ყველაზე პოპულარული AI-ინსტრუმენტები

ყველაზე პოპულარული AI-ინსტრუმენტები

ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით ბოლო წლებში გაიზარდა, მრავალი AI-ინსტრუმენტის განვითარების მიუხედავად კი, კვლევებიც ცხადყოფს, რომ ყველაზე დიდი პოპულარობით მომხმარებელში კვლავ ChatGPT-ი სარგებლობს. writerbuddy.ai-ს უახლეს ანგარიშზე დაყრდნობით, OpenAI-ის უფასო ჩატბოტს, მხოლოდ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს პერიოდში, AI-ინსტრუმენტების საერთო ტრაფიკის 60% ეკავა – ჯამში 14 მილიარდი ვიზიტით.

მთლიანობაში, writerbuddy.ai-ის კვლევით, აღნიშნულ პერიოდში AI-ინსტრუმენტებზე ვიზიტთა რაოდენობამ 24 მილიარდს მიაღწია. ორგანიზაციის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის საშუალო თვიური ტრაფიკი 236.3 მილიონი ვიზიტით გაიზარდა. ყველაზე პოპულარული კი ChatGPT-ი იყო, რომელსაც, WriterBuddy-ის ანგარიშით, მეორე ადგილზე ჩატბოტი Character AI მოჰყვებოდა – ჯამში, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტომდე, 3.8 მილიარდი ვიზიტით, შემდეგია QuillBot-ი (1.1 მილიარდი), სურათების გენერატორი MidJourney (500.4 მილიონი) და Hugging Face-ი (316.6 მილიონი).

Bard-ი, ChatGPT-თან კონკურენციისთვის Google-ის მიერ შექმნილი ჩატბოტი, მხოლოდ მეექვსე ადგილზეა, 241.6 მილიონი ვიზიტით. ანგარიშის ათეულში კი, ტრაფიკის მოცულობით, ასევე მოხვდნენ: AI-ის საწერი ინსტრუმენტი NovelAI, 238.7 მილიონი ვიზიტით, ვიდეოგენერატორი CapCut-ი (203.8 მილიონი), ჩატბოტი JanitorAI (192.4 მილიონი) და სურათების გენერატორი Civitai (177.2 მილიონი).

როგორც კვლევებით დადგინდა, ამ პერიოდში AI-ინსტრუმენტების მომხმარებელთა უმეტეს ნაწილს – 69.5%-ს მამაკაცები შეადგენდნენ, ქალებს კი მხოლოდ დარჩენილი 30.5% ეკავათ. ეს განსხვავება ასახავს გენდერული ნიშნით განსხვავებას ხელოვნური ინტელექტის სექტორში დასაქმებულთა შორის, რომელთა უმრავლესობა სწორედ მამაკაცია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უახლესი მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართუელებით დასაქმებულთა შორის ქალთა წილი მხოლოდ 22%-ია.

რაც შეეხება გეოგრაფიულ განსხვავებას, მთლიანობაში, ტრაფიკის უდიდესი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდიოდა – 22.62%, ჯამში 5.5 მილიარდი ვიზიტით. მეორე ადგილზე კი ინდოეთია, 8.52%-ითა და 2.1 მილიარდი ვიზიტით, რომელსაც ინდონეზია მოსდევს – 1.4 მილიარდი ვიზიტით. ევროპული ქვეყნების ჯამური ვიზიტების რაოდენობამ კი 3.9 მილიარდს მიაღწია.

SEMrush-ის გამოყენებით, writerbuddy.ai-მა რეიტინგისთვის ხელოვნური ინტელექტის 3 ათასამდე ინსტრუმენტი შეისწავლა და მათგან 50 ყველაზე პოპულარული დაასახელა. ვიზიტორთა რაოდენობით შერჩეული ტოპ-50, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტომდე, AI-ინდუსტრიის საერთო ტრაფიკის 80%-ს შეადგენდა.

writerbuddy.ai: ყველაზე პოპულარული AI-ინსტრუმენტების ათეული:

  1. chat.openai.com – 14.6 მილიარდი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 60.17%
  2. character.ai – 3.8 მილიარდი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 15.77%
  3. quillBot.com – 1.1 მილიარდი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 4.68%
  4. midJourney.com – 500.4 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 2.06%
  5. huggingFace.co – 316.6 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 1.31%
  6. bard.google.com – 241.6 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 1%
  7. novelai.net – 238.7 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 0.98%
  8. capcut.com – 203.8 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 0.84%
  9. janitorai.com– 192.4 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 0.79%
  10. civitai.com– 177.2 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 0.73%

ქვეყნების მიხედვით ვიზიტთა რაოდენობა კი შემდეგნაირად ნაწილდება:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები – 5.5 მილიარდი ვიზიტი
  2. ინდოეთი – 2.1 მილიარდი ვიზიტი
  3. ინდონეზია – 1.4 მილიარდი ვიზიტი
  4. ფილიპინები – 1.3 მილიარდი ვიზიტი
  5. ბრაზილია – 1.3 მილიარდი ვიზიტი
  6. გაერთიანებული სამეფო – 665 მილიონი ვიზიტი
  7. იაპონია – 642 მილიონი ვიზიტი
  8. გერმანია – 630 მილიონი ვიზიტი
  9. მექსიკა – 579 მილიონი ვიზიტი
  10. კანადა – 534 მილიონი ვიზიტი