რა მოცულობის ელექტროენერგია იხარჯება საქართველოში მაინინგისთვის?

რა მოცულობის ელექტროენერგია იხარჯება საქართველოში მაინინგისთვის?

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 2% 2020 წელს კრიპტოვალუტების მაინინგით დაკავებულმა კომპანიებმა დახარჯეს.

“2020 წლის მონაცემებით, მთელი ჩვენი მოხმარების 2% არის მაინინგით დაკავებული კომპანიების მოხმარება”, – განაცხადა თურნავამ. ეს 2019 წელთან შედარებით მაინინგის მოცულობის რამდენჯერმე შემცირებას ნიშნავს.

კომერციული კატეგორიის მაინინგი მსოფლიოში სულ უფრო ძნელი ხდება, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, რასაც ქვეყანაში ელექტროენერგიის ღირებულების ზრდაც ართულებს. შედარებით ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის შესაძენად არაერთი მსხვილი დატა -ცენტრი  “ელექტროენერგიის პირდაპირ შემსყიდველად” არის რეგისტრირებული. სწორედ ამ მონაცემებით შეიძლება მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის შეფასება.

2020 წლის განმავლობაში მაინინგით დაკავებულ კომპანიებს შორის ყველაზე მეტი ელექტროენერგია “ბი ეფ დი სი საქართველომ” ანუ Bitfury-იმ შეიძინა. „ესკოს“ მონაცემებით, დატა-ცენტრმა ჯამში 132 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა. ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ სხვა მსხვილ დატა-ცენტრებს, მათ შორის მილიარდერ იგორ კოლომოისკის კუთვნილ “ბლოქფაუერს”, ასევე კომპანია “აითილებსა” და “ჯეომეინთენანსს” პირდაპირი ბაზრიდან ელექტროენერგია ფაქტობრივად არ შეუძენიათ. ამის გათვალისწინებით, პირდაპირ მომხმარებლებად რეგისტრირებული დატა-ცენტრების მთლიანი მოხმარება 132 მლნ კილოვატ-საათი იყო, რაც 2020-ში საქართველოში ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების 1.08%-ს უდრის.

მსხვილი დატა-ცენტრების გარდა მაინინგით წვრილი კომპანიებიც არიან დაკავებული და ისინი დენის ბაზრის პირდაპირ მომხმარებლებად რეგისტრირებული არ არიან. შესაბამისად, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესახებ საჯარო წყაროებში ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით მაინინგზე 2020-ში მთლიანი მოხმარების 2% მოდიოდა, მაშინ წვრილი მოთამაშეების ჯამური მოხმარება დაახლოებით 100 მილიონი კილოვატ-საათი უნდა ყოფილიყო.

2019 წელს კი მსხვილი დატა-ცენტრების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა 2020 წელთან შედარებით რამდენჯერმე მეტი იყო. პირდაპირ შემსყიდველებად რეგისტრირებულმა მაინერებმა 2019 წელს ჯამში 785.5 მილიონი კილოვატ-საათის მოცულობის ელექტროენერგია შეიძინეს.

მათ შორის პირველ ადგილზე Bitfury, ანუ “ბი ეფ დი სი”იყო, რომელმაც 534.2 მლნ კილოვატ-საათი ელექტროენერგია შეიძინა; იგორ კოლომოისკის “ბლოქფაუერმა” -122 მილიონი კილოვატ-საათის; “აითილებმა” – 73.5 მილიონი კილოვატ-საათის; “ჯეომეინთენანსმა” კი 55.8 მეგავატ-საათის მოცულობის ელექტროენერგია შეიძინა. მხოლოდ ამ ოთხი კომპანიის ჯამურმა მოხმარებამ 2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების 6.15% შეადგინა.

თუკი უმსხვილესი დატა-ცენტრების მოხმარებას დავუმატებთ იმ წვრილი მაინერების ელექტროენერგიის მოხმარებას, რომელთა შესახებაც საჯარო ინფორმაცია “ესკოს” ვებგვერდზე წარმოდგენილი არაა, მაშინ გამოდის, რომ 2019 წელს მაინინგით დაკავებული კომპანიების ჯამური მოხმარება საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების 7%-ზე მეტი გამოდის.

რეგისტრირებული კომპანიების გარდა მაინინგით ფიზიკური პირებიც არიან დაკავებული. მათ შორის ეს საქმიანობა განსაკუთრებულად მიმზიდველი სვანეთის რეგიონშია, რადგანაც აქ მცხოვრები მოსახლეობა დენის ტარიფს არ იხდის. “უფასო დენის” პირობებში მესტიის რაიონში არაერთი ადგილობრივი მაინინგით არის დაკავებული. სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ფონზე გამანაწილებელი კომპანიის, “ენერგო პრო ჯორჯიას” ზარალი ყოველწლიურად იზრდება. სემეკის შეფასებით, გამრიცხველიანების არარსებობისა და გაზრდილი მაინინგის გამო, “ენერგო პრო ჯორჯია” წელიწადში 13-14 მილიონი ლარის ზარალს განიცდის.

ოფშორული მაინინგის პრობლემა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში:

გაცილებით უფრო მძიმეა ვითარება საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით უსასყიდლოდ მარაგდება. 2020 წელს რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდული ტემპით – 24%-ით გაიზარდა და მან 2.55 მილიარდი კილოვატ-საათი შეადგინა. ეს დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგიაა, რამდენიც გასულ წელს მთლიანად თბილისმა მოიხმარა. 2012 წლის შემდეგ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ზუსტად 1 მილიარდი კვტ-სთ-ით (67%-ით) არის გაზრდილი.

ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების მატების მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტების მაინინგია, რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ აფხაზეთში ვირტუალური ფულის მაინინგისთვის განკუთვნილი ბლოკებისა და ჩიპების შეტანა აკრძალა, თუმცა ამ აკრძალვას ფორმალური სახე აქვს და რეალური კონტროლი ვერ ხორციელდება. ამის პარალელურად, რეგიონში ენერგეტიკული თვალსაზრისით კრიზისი გამწვავდა.

იმის ფონზე, რომ ბიტკოინის ღირებულება 2020-2021 წლებში 500%-ზე მეტად გაიზარდა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ სფეროს მიმართ აფხაზეთში არსებული ინტერესი როგორმე შენელდეს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას საქართველო იხდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *