სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, წინა წლის პირველ 10 თვესთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.2%-ით გაიზარდა და 17.78 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
2023 წლის პირველ 10 თვეში საქართველოს ექსპორტმა 5.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ერთწლიან ჭრილში 12.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმპორტმა კი 12.68 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 17.8%-ით აღემატება.
შესაბამისად, იანვარ-ოქტომბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7.58 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%-ია.
საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემების გამოქვეყნებას მიმდინარე წლის 20 ნოემბერს გეგმავს.