ყოფილი „ზაკვოს“ შენობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

ყოფილი „ზაკვოს“ შენობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

თბილისში, საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის შენობის დემონტაჟი დაიწყო. როგორც ჩანს, ყოფილი „ზაკვოს“ შენობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი მოეწყობა.

შენობა თიბისი ბანკის მფლობელობაში გახლდათ და ის IG Development-მა გამოისყიდა უდიდესი ქართული ბანკისაგან. ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 130-დან 150-მდე მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მასში საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღი, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზი, სუპერმარკეტები და საოფისე სივრცეები იქნება გაერთიანებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BM.ge ავრცელებს.

მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურულ ნაწილზე კომპანია „არტ სტუდიო“ და არქიტექტორი გიორგი ტვილდიანი ერთობლივად იმუშავებენ. კომპლექსზე მომუშავე დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ამჟამად განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება და არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მიმდინარეობს.

კომპანიის წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ კომპლექსში მაქსიმალურად ეფექტიანად შენარჩუნდება ჯანსაღი გარემო და ტერიტორიაზე 22 000 კვადრატული მეტრის სიდიდის რეკრეაციული სივრცე და 10 000 კვადრატული მეტრის სიდიდის საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა.

როგორც ჩანს, შენობის დემონტაჟს დეველოპერული კომპანია დიდი სიფრთხილით ეკიდება და ის დაახლოებით 9 თვეს გასტანს. გარდა ამისა, ტერიტორიაზე სპეციალური შახტებიც მოეწყობა, სადაც შენობის დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები ჩაიყრება. კომპანიის წარმომადგენლების პროგნოზით, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2026 წლისათვის დასრულდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *