რა გეგმები აქვს თბილღვინოს რუსეთის ბაზარზე უარის თქმის შემდეგ

რა გეგმები აქვს თბილღვინოს რუსეთის ბაზარზე უარის თქმის შემდეგ

წლების განმავლობაში ღვინის ინდუსტრიისთვის ერთდროულად რამდენიმე გამოწვევა იყო. ამასთან ფაქტია, რომ ექსპორტი მაინც მზარდია. როგორია ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა დღეს?

გიორგი მარგველაშვილი: დღეს და უკვე არაერთი წელია, ღვინის ინდუსტრია ერთი დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ამას ერთ ბაზარზე ჭარბი დამოკიდებულება ჰქვია..

რუსეთის ბაზარზე ვსაუბრობთ..

გიორგი მარგველაშვილი: დიახ, ამ შემთხვევაში რუსეთის ბაზარზე, მაგრამ რაც არ უნდა დაარქვა ბაზარს, სულ რომ არ გქონდეს პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები, რომელიც ამ კონკრეტულ ბაზარს ახასიათებს, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ჭარბი დამოკიდებულება ერთ ბაზარზე არაჯანსაღია. ამიტომ გამოწვევის წინაშე მდგომი დარგი ამის დაძლევას რაღაცნაირად უნდა შეეცადოს, რათა ჰქონდეს ერთგვარი ბალანსი თავისი მიწოდების ბაზრებს შორის. როგორ უნდა მოხდეს ეს…

ცდუნება დიდია..

გ.მ.: კი, ცდუნება დიდია და ის ერთგვარად მოდუნების საშუალებას იძლევა. ერთი ბაზრიდან დიდი მოთხოვნის დროს დარგი დუნდება და ახალ შესაძლებლობებს აღარ ეძებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ქართული ღვინის ხარისხი საკმაოდ მაღალ საფეხურზე ავიდა და ჩვენი ღვინოები ხარისხის მაღალ სტანდარტებს პასუხობენ. ჩვენ და კონკურენტები საერთაშორისო კონკურსებში  ყოველწლიურად ვმონაწილეობთ და ჯილდოებს ვიღებთ. შესაბამისად, ქართველმა მეღვინეებმა მაღალხარისხიანი ღვინის წარმოების კომპეტენცია დააგროვეს. რაც ჩამორჩება ეს არის ახალი ბაზრების შეღწევადობის, ადგილის დამკვიდრების, იქაური ტენდენციების შესწავლის, სხვა ბაზრებზე უფრო მეტი ყურადღების მიქცევის ცოდნა. ჩვენ ვიცით როგორ ვაწარმოოთ ხარისხიანი, ღირსეული ღვინო, მაგრამ ახალი ბაზრების მოძიების და იქ ადგილის დამკვიდრების ინფორმაცია გვაკლია. შედეგად, ერთ ბაზარზე ჭარბი დამოკიდებულება შესაძლებელია შემცირდეს. კომპეტენცია თუ არ დავაგროვეთ, არ გავხდებით უფრო საერთაშორისოები, არ შევისწავლეთ ბაზრის ტენდენციები მსოფლიოში -რა ხდება, ჩვენ ეს გამოწვევა დაუძლეველი დაგვრჩება.

თითქმის თქვენს ყველა ინტერვიუში საუბრობდით გაყიდვების ზღვარზე, რომელიც რუსეთის ბაზარს სარისკოს ხდიდა, მეორე მხრივ „თბილღვინოს“ მაგალითზე მუდმივად ამ რისკზე საუბარი და თვითშეკავება, ეს ის ცდუნებაა რაზეც გიორგი საუბრობდა, თუ წონასწორობაა – როგორ უნდა დავიჭიროთ წონასწორობა?

ზურაბ მარგველაშვილი: 2006 წელს როდესაც რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი აიკრძალა, მაშინ ჩვენი გაყიდვები ბევრად უფრო მცირე იყო, ვიდრე დღეს, თუმცა მთელი გაყიდვების 50% რუსეთზე მოდიოდა, ამიტომ ემბარგოს გამო ჩვენ გაყიდვების და შემოსავლების 50% დავკარგეთ. ეს იმდენად დიდი დარტყმა იყო, რომ ამ ვითარებიდან გამოსასვლელად დაახლოებით 2 წელი დაგვჭირდა. 2006-2007 წლები კომპანიის ყოფნა-არ ყოფნის წლები იყო. ჩვენ იმდენად რთულად გადავიტანეთ ეს პერიოდი, რომ 2013 წელს როდესაც რუსეთის ბაზარი ქართული მეღვინეობისთვის ხელახლა გაიხსნა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთში გაყიდვებსა და შემოსავლების 30%-ზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო. დღემდე ამ პრინციპს ვიცავდით და ამან გამოიწვია, რომ ჩვენი დამოკიდებულება ამ ბაზარზე მაღალი არ არის. ცდუნება ყოველთვის იყო, რადგან უზარმაზარი ტენდერები და შეკვეთები მოდიოდა. თუმცა ეს დამოკიდებულება, არც ერთ ბაზარზე ჯანსაღი არ არის. ხელს გვიწყობდა ისიც, რომ 2006 წლის შემდეგ ჩვენ ნებსით თუ უნებლიედ დივერსიფიცირებაზე მუშაობა აქტიურად დავიწყეთ. ამის ხელშემწყობი კი ჩვენი მაღალხარისხიანი, მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებაა. შედეგად, დღეს „თბილღვინო“ რუსეთის ბაზარზე 20-22%-ითაა დამოკიდებული.

რას ცვლის დღევანდელი რეალობა, ის რაც 24 თებერვალს დაიწყო? რისi თქმა შეიძლება “თბილღვინოს” მაგალითზე?

გ.მ.: დღევანდელმა ვითარებამ შეცვალა ის, რომ ეს ბაზარი ჩვენთვის იმ პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების გამო, რომელმაც თავის უმაღლეს წერტილს მიაღწია, სრულად არაპროგნოზირებადი, ძნელად განჭვრეტადი გახდა. შესაბამისად, ამ არაპროგნოზირებადობის გამო, ჩვენ რუსეთთან ნებისმიერი ეკონომიკური ურთიერთობის  შეჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ.

ანუ „თბილღვინო“ არა თუ 22%-ს, არამედ რუსეთთან ურთიერთობას სრულად აჩერებს?

გ.მ.: ამ ეტაპზე კი..

ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, დროებითია… რაზეა დამოკიდებული ამ გადაწყვეტილების შეცვლა და რა ვითარებამ შეიძლება შემოატრიალოს კომპანია რუსეთის ბაზრისკენ?

გ.მ.: თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ და რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს არ შევწყვეტთ, არ ვიცით რა მოგველის ეკონომიკურად, ასევე რეპუტაციულად, შესაბამისად, სანამ ეს არაპროგნოზირებადი მდგომარეობა იქნება, მანამდე ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება, ამის თქმა ჩვენ არ შეგვიძლია. ეს მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.

ამ გადაწყვეტილებით კომპანია რა გარანტირებულ მოცულობებზე ამბობს უარს?

ზ.მ.: ჩვენთვის ეს დაახლოებით 1 – 1.3 მლნ ბოთლია.

საუბრისას ხშირად გუნდურობის თემას ახსენებდით. ეს გადაწყვეტილება ემოციურს არ ჰგავს. სად უნდა წავიდეს ეს გამოთავისუფლებული მოცულობები, არის თუ არა ამაზე ნაზრუნი თქვენ მიერ?

ზ.მ.: ეს მინიმალურად ემოციური გადაწყვეტილებაა. ჩვენს გუნდთან ერთად ბოლო ერთი თვე, მაღალი სიხშირით მსჯელობდით და განვიხილავდით ამ საკითხს. „თბილღვინოს“ ჰყავს ძლიერი გუნდი, რომელსაც აქვს კომპეტენცია და ნდობა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და გამოწვევაა.

ჩვენ ვართ მოტივირებულები, რომ ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით დროებით დაკარგული მოცულობების სხვა ბაზრებზე გადამისამართება მოვახდინოთ. გვაქვს მთელი რიგი პროექტები, რომელიც კომპანიის განვითარებისთვის არის მიმართული. ეს არის  ხარისხის კონტროლის სისტემები, როგორც კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა და ვენახების გაშენება – ეს პროექტები არ ჩერდება და ვთვლით, რომ ჩვენს გუნდთან ერთად ამ გამოწვევას ღირსეულად დავძლევთ.

არის თუ არა მონიშნული კონკრეტული ქვეყნები, სადაც მოთხოვნამ თქვენი ღვინის გაყიდვების ზრდა შეიძლება გამოიწვიოს?

გ.მ.: მინდა განვავრცო, რომ გუნდი საკმაოდ მობილიზებულია და გადაწყვეტილება ერთსულოვნად მივიღეთ. ერთად მივხვდით ეს ის სტრესია, რომელიც უნდა გამოვიაროთ, რათა ახალი შესაძლებლობები გამოვნახოთ.

რაც შეეხება ახალ შესაძლებლობებს, პირველი მიმართულება ჩვენი სტაბილური ბაზრებია, სადაც ძალიან ძლიერი პარტნიორები გვყავს. ესენია ყაზახეთი, ბალტიის პირა ქვეყნები, პოლონეთი, რომელთანაც ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ, რომ მათთან ერთად გამოვნახოთ დამატებითი შესაძლებლობები იმ წლიური გეგმის გასაზრდელად, რომელიც გასულ წელს დავისახეთ. ამის ნიშნები არის.

შემდეგი მიმართულება სხვა ბაზრებია, სადაც ჯერჯერობით, შედარებით მცირე მასშტაბით ვართ წარმოდგენილები, თუმცა გვყავს პარტნიორები და გვინდა წარმომადგენლობები გავზარდოთ. არსებული ან ახალი პარტნიორების დამატებით ისეთ ბაზრებზე, სადაც არ ვართ ძლიერად წარმოდგენილები, უფრო მეტად გავიშალოთ. ეს არის დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, აზიის ბაზრები. არსებობს კიდევ სრულიად ახალი ბაზრები, რომელიც იმ 30 ქვეყნის მიღმაა, სადაც დღეს ვართ. მსოფლიო მეღვინეობის რუკაზე არსებულ ამ ბაზრებზე, ქართული ღვინო „თბილღვინოს“ სახით არ არის წარმოდგენილი და ეს საერთოდ აუთვისებელი შესაძლებლობაა. ამ ბაზრების ათვისებისთვის, ჩვენი მენეჯერები ხელებდაკაპიწებული მუშაობენ.

უკრაინას რა წილი უკავია… ეკავა?

ზ.მ.: ამ კრიზისმა უკრაინა დროებით დაგვაკარგინა, თუმცა გვჯერა, რომ მალე დავიბრუნებთ. რიცხვებში ეს მთელი გაყიდვების 9-10%-ია. ახლა არის გააზრებული, ემოციური და არაორდინალური გადაწყვეტილებების დრო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *