ყვარელში “ღვინის სოფელი” შენდება

ყვარელში “ღვინის სოფელი” შენდება

ყვარელში კომპანია “7S” “ღვინის სოფელს” აშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 3.5 მლნ დოლარია. სოფელი 5 ჰექტარის ფართობზე იქნება გაშენებული.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 50 სახლის აშენება, რომელთაც ექნებათ 400-500 კვ.მ. ფართობის საკუთარი ვენახები.

როგორც პროექტის იდეის ავტორი და კომპანია “7S”-ის დამფუძნებელი გიორგი ბეგაძე ამბობს, სახლების დიზაინი განსხვავებული იქნება, თუმცა ფაქტურები იქნება ერთნაირი – ყველა სახლი იქნება თეთრი და წითელი აგურით გაფორმებული და ქართული კრამიტით გადახურული.

“ღვინის სოფელში ზოგიერთ სახლს ექნება მარანი, ზოგს მხოლოდ – ღვინის შესანახი. მნიშვნელოვანია, რომ ვინც იყიდის ამ კოტეჯს, ის არამხოლოდ დასასვენებელ აგარაკს, არამედ ბიზნესს ყიდულობს და მარტივად შეძლებს უცხოელებზე, airbnb-ზე, booking-ზე განთავსებით გააქირავოს”, – განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

მისივე ინფორმაციით, სახლების დარეზერვება დაწყებულია და ამ ეტაპისთვის 12 მიწის ნაკვეთი დარეზერვებულია.

“ღვინის სოფელი” ყვარლის მუნიციპალიტეტის შესასვლელში შენდება. ბეგაძის განცხადებით, ამ პროექტით მინიმუმ 1 მლნ ლარის ინვესტიციის მოზიდვა გახდება შესაძლებელი: “საწყის თანხას ჩვენ ჩავდებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, შემოვლენ ის ადამიანები, რომლებიც ამ სახლების მესაკუთრეები გახდებიან”.

სახლებისა და მიწის ნაკვეთების ღირებულება 60 000-დან 100 000 დოლარამდეა, ხოლო სახლების ფართობი 60 მ2-დან 120 მ2-მდე მერყეობს.

კომპანია “7S” 2019 წელს დარეგისტრირდა, ყვარლის “ღვინის სოფელი” კომპანიისთვის პირველი პროექტია.

წყარო: bm.ge