CB Insights-ი ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპების რეიტინგს აქვეყნებს. ანალიტიკური კომპანიის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი ჩინური ByteDance-ი გახლავთ. სოციალური პლატფორმა TikTok-ის მფლობელი ByteDance-ის ღირებულება $225 მილიარდს შეადგენს. TikTok-ის გარდა, ჩინური სტარტაპი პლატფორმა Toutiao-საც ფლობს, რომელიც მანქანური სწავლების მექანიზმს იყენებს.
მეორე ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპის სტატუსი ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა დაიმსახურა. SpaceX-ის ღირებულება, CB Insights-ის მონაცემებით, 150 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე პოზიციაზე კი კვლავ ჩინური ტანსაცმლის საცალო სავაჭრო კომპანია Shein-ი იმყოფება, რომელიც $66 მილიარდადაა შეფასებული.
ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპების ხუთეულის ბოლო ორ პოზიციას ამერიკული კომპანიები იკავებენ. მე-4 პოზიციაზე $50-მილიარდიანი შეფასებით ფინტექ-კომპანია Stripe-ი გვხვდება, მე-5 პოზიციაზე კი $43 მილიარდად შეფასებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Databricks-ი იმყოფება.
8 ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპის სიაში ერთადერთი არაამერიკული და არაჩინური კომპანია ბრიტანული Revolut-ი გახლავთ. ფინტექ და ნეობანკ-კომპანია Revolut-ი $33-მილიარდიანი შეფასებით მე-6 პოზიციას იკავებს. მე-7 პოზიციაზე გართობის ინდუსტრიის კიდევ ერთი მსხვილი წარმომადგენელი, თამაშების ამერიკული მწარმოებელი Epic Games-ია წარმოდგენილი. ის $31.5 მილიარდადაა შეფასებული. CB Insights-ის მიერ შედგენილ რეიტინგს კი მე-8 ადგილით ამერიკული ტანსაცმლის საცალო სავაჭრო კომპანია Fanatics-ი ხურავს, რომლის ღირებულებაც $31 მილიარდია.
CB Insights-ის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში 1,200-მდე უნიქორნ (კომპანია, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდს აჭარბებს) სტარტაპი არსებობდა.
რეიტინგი | სტარტაპი | ქვეყანა | ღირებულება |
1 | ByteDance | ჩინეთი | $225.0 მილიარდი |
2 | SpaceX | აშშ | $150.0 მილიარდი |
3 | Shein | ჩინეთი | $66.0 მილიარდი |
4 | Stripe | აშშ | $50.0 მილიარდი |
5 | Databricks | აშშ | $43.0 მილიარდი |
6 | Revolut | დიდი ბრიტანეთი | $33.0 მილიარდი |
7 | Epic Games | აშშ | $31.5 მილიარდი |
8 | Fanatics | აშშ | $31.0 მილიარდი |