ყარაბაღის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ყარაბაღის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

27 სექტემბერს ყარაბაღში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 26 წელიწადში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მრავლად იყო შეიარაღებული დაპირისპირება, ეს არის მასშტაბური ომი 1994 წლის შემდეგ. დაღუპულთა შესახებ სრული სტატისტიკა არ ვრცელდება, თუმცა შესაძლოა, ორივე მხრიდან მსხვერპლი 1000-ზე მეტი იყოს.

ყარაბაღი თბილისიდან 375 კილომეტრშია. ეს იგივე მანძილია, რაც თბილისიდან ბათუმამდე. საქართველოს საზღვრიდან, წითელი ხიდიდან კი დაახლოებით 300 კილომეტრია. აზერბაიჯანის ქალაქი განჯა, რომელიც ომის დროს დაიბომბა, თბილისიდან 208 კილომეტრშია. აქედან გამომდინარე, ყარაბაღის კონფლიქტი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ჩვენთან ახლოს არის. ეს კონფლიქტი არა მხოლოდ ორ ჩვენს მეზობელ ქვეყანას შორის არის, არამედ ჩვენს ორ მსხვილ ეკონომიკურ პარტნიორს შორისაა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა საფრთხე ემუქრება საქართველოს ეკონომიკურად.

რომ არა კორონავირუსის პანდემია და მისგან გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, საქართველო უკვე აშკარად იგრძნობდა ყარაბაღის ომით მიყენებულ ეკონომიკურ ზარალს. ახლა კი რთულია გაარჩიო, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შემცირებული ეკონომიკური აქტივობიდან რა წილი მოდის პანდემიაზე და რა წილი – ომზე. ერთი რამ ცხადია: საომარი სიტუაცია ქვეყანაში ეკონომიკურ აქტიურობას ამცირებს. ეს, პირველ რიგში, საგარეო ვაჭრობაზე, საერთაშორისო ტურიზმსა და ინვესტირებაზე აისახება, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სფეროებია.

საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან ყველაზე მეტად საგარეო ვაჭრობით და ტურიზმით არის დაკავშირებული. 2019 წელს, ვაჭრობის სიდიდით, აზერბაიჯანი საქართველოს რიგით მე-4 პარტნიორი იყო, სომხეთს კი მე-5 ადგილი ეკავა. 2019 წელს საქართველომ აზერბაიჯანში 449 მლნ დოლარის ექსპორტი განახორციელა, სომხეთში კი – 412 მლნ დოლარის. აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იმპორტმა, შესაბამისად, 559 მლნ და 267 მლნ დოლარი შეადგინა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში 9%-ით შემცირდა და 328 მლნ დოლარი შეადგინა. თუმცა სხვა ქვეყნებში ექსპორტის მეტად შემცირების გამო, აზერბაიჯანი საქართველოს რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა გახდა, მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. საქართველოდან აზერბაიჯანში ძირითადად ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, სიგარეტი და სოფლის მეურნეობის პროდუქტი გადის.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი სომხეთში 49%-ით შემცირდა და 139 მლნ დოლარი შეადგინა. სომხეთი საქართველოს რიგით მეშვიდე საექსპორტო ქვეყანა გახდა. საქართველოდან სომხეთში ძირითადად ავტომობილები და სოფლის მეურნეობის პროდუქტი, სამკურნალო საშუალებები და მინერალური სასუქები გადის. 2019 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტოაზერბაიჯანიდან შემოვიდა – 1.5 მლნ ადამიანი. სომხეთი მესამე ადგილზე იყო – 1.4 მლნ ვიზიტორით. აზერბაიჯანსა და სომხეთზე მოდის საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა თითქმის მესამედი (31%). 2019 წელს ტურიზმიდან საქართველომ სულ 3.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანელი და სომეხი ვიზიტორები არ გამოირჩევიან მაღალი ხარჯვით, მათ ჯამურ დანახარჯზე გასულ წელს 3.3 მილიარდი დოლარის მეხუთედი მოდიოდა – დაახლოებით 600 მლნ დოლარი.

          

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყარაბაღის ომამდე პანდემია დაიწყო, რამაც ყველზე მეტად ტურიზმის დარგი დააზარალა. იანვარ- სექტემბერში აზერბაიჯანიდან ვიზიტორების რაოდენობა 76%-ით შემცირდა, ხოლო სომხეთიდან 75%-ით. აღნიშნული შემცირებით, საქართველომ დაახლოებით 300 მლნ დოლარის შემოსავალი დაკარგა.

რაც შეეხება საქართველოს დამოკიდებულებას აზერბაიჯანულ და სომხურ ინვესტიციებზე, აქ ყურადღების გამახვილება მხოლოდ აზერბაიჯანზე ღირს. სომხეთიდან ინვესტიციების შემოსვლა მინიმალურია და მისი სრულად შეწყვეტაც კი ჩვენს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს. 2015-2019 წლებში სომხეთიდან სულ 47 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის ჯამური ინვესტიციის 0.6%-ია. აზერბაიჯანიდან კი ბოლო 5 წელიწადში 1.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ჯამური ინვესტიციების 24%-ია. აზერბაიჯანიდან პირდაპირი ინვესტიციების შემოსვლა ძირითადად საერთაშორისო მილსადენების გაყვანასა და „სოკარის“ გაზისა და საავტომობილო საწვავის ქსელების გაფართოებასთანაა დაკავშირებული.

