ყველაზე პოპულარული ტურები ქართველი მოგზაურებისთვის

ყველაზე პოპულარული ტურები ქართველი მოგზაურებისთვის

საქართველოში შიდა ტურების რაოდენობა გაზრდილია, – ამის შესახებ 200-მდე გამოკითხული ტურისტული კომპანიის 45.5% მიუთითებს, ხოლო 50%-მა აღნიშნა, რომ გაიზარდა შიდა ტურისტების რაოდენობაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შემომყვანი ტუროპერატორების 62.1% მიიჩნევს, რომ გაიზარდა ტურების რაოდენობა, ხოლო 63.6% საუბრობს გაზრდილი შემომყვანი ტურისტების რაოდენობაზეც. გამყვანი ტურების რაოდენობა გაიზარდა გამოკითხულთა 65.4%-სთვის, 66.7%-მა კი აღნიშნა, რომ გაზრდილია გამყვანი ტურისტების რაოდენობაც.

კვლევის მიხედვით, ყველაზე გაყიდვადი შიდა ტურები თბილისი, ბათუმი და სიღნაღია. რაც შეეხება ტურისტულ ობიექტებს, ამ შემთხვევაში მუზეუმებიდან ეთნოგრაფიული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სტალინის მუზეუმი ლიდერობს. დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე პოპულარული ბორჯომის დაცული ტერიტორია, პრომეთე და მარტვილის კანიონია. 

შემომყვან ტურებში თბილისში ყველაზე პოპულარული მიმართულება ძველი თბილისი, ნარიყალა და მთაწმინდაა. გამოკითხული შემომყვანი ტურისტული კომპანიები აცხადებენ, რომ ყველაზე ხშირად მათ ერთი კვირის ხანგრძლივობის ტურები აქვთ, – 126-მა კომპანიამ განაცხადა რომ ტურები სწორედ ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. 72-მა კომპანიამ განაცხადა, რომ ტურები ხანგრძლივია და 1 კვირას აღემატება, 60-მა კომპანიამ განაცხადა რომ ტურები ღამისთევითია, ხოლო 69 ამბობს რომ ტურები ერთდღიანია.

შემომყვან ტურიზმში ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება კულტურულ და ღვინის ტურებზე, შიდა ტურიზმში კი – ღვინის და კულტურულ ტურებზე. 

რაც შეეხება გამყვანი ტურების კატეგორიებსა და ხანგრძლივობას – ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება საზღვაო და საექსკურსიო ტურებზე. 

გამოკითხული 83 კომპანია ამბობს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა საზღვაო ტურებზეა, 70 ამბობს, რომ მოთხოვნა ყველაზე მაღალი საექსკურსიო ტურებზეა, ხოლო 36 ამბობს, რომ სათხილამურო ტურებზე. 32 კომპანია ამბობს. რომ მაღალი მოთხოვნაა საკრუიზო ტურებზე, 23 კი ამბობს რომ მოთხოვნა ყველაზე მაღალი პილგრიმულ ტურებზეა. ე.წ. Mice ტურიზმს პრიორიტეტულად გამოკითხული 22 კომპანია ასახელებს, 20 ტბის ტურებს, ხოლო კომბინირებულს კი 4 კომპანია. 

გამყვანი ტურიზმისთვის ყველაზე მოთხოვნადი ბაზარი თურქეთია – გამოკითხული 46 კომპანია ყველაზე პოპულარულად სწორედ თურქეთს ასახელებს. მას მოსდევს ეგვიპტე (44 კომპანია) და იტალია (21 კომპანია). მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი (12 კომპანია), ესპანეთი (11 კომპანია), უნგრეთი (10 კომპანია), დუბაი (9 კომპანია) და გერმანია (8 კომპანია).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *