აშშ ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებზე განმეორებით შეტევებს ამზადებს

აშშ ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებზე განმეორებით შეტევებს ამზადებს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის განცხადებით, აშშ ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებზე განმეორებით შეტევებს ამზადებს. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-მა თეირანთან აფილირებულ დაჯგუფებებზე ერაყში, სირიასა და იემენში ათობით თავდასხმა განახორციელა და 100-ზე მეტი სამხედრო სამიზნე გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე პროირანული დაჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. აღნიშნული თავდასხმის საპასუხოდ აშშ-მა მოკავშირეებთან ერთად ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების სამხედრო ობიექტები დაბომბა.

ერაყსა და სირიაში აშშ-მა გამანადგურებლებით 80-მდე სამიზნეზე მიიტანა იერიში. გუშინ კი ბრიტანეთთან ერთად იემენში ჰუსიტების დამატებით 36 სამხედრო ობიექტი გაანადგურა. თუმცა, როგორც ჩანს, ჯო ბაიდენი ამაზე შეჩერებას არ აპირებს და პროირანული ძალების შესაძლებლობების მნიშვნელოვნად შესუსტებას ისახავს მიზნად. აშშ-ის განმეორებით თავდასხმებს პრევენციული ხასიათი ექნება.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის მიერ პრესასთან გაკეთებული კომენტარის თანახმად, შტატები დამატებითი თავდასხმების განხორციელებას განიზრახავს, რათა გაიგზავნოს მკაფიო მესიჯი, რომ აშშ პასუხს გასცემს, როდესაც თავს დაესხმებიან და როდესაც ამერიკელები იღუპებიან.

საინტერესოა, რომ პროირანული დაჯგუფებების მიერ ამერიკულ ბაზებზე თავდასხმამ გასული წლის 7 ოქტომბერს ახლო აღმოსავლეთში დაწყებული დაძაბულობის განვითარებაში ახალი ნაპერწკალი შეიტანა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთხელ გაემგზავრა. ამერიკის პირველი დიპლომატი კიდევ ერთხელ შეეცდება კონფლიქტი დიპლომატიური გზებით მოაგვაროს. პროპალესტინური დაჯგუფებები რეგიონში ძალადობრივ აქტივობებს კვლავ განაგრძობენ. „ჰეზბოლა“ ისრაელის მიმართულებით თავდასხმებს ლიბან-ისრაელის საზღვარზე თითქმის ყოველდღე ახორციელებს. ერაყში არსებული პროირანული დაჯგუფებები სირიასა და ერაყში თავს ამერიკულ სამხედრო ბაზებს ესხმიან. ჰუსიტები კი კვლავ განაგრძობენ წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმას, რაც გლობალურ ვაჭრობას ყოველდღიურად მილიარდობით დოლარის ზარალს აყენებს. შესაბამისად, აშშ-ის, როგორც დაძაბულობის დასრულებაში ლოკომოტივის როლი, რეგიონში დღითიდღე იზრდება.

ენტონი ბლინკენი კონფლიქტის დაწყებიდან რეგიონში მისი მეხუთე ვიზიტის ფარგლებში საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, კატარსა და ისრაელს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, მის ვიზიტს ორი მთავარი მიზანი ექნება. ერთი „ჰამასთან“ ტყვეთა გაცვლის საკითხებზე პოზიციების დაახლოება იქნება, მეორე კი ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებაა. მოგეხსენებათ, საუდის არაბეთი და ისრაელი ურთიერთობების ოფიციალურად ნორმალიზებასთან   ახლოს იყვნენ, თუმცა კონფლიქტის დაწყების შემდეგ საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საკითხის დღის წესრიგში დაბრუნებას ეცდება.

საინტერესოა ისიც, რომ რეგიონში არსებულ დაძაბულობაში პირდაპირ ჩართულობისაგან თავს იკავებს ირანი. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები კონფლიქტში აქტიურად არიან ჩართულნი, თავად ირანი ესკალაციაში ჩართვას ერიდება. ჯეიკ სალივანმა უარი განაცხადა დაეკონკრეტებინა, მიიტანს თუ არა იერიშს აშშ სამხედრო ობიექტებზე უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე. მისი განმარტებით, აშშ-ს ირანთან ომი არ სურს. თეთრ სახლში კი სჯერათ, რომ აშშ-სთან ომი არც ირანში სურთ. თუმცა, მისივე განცხადებით, პარასკევის თავდასხმები პროირანულ ძალებზე პასუხის მხოლოდ დასაწყისი იყო.

ჯეიკ სალივანმა დააზუსტა ისიც, რომ აშშ-ის ქმედებების ნაწილი ღია არ იქნება, რადგან ეს არ გახლავთ მკაფიოდ ღია სამხედრო კამპანია. შესაბამისად, აშშ-ის პასუხი არასამხედრო კომპონენტსაც მოიაზრებს.

შაბათს, აშშ-ისა და ბრიტანეთის ერთობლივი თავდასხმის შედეგად იემენში იარაღის საწყობები, სარაკეტო გამშვები დანადგარები და სარაკეტო სისტემები განადგურდა. აშშ-ის თავდასხმების საპასუხოდ ქმედებების შესახებ მუქარა ჰუსიტების სამხედრო პრესსპიკერმა იაჰია სარეამაც გააჟღერა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ერაყიდან აშშ-ის სამხედრო ბაზების საბოლოოდ გასვლის შესახებაც. გასულ თვეს ერაყისა და აშშ-ის მთავრობებმა ამ პროცესის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. ცნობისათვის, ერაყში ამჟამად მისიით 2,500-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება.