ფიუჩერსი (ინგლისურად Futures) არის საქონლის, ფასიანი ქაღალდების ან სხვა აქტივის შესყიდვაზე წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულება. ფიუჩერსში დაფიქსირებულია ფასი და შესყიდვის ზუსტი თარიღი. მაგალითად, 24 იანვარს გააფორმეთ ან იყიდეთ ფიუჩერსი, რომლის მიხედვით, ერთ თვეში, 24 თებერვალს ნავთობის მიმწოდებლისგან ერთი ტონა ნავთობი უნდა შეიძინოთ 500 აშშ დოლარად. იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება იყოს 24 თებერვალს ტონა ნავთობის საბაზრო ფასი, თქვენ მას მაინც 500 დოლარად შეიძენთ. თუ 24 თებერვლისთვის ტონა ნავთობი 500 დოლარზე მეტი ეღირება, ფიუჩერსული კონტრაქტის გაფორმება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუ ნაკლები ეღირება, იზარალებთ.
ფიუჩერსებით ძირითადად სასაქონლო ბირჟებზე ვაჭრობენ, ანუ ის გამოიყენება ნავთობით, ძვირფასი ლითონებით, ნედლეულით, მარცვლეულით და სხვა ერთგვაროვანი პროდუქტებით ვაჭრობის დროს. ფიუჩერსებს იყენებენ კომპანიების აქციებით და ვალუტით ვაჭრობის დროსაც.
ფიუჩერსი ამავე დროს ფასიანი ქაღალდიც არის, ანუ მის მფლობელს შეუძლია, ის აქტივის შესყიდვის თარიღის დადგომამდე გაყიდოს და მეტ ფასად გაყიდვის შემთხვევაში მოგება ნახოს. აქედან გამომდინარე, სასაქონლო და საფონდო ბირჟებზე ფიუჩერსებს აქტიურად იყენებენ. ის სპეკულანტებისთვის ხელსაყრელი ინსტრუმენტია, იშოვონ ფული აქტივებზე ფასის ცვლილების შედეგად.