გუშინ, აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი წარადგინა. კონგრესმენის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს. თუმცა, აღნიშნულის განსახორციელებლად ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს. გაეცანით, რა არის კონგრესში კანონპროექტის სახით წარდგენილი MEGOBARI აქტი.
კონგრესმენმა კანონპროექტის სახელწოდება სიმბოლურად შეარჩია და მას „მეგობარი“ უწოდა. აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება: Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act, ანუ „ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“.
აქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, აშშ-მა შესაძლოა საქართველოსთან მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტს მოაწეროს ხელი, რომელიც ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და მოგზაურობის მიმართულებებს შეეხება.
უფრო კონკრეტულად, კონგრესმენის ინიციატივა, საქართველოს მხრიდან აღნიშნული პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში, „შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ დაწესებას ითვალისწინებს, რაც ქართულ ბიზნესებს საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების შტატებში გატანას გაუადვილებს. გარდა ამისა, კანონპროექტი ამერიკულ ბაზარზე მოხვედრის გამარტივებასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შემოღებასაც ითვალისწინებს.
კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაა. აქტი აშშ-ის თავდაცვის სექტორის ოფიციალურ პირებს დაავალდებულებს საქართველოსთვის სპეციალური ყოვლისმომცველი სამხედრო დახმარების პაკეტი შეიმუშაონ, რომელიც რუსეთის აგრესიისაგან ტერიტორიული თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღებით, აღჭურვილობით, წვრთნებით, ტექნიკური მხარდაჭერითა თუ ოპერაციების მხარდამჭერი ელემენტებით უზრუნველყოფასა და მომარაგებას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის აღნიშნული ნაწილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუკი აშშ-ის მთავრობა დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მდგრადი პროგრესი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც მინიმუმ გამოიხატება დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოს შექმნასა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში“.
შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონის კანონპროექტი მხოლოდ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას არ ეხება. კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, პროცესში ჩართული პირებისათვის სანქციების დაწესებასაც ითვალისწინებს.