ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე 10 ქვეყანა

ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე 10 ქვეყანა

ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მქონე ქვეყნებს შესახებ ბოლო სტატია 2019 წელს გამოვაქვეყნეთ. 2020 წელს, პანდემიის გამო, ქვეყნების ეკონომიკა ძირითადად შემცირდა. 2021 წლიდან ქვეყნების ნაწილი ზრდას დაუბრუნდა, თუმცა ზრდის მთავარი მიზეზი 2020 წელს პანდემიის გამო „ჩაკეტილი“ ეკონომიკების გახსნა იყო. 2022 წელს მსოფლიოს 174 ქვეყანაში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა, თუმცა ეს ზრდაც გარკვეულწილად პოსტპანდემიური იყო, რადგან პანდემიის გავლენა 2021 წელსაც მაღალი იყო.

2023 წლის ზრდას უკვე აღარ უკავშირდება პანდემიის გამო ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის კომპენსირება და, შესაბამისად, საინტერესოა, წელს რომელი ქვეყნების ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად და რა არის ზრდის მთავარი მიზეზები. სტატიაში მონაცემთა წყაროდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებლებია გამოყენებული, რომელმაც ქვეყნების ეკონომიკური ზრდის 2023 წლის პროგნოზი დაახლოებით ერთ თვის წინ განაახლა. ამიტომ პროგნოზები ახლოსაა 2023 წლისთვის მოსალოდნელ რეალურ რიცხვებთან.

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ე.წ. საბაზისო მდგომარეობაც თამაშობს: ღარიბ ქვეყანაში უფრო იოლია მაღალი ზრდის მიღწევა, ვიდრე მდიდარ ქვეყანაში და ეს გამოუყენებელი რესურსების, დაბალი შიდა კონკურენციისა და კაპიტალზე შედარებით მაღალი სარგებლიანობის გამო ხდება.

10. ინდოეთი

მოსახლეობა: 1.4 მლრდ

მშპ: 3,732 მლრდ დოლარი

მშპ ერთ მოსახლეზე: 2,600 დოლარი (9,200 PPP დოლარი)

ფოტო: Vidur Malhotra

2023 წელს ინდოეთის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზრდება. 2020 წელს, პანდემიის გამო, ინდოეთის ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა, 2021-2023 წლებში კი წლიურად საშუალოდ 7.5%-ით გაიზარდა. სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის ინდოეთის ეკონომიკის 6.3%-ით ზრდას პროგნოზირებს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ეკონომიკა ნორმალური ტემპით იზრდება, მაინც ღარიბი ქვეყანაა, ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 127-ე ადგილზეა. ეკონომიკის ზრდასთან ერთად ქვეყნის მოსახლეობის რიცხვიც სწრაფად იზრდება, რაც ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის ზრდის ტემპს ანელებს.

ინდოეთის ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რამაც 2022 წელს 85 მლრდ დოლარი შეადგინა. ინვესტიციებს ძირითადად დიდი შიდა ბაზარი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო იზიდავს, სადაც ჯამური ინვესტიციების 25% მიემართა. გასულ წელს ინდოეთში ინვესტიციები განახორციელეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა „გუგლი“ და „მეტა“. ინდოეთის იაფი მუშახელი მიმზიდველია ინვესტორებისთვის.

9. ტაჯიკეთი

მოსახლეობა: 10 მლნ

მშპ: 12 მლრდ დოლარი

მშპ ერთ მოსახლეზე: 1,200 დოლარი (5,400 PPP დოლარი)

ფოტო: asia-today.news

2023 წელს ტაჯიკეთის ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება. 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, ტაჯიკეთის ეკონომიკა არ შემცირდა, პირიქით, 4.4%-ით გაიზარდა, 2021-2023 წლებში კი წლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდებოდა. სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის ტაჯიკეთის ეკონომიკის 5%-ით ზრდას პროგნოზირებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ტაჯიკეთის ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდება, მაინც ღარიბი ქვეყანაა, ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 149-ე ადგილზეა.

