OECD-მ გლობალური ეკონომიკის პროგნოზები განაახლა

OECD-მ გლობალური ეკონომიკის პროგნოზები განაახლა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გლობალური ეკონომიკის პროგნოზები განაახლა, რომელთა მიხედვითაც 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდება.

როგორც OECD-ის ანგარიშშია აღნიშნული, გლობალური ეკონომიკა პრეპანდემიურ დონეს წლის შუა პერიოდში მიაღწევს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ამ პერიოდისთვის მოხდება.

OECD-ი 2022 წლის ბოლო კვარტალში ელოდება იმ რიცხვებს, რაც პანდემიის დაწყებამდე – 2019 წლის ნოემბერში იყო.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიხედვით, წინა პროგნოზის გაუმჯობესებას „დიდი ოცეულის“ ქვეყნებიდან მხოლოდ ორი – აშშ  და თურქეთი შეძლებენ.

როგორც OECD-ის მთავარი ეკონომისტი ლორენს ბუნი ამბობს, ამჟამად არსებული რისკები ვაქცინაციის ტემპებს უკავშირდება. თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაციის პროცესი  იმ სისწრაფით არ  მიმდინარეობს, რაც ეკონომიკის აღდგენისთვის არის საჭირო. ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ ეკონომიკურ პროგნოზებს კორონავირუსის ახალი შტამიც საფრთხეს უქმნის.

OECD-ის ანგარიში ასევე მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა პანდემიის დროს ეკონომიკური აქტივობა. კერძოდ, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ონლაინ გაყიდვები 20%-ზე მეტად გაიზარდა. მხოლოდ ბრიტანეთსა და კანადაში კი ზრდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ზე მეტი იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მომხმარებლის ქცევა შეიცვალა.

საინტერესოა ასევე შრომის ბაზრის ანალიზიც. როგორც OECD-ის ანგარიშშია აღნიშნული, ჯანდაცვისა და წარმოების სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტად მომსახურების სფეროში შემცირდა, განსაკუთრებული კლება კი ამ მხრივ კვების ინდუსტრიას ჰქონდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *