ყაზახური IPO ქართული ფესვებით

ყაზახური IPO ქართული ფესვებით

2020 წელს Kaspi ლონდონის ბირჟის მთავარი ტექნოლოგიური აღმოჩენა იყო. IPO-ს შემდეგ ყაზახური ფინტექ-კომპანიის ღირებულება $6 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო მისი ქართველი ხელმძღვანელი მიხეილ ლომთაძე – მილიარდერი გახდა.  

[MAINPICTURE] 

ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi, რომელსაც ქართველი მილიარდერი, მიხეილ ლომთაძე მართავს, გასულ თვეს მსოფლიო გამოცემების ჰედლაინებში მოხვდა. ამის მიზეზი ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების წარმატებული პირველადი საჯარო განთავსება გახდა. კომპანიის საბაზრო ღირებულებამ $6 მილიარდს მიაღწია. ეს 2020 წელს ლონდონის ბირჟის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური IPO იყო.

Kaspi არ არის ტრადიციული ტექნოლოგიური სტარტაპი. კომპანია სამი ადამიანის გარიგების შედეგად შეიქმნა. მისი თავმჯდომარე ვიაჩესლავ კიმი და მთავარი აღმასრულებელი მიხეილ ლომთაძე კომპანიის 25%-ს და 23%-ს ფლობენ. კომპანია დაკავშირებულია ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის გავლენიანი ძმისშვილის კაირატ სატიბალდის სახელთანაც, თუმცა სატიბალდი ამბობს, რომ ის Kaspi-ს 2018 წელს ჩამოშორდა. კომპანიის პრესსპიკერის თქმით, კიმმა სატიბალდისგან Kaspi-ის წილი დაახლოებით $390 მილიონად შეისყიდა, შემდეგ კი აქციების ნაწილი ლომთაძეს გადასცა. შედეგად მიხეილ ლომთაძის წილი კომპანიაში 31%-მე ავიდა, 2019 წელს კი 29%-მდე შემცირდა. ჩანს, სხვაობა მან Goldman Sachs-ს მიჰყიდა. დღეს ქართველი მილიარდერი კომპანიის 23%-ს ფლობს, რისი ღირებულებაც დაახლოებით $2.2 მილიარდს შეადგენს.

Kaspi-ის პრესსპიკერმა Forbes-თან დაადასტურა 2007 წელს კიმსა და ლომთაძეს შორის შეთანხმება და დასძინა, რომ ლომთაძემ ააშენა“ კომპანია, თუმცა ის მისი დამაარსებელი არ არის. ლომთაძე ბანკში მივიდა როგორც აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მაშინ კომპანია არ იყო Kaspi-დ გადაკეთებული. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც Baring Vostok-მა კომპანიაში ინვესტიციები განახორციელა, იმ დროისთვის კი აღნიშნული კომპანიის პარტნიორი სწორედ მიხეილ ლომთაძე იყო.

Kaspi-ის პრესსპიკერს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იყო 2007 წლის გარიგების პირობები, რომელმაც კიმი და ლომთაძე თანაბარ პარტნიორებად აქცია. კომპანიაში ამბობენ, რომ 13 წელი დასჭირდა იმას, რომ კიმსა და ლომთაძეს თავიანთი წილების შესახებ შეთანხმების ფორმალიზება მოეხდინათ. რატომ ამ დრომდე არა? როგორც თავად ლომთაძე ყაზახურ Forbes-თან საუბარში ამბობს, მისი და კიმის ურთიერთობა სრულ ნდობაზეა დაფუძნებული“.

როგორ დაიწყო კიმმა და როგორ დაიწყო ლომთაძემ?

კიმს Kaspi-ში აღწერენ როგორც განათლებით მათემატიკოსსა და ფიზიკოსს, თუმცა მოწოდებით მეწარმეს. მისი წარმატება საოჯახო ელექტრონიკის ქსელის Planet Electronics-ის დაარსებით დაიწყო. ეს კომპანია მან 2000-იანი წლების შუა პერიოდში დატოვა. მოგვიანებით კომპანია დაიხურა. გარდა ამისა, კიმი სუპერმარკეტების ქსელის Magnum-ის ინვესტორი და საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარეა. 2002 წელს, როდესაც 32 წლის იყო, Kaspiyskiy იყიდა, რომელიც მაშინ ბანკი იყო. რა დაუჯდა მისი ყიდვა კიმს, უცნობია. “მაშინ ბანკის ყიდვა ერთგვარი ტრენდი იყო. ყველა წარმატებული მეწარმე ყიდულობდა ბანკს და ასე მოვიქეცით ჩვენც“, განაცხადა გასული წლის ივლისში კიმმა.

რაც შეეხება მიხეილ ლომთაძეს, ის Kaspi-ის “სახეა” და საზოგადოების წინაშე შედარებით ხშირად ჩნდება. ლომთაძემ საქართველოში დაარსებული პირველი ბიზნესსკოლა დაამთავრა, 1995 წელს აუდიტის კომპანია გახსნა, შემდეგ უკვე ჰარვარდის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულიც გახდა. 2002 წელს იგი Baring Vostok-ის ამერიკელმა დამფუძნებელმა, მაიკლ კალვიმ შენიშნა. “ხელფასი არ მჭირდება. მე მხოლოდ Baring Vostok-ში მუშაობა მინდა“, უთხრა ლომთაძემ კალვის პირველ შეხვედრაზე. 2004 წელს ლომთაძე უკვე კომპანიის პარტნიორი იყო.

2006 წელს Baring Vostok-მა მაშინდელ ბანკ Kaspiyskiy-ში ინვესტიციები განახორციელა, რომელთა ზუსტი თანხა უცნობია. სწორედ ამან უბიძგა 2007 წელს ლომთაძეს, რომ კიმთან გადასულიყო. კიმმა და ლომთაძემ ერთად Kaspiyskiy-ის რებრენდინგი განახორციელეს და უკვე მომდევნო წელს ბაზარზე Kaspi გამოჩნდა.

მესამე ადამიანი, რომლის სახელიც უკავშირდება Kaspi-ს, ეს კაირატ სატიბალდია, ნაზარბაევის ახლო ნათესავი. მას ხშირად ნაზარბაევის ვაჟად მოიხსენიებენ. სატიბალდი მმართველ პარტიაში წამყვანი ფიგურაა, ის ასევე ქვეყნის ბიზნესკლუბისა და პოლიტიკური ელიტის წევრია.

როგორც სატიბალდი ამბობს, მან თავდაპირველად Kaspi-ში აქციები 2015 წელს შეიძინა და კიმთან და Baring Vostok-თან ერთად კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი მეწილე გახდა. ოფიციალური მონაცემებით, სატიბალდი 2017 წლის დეკემბერში კომპანიაში 30%-იან წილს ფლობდა, მაშინ როდესაც კიმი 21%-ს, ხოლო Baring Vostok-ი 38%-ს. ის კომპანიიდან 2018 წლის 1 ოქტომბერს გავიდა. ეს იგივე პერიოდია, როდესაც კიმი ყიდულობს და გადასცემს ლომთაძეს დაახლოებით 39.9 მლნ აქციას კომპანიაში.

როგორც ლონდონის პოლიტიკური ინსტიტუტის, Chatham House-ის ანალიტიკოსი ქეით მელინსონი ამბობს, ეს ნაბიჯი ერთი ადამიანის მიერ მეორისთვის წილის გადაცემა მხოლოდ მცირედი ახსნა- განმარტებით ტიპური ყაზახური კორპორაციული ქცევაა. “სატიბალდის სახელი წელს ისევ რომ ყოფილიყო კომპანიის აქციონერების სიაში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის ეს წითელი ალამი იქნებოდა. სცენის მიღმა, ნაზარბაევის ოჯახი ფლობს საბანკო სექტორის უდიდეს ნაწილს და სწორედ კაირატ სატიბალდია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი“, განაცხადა Chatham House-ის ანალიტიკოსმა. მისი ვარაუდით, Kaspi ლონდონის ბირჟაზე წარმატებას ვერ მოიპოვებდა, ის სატიბალდის სახელთან რომ ყოფილიყო დაკავშირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.