ფოტო: eunews.it
ევროკავშირი უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის წარდგენას გეგმავს, რომელიც, როგორც დიპლომატიური წყაროები აცხადებენ, ქვეყნის საბანკო სექტორსა და კრიპტოვალუტის ქსელებს შეეხება.
წინასწარი ინფორმაციით, სანქციების ახალ პაკეტში შესაძლოა 90-მდე ბანკი მოხვდეს. ამ გადაწყვეტილების შედეგად, სანქცირებული ბანკების საერთო რაოდენობა 100-ს გადააჭარბებს, რაც რუსეთის საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან დაკავშირებული ბანკების ნახევარზე მეტს მოიცავს.
როგორც ირკვევა, სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ასევე ტრანზაქციებისა და მოგზაურობის აკრძალვებს, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების საერთაშორისო ოპერაციებს.
ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის (EEAS) მიერ მომზადებული სიების პარალელურად, ევროკომისია დამატებითი ზომების მიღებასაც გეგმავს. კერძოდ, იგეგმება 35 ბანკთან ფინანსური ტრანზაქციების სრულად აკრძალვა, ასევე ათეულობით კრიპტოპლატფორმაზე შეზღუდვების გაფართოება.
ევროკავშირის წყაროების თქმით, ეს პლატფორმები რუსეთის მიერ დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება, მათ შორის მესამე ქვეყნების მეშვეობით ფინანსური ოპერაციების განხორციელების მიზნით.