2022-2023 წლებში ტაჯიკეთის ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი რუსული ფული გახდა. რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაიზარდა რუსი მიგრანტების რაოდენობა ტაჯიკეთში და ტაჯიკეთ-რუსეთს შორის ვაჭრობა. 2022 წელს ტაჯიკეთის მიერ ფულადი გზავნილებით მიღებულმა თანხამ (ძირითადად რუსეთიდან) ეკონომიკის 32% შეადგინა, ქვეყანამ 3.2 მილიარდი დოლარი მიიღო.

8. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

მოსახლეობა: 100 მლნ

მშპ: 68 მლრდ დოლარი

მშპ ერთ მოსახლეზე: 680 დოლარი (1,500 PPP დოლარი)

ფოტო: Carlos Braga

2023 წელს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (კდრ) ეკონომიკა 6.7%-ით გაიზრდება. 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, კდრ-ის ეკონომიკა არ შემცირდა, პირიქით, 1.7%-ით გაიზარდა, 2021-2023 წლებში კი წლიურად საშუალოდ 7.3%-ით იზრდებოდა. სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის კდრ-ის ეკონომიკის 4.7%-ით ზრდას პროგნოზირებს. მიუხედავად იმისა, რომ კდრ-ის ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდება, მაინც ღარიბი ქვეყანაა. ეკონომიკის ზრდასთან ერთად ქვეყნის მოსახლეობის რიცხვიც სწრაფად იზრდება, რომელმაც ბოლო 5 წელში 15 მლნით (18%-ით) მოიმატა. ერთ მოსახლეზე შემოსავლით კდრ მსოფლიოში 188-ე ადგილზეა. მასზე ღარიბი მსოფლიოში მხოლოდ 3 ქვეყანაა (ბურუნდი, სამხრეთი სუდანი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა).

2022-2023 წლებში კდრ-ის ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი ბუნებრივი რესურსები მოპოვების ზრდაა. ქვეყანა მდიდარია სპილენძის, კობალტის, ოქროს, თუთიის, კალის და სხვა ლითონების მადნებით.

7. მოზამბიკი

მოსახლეობა: 34 მლნ

მშპ: 22 მლრდ დოლარი

მშპ ერთ მოსახლეზე: 650 დოლარი (1,600 PPP დოლარი)

ფოტო: DX-World

2023 წელს მოზამბიკის ეკონომიკა 7%-ით გაიზრდება. 2020 წელს, პანდემიის გამო, მოზამბიკის ეკონომიკა 1.2%-ით შემცირდა, 2021-2023 წლებში კი წლიურად საშუალოდ 4.5%-ით იზრდებოდა. სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის მოზამბიკის ეკონომიკის 5%-ით ზრდას პროგნოზირებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ნორმალური ტემპით იზრდება, მოზამბიკი მაინც ღარიბი ქვეყანაა. ეკონომიკის ზრდასთან ერთად ქვეყნის მოსახლეობის რიცხვიც სწრაფად იზრდება, რომელმაც ბოლო 5 წელიწადში 4.5 მლნ-ით (15%-ით) მოიმატა. ერთ მოსახლეზე შემოსავლით მოზამბიკი მსოფლიოში 186-ე ადგილზეა.

2022-2023 წლებში მოზამბიკის ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორები ბუნებრივი აირის მოპოვების ზრდა, სოფლის მეურნეობისთვის შედარებით ხელსაყრელი ამინდი (წვიმები) და მომსახურების სექტორის ზრდაა.

6. სომხეთი

მოსახლეობა: 3 მლნ

მშპ: 25 მლრდ დოლარი

მშპ ერთ მოსახლეზე: 8,300 დოლარი (19,800 PPP დოლარი)

ფოტო: Hovik Charkhchyan

2023 წელს სომხეთის ეკონომიკა 7%-ით გაიზრდება. 2020 წელს, პანდემიისა და აზერბაიჯანთან ომის გამო, სომხეთის ეკონომიკა 7.2%-ით შემცირდა, 2021-2023 წლებში კი წლიურად საშუალოდ 8.4%-ით გაიზარდა. სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის სომხეთის ეკონომიკის 5%-ით ზრდას პროგნოზირებს. ერთ მოსახლეზე შემოსავლით სომხეთი მსოფლიოში 81-ე ადგილზეა.

2022-2023 წლებში სომხეთის მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი (ისევე, როგორც საქართველოში) რუსეთ-უკრაინის ომის გამო სომხეთში საცხოვრებლად ჩასული ათიათასობით რუსი ემიგრანტია, რასაც შედეგად რუსეთიდან ფულადი გზავნილებისა და რუსული კაპიტალის შემოდინების მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა. 2021 წელს სომხეთში 2.1 მლრდ დოლარი გადაირიცხა სხვა ქვეყნებიდან, 2022 წელს კი – 5.2 მლრდ, საიდანაც 3.6 მლრდ რუსეთის წილი იყო.

5. ფიჯი

მოსახლეობა: 1 მლნ

მშპ: 5.5 მლრდ დოლარი

მშპ ერთ მოსახლეზე: 6,000 დოლარი (16,600 PPP დოლარი)

ფოტო: Dmitry Malov/Alamy

2023 წელს ფიჯის ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება. პანდემიის გამო, ფიჯის ეკონომიკა ძალიან დაზარალდა, რადგან ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია. 2020 წელს 17%-ით შემცირდა, ხოლო 2021 წელს – 5%-ით. თუმცა როგორც კი პანდემიისგან შეჩერებულმა ტურიზმმა აღდგენა დაიწყო, ფიჯის ეკონომიკაც სწრაფად გაიზარდა,

2022-2023 წლებში ჯამში 29%-ით. სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის ფიჯის ეკონომიკის 4%-ით ზრდას პროგნოზირებს. ერთ მოსახლეზე შემოსავლით ფიჯი მსოფლიოში 95-ე ადგილზეა. ფიჯის ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი 2023 წელსაც ტურიზმია. ფიჯიში ტურისტებს ძირითადად ოკეანის საოცარი სანაპირო იზიდავთ, თეთრი ქვიშით, პალმებით და ძალიან სუფთა წყლით. ასევე საინტერესოა ტროპიკული ტყეები და სოფლები მრგვალი ქოხებით. ფიჯიში ტროპიკული კლიმატია, ყველაზე ცივ პერიოდშიც კი ტემპერატურა საშუალოდ 22 გრადუსია. ტურიზმის გარდა, ფიჯის ეკონომიკურ ზრდას ემიგრანტების გზავნილებიც აძლიერებს.

4. სამოა

მოსახლეობა: 200 ათასი

მშპ: 1 მლრდ დოლარი

მშპ ერთ მოსახლეზე: 4,600 დოლარი (6,500 PPP დოლარი)

2023 წელს სამოის ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება. პანდემიის გამო, სამოის ეკონომიკაც ძალიან დაზარალდა, რადგან ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია. 2020-2021 წლებში მისი ეკონომიკა 11%-ით შემცირდა. კლება 2022 წელსაც გაგრძელდა და 5%-ით შემცირდა, რადგან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 2022 წლის ზაფხულამდე შენარჩუნდა. სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის სამოის ეკონომიკის 3.6%-ით ზრდას პროგნოზირებს. სამოა ღარიბი ქვეყანაა, ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 141-ე ადგილზეა.

სამოის ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი 2023 წელს ეკონომიკის აღდგენის დაწყებაა. ბოლო 4 წლის განმავლობაში 2023 წელს პირველად იღებს ტურისტებს კოვიდშეზღუდვების გარეშე. გარდა ამისა, გაიზარდა სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა და ექსპორტი.

3. მალდივის კუნძულები

მოსახლეობა: 400 ათასი

მშპ: 7 მლრდ დოლარი

მშპ ერთ მოსახლეზე: 17,600 დოლარი (37,000 PPP დოლარი)

2023 წელს მალდივის კუნძულების ეკონომიკა 8.1%-ით გაიზრდება. 2020 წელს, პანდემიის გამო, მალდივის კუნძულების ეკონომიკა ყველაზე მეტად შემცირდა – 33%-ით, რადგან მალდივი ტურიზმზე მიბმული ქვეყანაა (მაგალითად, 2022 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი მისი მშპ-ის მიმართ 68% იყო). თუმცა როგორც კი პანდემიისგან შეჩერებულმა ტურიზმმა აღდგენა დაიწყო, მისი ეკონომიკა 2021-2022 წლებში ჯამში 55%-ით გაიზარდა. სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის მალდივის კუნძულების ეკონომიკის 5%- ით ზრდას პროგნოზირებს. ერთ მოსახლეზე შემოსავლით მალდივის კუნძულები მსოფლიოში 54-ე ადგილზეა.

მალდივის კუნძულების ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი 2023 წელსაც ტურიზმია. კუნძულებზე ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 25-32 გრადუსს შორის მერყეობს. აქ ყოველთვის საზღვაო სეზონია, თუმცა დასვენება ძვირი ჯდება და, შესაბამისად, მაღალბიუჯეტიანი ტურისტები ჩადიან. ტურიზმის გარდა ეკონომიკის ზრდას თევზჭერის განვითარებაც უწყობს ხელს.

2. ლიბია

მოსახლეობა: 7 მლნ

მშპ: 40 მლრდ დოლარი

მშპ ერთ მოსახლეზე: 5,900 დოლარი (24,400 PPP დოლარი)

ფოტო: Hussein Eddeb / Alamy Stock Photo

2023 წელს ლიბიის ეკონომიკა 12.5%-ით გაიზ რ დება. ლიბიის ეკონომიკა არასტაბილურობით გამოირჩევა, რადგან დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით მშვი დობასა და ნავთობის ფასებზე. ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ლიბიის ეკონომიკის მიმართ 50%-ია. ლიბიის ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს შემცირდა 11%-ით. 2022 წელს, პანდემი ისა და ნავთობის დაბალი ფასების გამო 30%-ით შემცირ და. 2021 წელს 28%-ით გაიზარდა. 2022 წელს კი ისევ შემცირდა 10%-ით. სავალუტო ფონდი 2024 წლის თვის ლიბიის ეკონომიკის 7.5%-ით ზრდას პროგნოზირებს. ლიბია ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლი ოში 71-ე ადგილზეა.

ლიბიის ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი 2023 წელს შიდაპოლიტიკური სტაბილურობა და რუ სულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გამო ლიბიის ნავთობზე გაზ რდილი მოთხოვნაა. ლიბიამ ნავთობის მოპოვება 15%-ით გაზარდა.

1. გაიანა

მოსახლეობა: 800 ათასი

მშპ: 16 მლრდ დოლარი

მშპ ერთ მოსახლეზე: 21,000 დოლარი (61,000 PPP დოლარი)

ფოტო: Alisa Marcus

2023 წელს გაიანის ეკონომიკა 38%-ით გაიზრდება. გაიანა ბოლო ათწლეულის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. ამ ქვეყანაში 2015 წელს ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს და ეკონომიკურმა ბუმმაც არ დაახანა. 2015 წლიდან 2023 წლამდე გაიანის ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. 2020-2022 წლებში წლიურად საშუალოდ 42%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის გაიანის ეკონომიკის 27%-ით ზრდას პროგნოზირებს, მომავალ 5 წელიწადში კი გაორმაგებას ელოდება. გაიანა ერთ მოსახლეზე შემოსავლით უკვე მსოფლიოში 23-ე ადგილზეა და გადაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ფინეთი და სხვა.

გაიანა დღიურად ნახევარ მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, რაც წლიურ 15 მლრდ დოლარამდე შემოსავალს ნიშნავს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც გაიანაა (მოსახლეობით საქართველოზე 4-ჯერ პატარა) ეს ძალიან მაღალი შემოსავალია.