Photo by Money Knack on Unsplash
სახელმწიფო ვალი (ინგლისურად Public debt) არის ქვეყნის მთავრობის, ცენტრალური ბანკისა და მთავრობის გარანტიებით კერძო სექტორის მიერ აღებული ვალების ჯამი. აქედან, მთავრობის ვალი არის მთავრობის მიერ საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად აღებული სესხების დაუფარავი ნაწილი. მთავრობა ვალს იღებს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შემოსავალზე მეტია. სახელმწიფო ვალის სიდიდე, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ტვირთი, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ გამოითვლება პროცენტულად.
ხშირ შემთხვეევაში, უბრალოდ დიდი სამთავრობო ვალი არ ნიშნავს მძიმე სასესხო ვალდებულებას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ვალის ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებით დათვლა. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ სახელმწიფოების რეიტინგს, რომელთაც 2026 წლის მონაცემებით ყველაზე დიდი სამთავრობო ვალი აქვთ. მონაცემები აღებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშიდან.
სესხის ღირებულებით, ყველაზე დიდი სამთავრობო ვალი შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ის მთავრობის ვალის ღირებულება $40.7 ტრილიონს აჭარბებს. აღნიშნული ვალი ღირებულებით რეიტინგის მომდევნო 4 ქვეყნის ჯამურ ვალსაც აღემატება. თუმცა თუკი აშშ-ის ვალს ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებით გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ის ამ რეიტინგში იაპონიის, სინგაპურის, იტალიისა და საბერძნეთის მაჩვენებლებსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება. აშშ-ის მთავრობის ვალი ქვეყნის მშპ-ის 126%-ს შეადგენს.
აშშ-ის უპირატესობა მსოფლიოს ძირითადი სარეზერვო ვალუტის გამოშვებაა, რაც დოლარში დენომინირებულ აქტივებზე გლობალური მოთხოვნის შენარჩუნებას უწყობს ხელს. აშშ-ის სახაზინო ფასიანი ქაღალდები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციად მიიჩნევა.
| რეიტინგი | ქვეყანა | ვალის მოცულობა (მილიარდი $) |
| 1 | აშშ | 40,739 |
| 2 | ჩინეთი | 22,290 |
| 3 | იაპონია | 8,951 |
| 4 | გაერთიანებული სამეფო | 4,418 |
| 5 | საფრანგეთი | 4,258 |
| 6 | იტალია | 3,790 |
| 7 | გერმანია | 3,523 |
| 8 | ინდოეთი | 3,464 |
| 9 | კანადა | 2,776 |
| 10 | ბრაზილია | 2,544 |
| 11 | ესპანეთი | 2,054 |
| 12 | მექსიკა | 1,330 |
| 13 | სინგაპური | 1,134 |
| 14 | ავსტრალია | 1,075 |
| 15 | სამხრეთი კორეა | 1,050 |
ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებით მთავრობის ვალის ზომით იაპონია რეიტინგის სათავეში იმყოფება. ქვეყნის მთავრობის ვალი მშპ-ის 204%-ს შეადგენს, თუმცა იაპონიის კარგად გამართული ფინანსური ეკოსისტემა მთავრობას ბაზრებისა და ვალის მდგრადობის შენარჩუნებაში ეხმარება.
იაპონიის შემდეგ რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო, სინგაპური იმყოფება. სინგაპურის მთავრობის ვალის მშპ-თან მიმართება 171.9%-ს შეადგენს. რეიტინგის მესამე პოზიციას კი სუდანი იკავებს, რომლის მთავრობის ვალის ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართება 169%-ია. რეიტინგში მეოთხე ადგილს კი 152%-იანი მაჩვენებლით ბაჰრეინი იკავებს.
ცნობისათვის, მხოლოდ მთავრობის ვალის მშპ-თან მიმართება არ არის გლობალური ფინანსური ბაზრების მთავრობების მიმართ ნდობის ერთადერთი ინდიკატორი. შესაბამისად, კონკრეტული ქვეყნების მთავრობებისთვის გაცემული ვალის მოცულობა ცალკე აღებულად აღნიშნულს არ განაპირობებს.
ვალის გაცემის დროს გლობალური ფინანსური ინსტიტუტები ისეთ ცვლადებს ითვალისწინებენ, როგორებიცაა ფისკალური მაჩვენებლები, საკრედიტო რეიტინგი, პოლიტიკური სტაბილურობა და ფინანსებთან წვდომა. შესაბამისად, ზოგიერთი ქვეყნებისათვის სამთავრობო ვალის აღება უფრო დიდ წინაღობას წარმოადგენს.
| რეიტინგი | ქვეყანა | ვალის მშპ-თან მიმართება (%) |
| 1 | იაპონია | 204.4% |
| 2 | სინგაპური | 171.9% |
| 3 | სუდანი | 169.1% |
| 4 | ბაჰრეინი | 152.4% |
| 5 | იტალია | 138.4% |
| 6 | საბერძნეთი | 136.9% |
| 7 | სენეგალი | 132.3% |
| 8 | მალდივები | 129.4% |
| 9 | აშშ | 125.8% |
| 10 | უკრაინა | 122.6% |
| 11 | ბუტანი | 120.3% |
| 12 | სენტ-ვინსენტი და გრენადინები | 120.1% |
| 13 | საფრანგეთი | 118.4% |
| 14 | კანადა | 110.7% |
| 15 | ბელგია | 109.2% |

















