალი“ ჰქონდა და შეეძლო გამკლავებოდა ისეთ კონკურენტებს, როგორიცაა DoorDash-ი და Grubhub-ი. ასევე, ბრალდების მიხედვით, ფერტიტა ამტკიცებდა, რომ Waitr-ის სერვისები „კარგად შეეწყობოდნენ“ მის სხვა ბიზნესებს. დაცვის მხარის ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდება საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ფერტიტას განცხადებები, უბრალოდ, „კორპორაციული ოპტიმიზმისა და გაზვიადების“ გამოვლინებები იყო. სასამართლოს ამ საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
თუმცა ამ ეტაპზე ცხოვრება მშვენიერია. ფერტიტას სურს, Boardwalk-ზე ყოველ წელს 30 ღამე გაატაროს. ამ ზაფხულს მან იახტაზე თავისი ყოფილი ცოლი პეიჯი და თავისი ოთხი შვილი ერთი კვირით მიიპატიჟა. ფერტიტა ცოლს 2017 წელს სერიოზული კონფლიქტის გარეშე დაშორდა. ის ახლა ორი წელია, რაც ლორენ ვეარზე, იურიდიული საჩივრების საკითხებში Landry’s-ის ყოფილ მრჩეველზეა დაქორწინებული.
ფერტიტა აღიარებს, რომ ქონების გამოსამზეურებლად ახლა ცუდი დროა. „სამყარო შეიცვალა. ადამიანებს მილიარდერები ეზიზღებათ“, – წუხს ის და გულისხმობს განსაკუთრებით მათ, ვინც პანდემიის დროს უფრო მეტად გამდიდრდა. „შეიხედეთ სოციალურ მედიაში. მე ჩემი ახალი იახტის არც ერთ ფოტო არ დამიპოსტავს. რამდენადაც საჯარო პიროვნება ვარ, იმდენად ჩაკეტილი ვარ“, – ამბობს ფერტიტა. ის ასევე გვახსენებს, რომ Boardwalk-ის ტურის მოწყობა მას Forbes-მა თავად სთხოვა. დიახ, ნამდვილად ასე იყო და გვინდა, ფერტიტას ამისთვის მადლობა გადავუხადოთ. მან უკვე დაიწყო თავის ახალ იახტაზე ფიქრი. შესაძლოა, ეს იყოს 361-ფუტიანი ნავი, რომელსაც გერმანული ფირმა Lürssen-ი ააშენებს.