შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) მიმდინარეობს, რომელსაც წლევანდელ ზამთრის სესიაზე პოლიტიკური და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების რეკორდული რაოდენობა ესწრება. 2023 წლის WEF-ის მთავარი თემა „ფრაგმენტულ სამყაროში თანამშრომლობაა“. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 16 იანვარს დაიწყო და 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
მიმდინარე წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მოსალოდნელი რეცესიის მოლოდინი გასდევს თან, ამის პარალელურად კი ფორუმის დაწყებამდე ჩატარებული კვლევები მთავრობებსა და ბიზნესებს 2023 წლის შესაძლო გამოწვევებზე აფრთხილებს. „დიდი ოთხეულის“ წარმომადგენლის, სააუდიტორო კომპანია PwC-ის მიერ ჩატარებული „აღმასრულებელი დირექტორების დამოკიდებულების გამოკითხვა“, მისი ისტორიის, შესაბამისად, ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე პესიმისტური აღმოჩნდა.
როგორც ჩანს, 2021 და 2022 წლების ოპტიმისტური პროგნოზები 2023 წლისთვის რადიკალურად შეიცვალა. PricewaterhouseCoopers-ის კვლევის თანახმად, კომპანიების 2007-2008 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, სამომავლო ზრდის მიმართ ყველაზე დიდი პესიმიზმით სწორედ წელს გამოირჩევიან. მსოფლიოში აღმასრულებელი დირექტორების 73% მომავალი 12 თვის განმავლობაში გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირებას ვარაუდობს. მათ დამოკიდებულებას მზარდი ინფლაცია, მაკროეკონომიკური არასტაბილურობა და გეოპოლიტიკური კონფლიქტები განაპირობებს.
ორგანიზატორების განცხადებით, ალპურ საკურორტო ქალაქში გამართულ ღონისძიებას 130 ქვეყნიდან 2,700-ზე მეტი ლიდერი დაესწრება, მათ შორის – 52 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური. აღსანიშნავია, რომ G7-ის ლიდერებისგან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ერთადერთია, რომელიც ფორუმს ესწრება.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა ფორუმზე გამგზავრების ნაცვლად ქვეყანაში დარჩა – როგორც თავადვე განაცხადა, მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის მოსაგვარებლად. ფორუმზე არ იქნება რუსეთი, თუმცა უკრაინა, რომელიც შარშანდელ სამიტზე დომინირებდა, კიდევ ერთი მაღალი დონის დელეგაციითაა წარმოდგენილი, ომთან დაკავშირებით კი დანიშნულია რამდენიმე სესიაც.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ქრისტინ ლაგარდი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი ლიუ ჰე.
მათ გარდა კი ფორუმზე დამსწრეებს შორისაა 600-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი, მათ შორის Wall Street-დან, როგორიცაა JP Morgan-ის ჯეიმი დაიმონი, დევიდ სოლომონი Goldman Sachs-იდან და Morgan Stanley-ის ჯეიმს გორმანი.
კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ მებრძოლი შვედი აქტივისტის გრეტა ტუნბერგის დავოსში დასწრების სტატუსიც განხილვის მწვავე თემად იქცა. ტუნბერგის სპონსორობით დაწყებული “cease and desist”-კამპანია უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებიდან მოყოლებული, ნავთობკომპანიები მზარდ ზეწოლას განიცდიან ეკოაქტივისტების მხრიდან, რომლებიც მათ კლიმატური დებატების „გატაცებაში“ სდებენ ბრალს.
კლიმატური კრიზისის გარდა, მიმდინარე წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განსახილველ თემებს შორის იქნება გლობალური სასურსათო და ცხოვრების ღირებულების კრიზისი. WEF-ის ექსპერტები 2023 წელს „პოლიკრიზისულ წელს“ უწოდებენ, როდესაც კაცობრიობის წინაშე არსებული ყველა პრობლემა ერთმანეთზე უფრო მეტად გადაჯაჭვული და, შესაბამისად, რთულად გადასაჭრელი აღმოჩნდება.
ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, ფორუმის დღის წესრიგის გარეთ არ დარჩენილა უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც უკვე მეთერთმეტე თვეა, გრძელდება. რუსეთის უკრაინაში შეჭრა მთავარი თემა იყო WEF-ის არაგეგმურად დანიშნულ შეხვედრაზე, რომელიც მაისში, უკრაინის ტერიტორიაზე პირველი დარტყმებიდან სამი თვის შემდეგ გაიმართა. უკრაინაში მიმდინარე ომი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, რომელიც გავლენას ახდენს არა მარტო უკრაინაზე, არამედ გლობალურ უსაფრთხოებაზე, თავდაცვის პოლიტიკაზე, მსოფლიოს ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებაზე.
კიდევ ერთი საინტერესო საკითხი კი ინგლისურ კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირდება. მიმდინარე კვირაში, დავოსის მთავარ ქუჩაზე პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბის თვალისმომჭრელი მაღაზიები გამოჩნდა, რომლებიც, კლუბის მტკიცებით, მხოლოდ პარტნიორებისა და კლიენტების გასართობადაა წარმოდგენილი და არა მყიდველების მოსაზიდად. თუმცა, როგორც ნოემბერში გახდა ცნობილი, 17-წლიანი მფლობელობის შემდგომ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი გლეიზერების ოჯახი ინგლისური კლუბის გაყიდვას, ანდაც გარე ინვესტიციის მოძიებას განიხილავს.