2020 წლის პირველ ნახევარში, პანდემიის გამო, აზერბაიჯანიდან ინვესტიციები 150%-ით შემცირდა, ანუ შემოსვლის ნაცვლად, ინვესტიციები გავიდა. ბოლო წლებში აზერბაიჯანიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციების შემოსვლა დიდწილად ახალი გაზსადენის, შაჰ- დენიზ 2-ის აშენებას უკავშირდებოდა. შესაბამისად, ახალი მსხვილი პროექტის დაწყების გარეშე, რეგიონში სიმშვიდის პირობებშიც კი, აზერბაიჯანიდან იმავე მოცულობის ინვესტირება არ შენარჩუნდება.

ასეთი შედეგი გვაქვს: რა პოტენციური ეკონომიკური ზიანიც შეეძლო მოეტანა ყარაბაღში მიმდინარე ომს საქართველოსთვის, პანდემიამ ეს ზიანი უკვე მოიტანა. თუმცა მოლოდინია, რომ 2021 წლიდან პანდემიის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკა აღდგენას დაიწყებს, და საკმაოდ მაღალი ტემპითაც. სწორედ მომავალი წლის ეკონომიკური აქტივობისთვის არის გამოწვევა ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირება. 2021 წელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკისთვის ისევ მძიმე იქნება და ის დანაკარგი, რაც წელს მიიღო საქართველომ, 2021-ში ვერ აღდგება.

ყველაზე მძიმე დარტყმა საქართველოსთვის ომის შედეგად ნავთობისა და გაზის საერთაშორისო მილსადენების დაზიანება იქნება. გარდა იმისა, რომ საქართველოს გაზის მიწოდება შეუწყდება, ის დაკარგავს ტრანზიტის საფასურს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა. მაგალითად, 2019 წელს მილსადენი ტრანსპორტიდან 318 მლნ დოლარის შემოსავალი მივიღეთ, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში – 163 მლნ დოლარის. 

          

აზერბაიჯანთან და სომხეთთან საგარეო ვაჭრობაში საქართველოს უპირატესობას აძლევს ის ფაქტი, რომ მარტის შემდეგ აზერბაიჯანული მანათის მიმართ ლარი 15%-ით, ხოლო სომხური დრამის მიმართ 12%-ით გაუფასურდა. ეს დაეხმარება ქართული პროდუქციის ექსპორტს.

თუ დავუშვებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკა დაახლოებით დღევანდელ სიტუაციაში დარჩება, წელს აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტის შემცირებიდან საქართველო დაახლოებით 270 მლნ დოლარის შემოსავალს დაკარგავს, ტურიზმიდან კი 500 მლნ დოლარამდე. გარდა ამისა, 50 მლნ დოლარით შემცირდება ინვესტიციები აზერბაიჯანიდან. ჯამში, დანაკარგი 800 მლნ დოლარამდე ადის. ეს არის 2020 წლის ჯამური დანაკარგი 2019 წელთან შედარებით. სწორედ მინიმუმ ეს თანხა – 800 მლნ დოლარი იქნება დანაკარგი 2021 წელსაც, თუ საომარი ქმედებები და ამით გამოწვეული ზარალი მომავალი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

ომის პირდაპირ ზიანთან ერთად, საომარმა სიტუაციამ აზერბაიჯანსა და სომხეთში ეპიდსიტუაციის მართვაც გაართულა. მლნ მოსახლეზე ინფიცირებულების რაოდენობით სომხეთი მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ხოლო სიკვდილიანობით – 21-ე ადგილზე. აზერბაიჯანში ვირუსი ნაკლებად არის გავრცელებული, მაგრამ ოქტომბრიდან ახალი ინფიცირებულების დღიური რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა.

ჩვენ გავაანალიზეთ, თუ რა პირდაპირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკაში გაღრმავებულ პრობლემებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების გაგრძელება ნიშნავს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების შემცირებას. ეს უარყოფითად აისახება საქართველოზე, რადგან ინვესტორებს საქართველოში ინვესტირების რისკს გაუზრდის და, სხვა თანაბარ პირობებში, შეამცირებს საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპს. ამ ეტაპზე ჩვენთვის რთულია ზუსტად, რიცხობრივ მაჩვენებლებში, ვთქვათ, რეგიონში უსაფრთხოების შემცირების გამო რა მოცულობის ინვესტიცია შეიძლება დაკარგოს საქართველომ. ასევე, ზარალის გამოთვლას ართულებს მიმდინარე პანდემია. შეუძლებელია პანდემიისგან და ომისგან მოყენებული ზარალის გამიჯვნა. შედარებით ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ 2020 წელს პანდემიისა და ომის გამო, საქართველო აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 800 მლნ დოლარამდე შემოსავალს დაკარგავს.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.