რა შეზღუდვებს აწესებენ ქვეყნები თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად?

რა შეზღუდვებს აწესებენ ქვეყნები თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად?

ბოლო პერიოდში სახელმწიფოები თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად მკაცრ ზომებს იღებენ. ახალი კანონმდებლობით საფრანგეთი – სადაც ყოველი მეოთხე პირი ეწევა – პლაჟებსა და პარკებში თამბაქოს მოხმარებას კრძალავს, გაერთიანებული სამეფო კი თამბაქოს მიყიდვის ლეგალური ასაკის ეტაპობრივ ზრდას მანამდე განიხილავს, სანამ მის შეძენას ვერავინ ვეღარ შეძლებს.

თამბაქოს მოხმარებას ჯანდაცვის ექსპერტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ აფასებენ, რომელიც ოდესმე მსოფლიოს შეჰქმნია. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ აურელიენ რუსოს განცხადებით, პლაჟებზე, სკოლების მახლობლად, ასევე პარკებსა და ტყეებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვით ქვეყანა წელიწადში გარდაცვალების 75,000-მდე შემთხვევის პრევენციას შეძლებს.

AFP-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საფრანგეთის მთავრობა თამბაქოზე გადასახადის ზრდასა და ერთჯერადი გამოყენების ელექტროსიგარეტების აკრძალვასაც გეგმავს. ცნობისთვის, საფრანგეთი დასავლეთის ქვეყნებში თამბაქოს მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. BMC-ის 2018 წლის მონაცემებით, მწეველთა რიცხვი საფრანგეთის ზრდასრული მოსახლეობის 25%-ს შეადგენს.

1-ელი იანვრიდან ერთჯერადი ვაიპების იმპორტს აკრძალავს ავსტრალიის მთავრობა. შეზღუდვებით მთავრობას ახალგაზრდებში ვაიპების მოხმარების შემაშფოთებელი ზრდის შეჩერება სურს, ხოლო კანონმდებლობა, რომელიც ყველა ვაიპს აკრძალავს, მომავალ წელს იქნება წარდგენილი.

თუმცა საფრანგეთსა და ავსტრალიაში ახალი კანონმდებლობების დაანონსებამდე, გაერთიანებულ სამეფოში პრემიერი რიში სუნაკი გამოვიდა წინადადებით – ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების ლეგალური ასაკი (ამჟამად 18 წელი) ყოველწლიურად ერთი წლით გაიზარდოს იმ მაჩვენებლამდე, სანამ კანონიერად ვერავინ შეძლებს მის შესყიდვას. სუნაკს ბრიტანეთში პირველი „მოწევისგან თავისუფალი“ თაობის შექმნა სურს, რაც ნიშნავს, რომ 2008 წლის შემდეგ დაბადებული ბავშვები კანონიერად ვერასდროს შეძლებენ თამბაქოს ნაწარმის შესყიდვას.

თამბაქოს მოხმარებაზე რეგულაციების დაწესების წინადადებით გამოვიდა ჰონგ-კონგის ჯანდაცვის მინისტრი ლო ჩუნგ მაუ. მიმდინარე წლის დასაწყისში მინისტრმა რამდენიმე ძირითად საკითხზე საზოგადოებრივი გამოკითხვაც მოაწყო, მათ შორის: სიგარეტზე იმპორტზე გადასახადის ზრდა, მოწევის ლეგალური ასაკის ზრდა, გარკვეული წლის შემდეგ დამატებული პირებისთვის სიგარეტისა და ალტერნატიული პროდუქტების, მათ შორის ელექტროსიგარეტის მიყიდვის აკრძალვა.

2004 წელს, ბარებსა და სამუშაო სივრცეებში თამბაქოს მოხმარება აკრძალა ირლანდიამ, რომელსაც მალევე ნორვეგია, ახალი ზელანდია და უგანდაც შეუერთდნენ. ამ წლის დასაწყისში მექსიკამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოწევის საწინააღმდეგო კანონი დაამტკიცა, რომელიც მოწევას ნებისმიერი ტიპის საჯარო სივრცეში კრძალავს.

მეორე მხრივ კი საინტერესოა, რომ ახალ ზელანდიაში უქმდება კანონი, რომელიც მსოფლიომ მოწევის წინააღმდეგ ბრძოლის მოდელად შეაფასა. გასულ წელს მიღებული კანონმდებლობა სიგარეტში ნიკოტინის შემცველობისა და 2027 წლამდე თამბაქოს ლიცენზირებული საცალო მოვაჭრეების რაოდენობის შემცირების აკრძალვას ითვალისწინებდა. 2027 წლიდან კი, 2009 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირთათვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვაც იკრძალებოდა. ასაკობრივი შეზღუდვა გაერთიანებული სამეფოს გეგმის მსგავსად ახალ ზელანდიაშიც ყოველწლიურად გაიზრდებოდა. თუმცა ქვეყნის ახალმა მემარჯვენე მთავრობამ კანონის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად შავი ბაზრის შექმნის თავიდან აცილების მცდელობა დაასახელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ყოველწლიურად მსოფლიოში 8 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. WHO-ის 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 22.3% გარკვეული სახეობის თამბაქოს მოიხმარს.