ყველაზე მეტი ბიზნესსუბიექტი თბილისში რეგისტრირდება

ყველაზე მეტი ბიზნესსუბიექტი თბილისში რეგისტრირდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 3 906 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.2% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 2.8% – არასამეწარმეო სუბიექტი. იანვარში წინა თვესთან შედარებით, სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 0.9%-ით შემცირდა.

მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.3%-ით, გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 48.6.0%-ით შემცირდა.

არასამეწარმეო სუბიექტებს წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

იანვარში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (1 646 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 42.1%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (2 126 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 54.4%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 96.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე პერიოდში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 108 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 6 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 9 სააქციო საზოგადოება, 10 კოოპერატივი და 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

2018 წლის იანვარში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობის მიხედვით გამოიყო ტერიტორიული ერთეულების ტოპ ათეული და გამოვლინდა აღნიშნული მონაცემების ზრდა/კლების ტენდენცია წინა თვესთან და წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.