დევისის თასზე მარცხის შემდეგ, 38 წლის ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა კარიერა დაასრულა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მან საზოგადოებას ჯერ კიდევ გასულ თვეში, სოციალურ მედიაში განთავსებული ვიდეოს საშუალებით აცნობა.
თანამედროვე ჩოგბურთის ისტორიაში ნადალი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენია. 23-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ესპანელმა „დიდი სლემის“ ტურნირი 22-ჯერ მოიგო, მათ შორის პირველად 19 წლის წინ. მისი პირველი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება კი Nike-თან 2000 წელს გააფორმა, მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ტალანტი ჯერ კიდევ 13 წლის იყო.
Forbes-ის შეფასებით, მხოლოდ კორტებზე, ნადალმა კარიერის განმავლობაში $134.9 მილიონი გამოიმუშავა. დამატებით $415 მილიონი ესპანელმა კორტებს გარეთ, სხვადასხვა მარკეტინგული გარიგებისა და ბიზნესსაქმიანობის წყალობით მიიღო. ამ მონაცემების მიუხედავად, ნადალი შესამჩნევად ჩამოუვარდება როჯერ ფედერერს, რომელმაც 2022 წელს, კარიერის დასრულებამდე, მთლიანობაში $1.1 მილიარდი გამოიმუშავა.
ნადალს ფედერერის მსგავსი მარკეტინგული გარიგებების პორტფელი არ აქვს, თუმცა მის პარტნიორებს შორის ხვდებიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Nike-ი, Kia და Babolat-ი. ავტომწარმოებელთან კონტრაქტი ჩოგბურთელმა 2004 წელს გააფორმა, „დიდი სლემის“ პირველი ტიტულის მოგებამდე ერთი წლით ადრე. ჩამოთვლილ კომპანიათა გარდა, ნადალი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა Telefónica-სთან, Louis Vuitton-თან, Subway-სთან და ა.შ.
რაც შეეხება Nike-ს, ნადალსა და ამერიკულ კომპანიას შორის გაფორმებული პირველი კონტრაქტი, ყოველწლიურად $500,000-ის ღირებულების იყო. ნადალის კარიერულ ზრდასთან ერთად, გაიზარდა გარიგების ღირებულებაც. მოგვიანებით, ესპანელმა Nike-თან 10-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, წელიწადში $10 მილიონის ღირებულებით, რომელიც შემდგომში უკვე ხუთი წლით, 2018 წელს გაახანგრძლივა.
მიუხედავად წარუმატებლობებისა და განსაკუთრებით, გასული ორი სეზონის ტრავმებისა, ნადალმა ბოლო პერიოდში მაინც სოლიდური თანხის მოგროვება შეძლო. მხოლოდ გასულ წელს, ესპანელმა კორტებს მიღმა $23 მილიონი გამოიმუშავა.
ესპანელი ჩოგბურთელის საკუთრებაში დამატებით რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივია. მათ შორის, ცოტა ხნის წინ, ნადალმა Playtomic-ში განახორციელა ინვესტიცია – სტარტაპი, რომელიც მოყვარულ ჩოგბურთელებს უჭერს მხარს. ამასთან ერთად, ნადალი ელექტრონავების ჩემპიონატის, E1-ის სარბოლო გუნდის მფლობელი და რესტორნების ქსელ Tatel-ის თანამფლობელია, პაუ გასოლთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად.
პარალელურად, ნადალმა მშობლიურ ქალაქ მანაკორში მსოფლიო დონის სასწავლო დაწესებულება, Rafa Nadal Academy ჩამოაყალიბა, რომლის მისიაც ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენაა.
დიდი ალბათობით, მომდევნო წლებში რაფა ნადალის ქონება კიდევ უფრო გაიზრდება. იანვარში, სპორტსმენი არაბეთის ჩოგბურთის ფედერაციის ელჩად დაინიშნა. სავარაუდოდ, ამ გარიგებით ის ყოველწლიურად მილიონობით დოლარს მიიღებს. ამის მიუხედავად, ბევრი კრიტიკოსი ნადალის გადაწყვეტილებას არასწორ რეპუტაციულ ნაბიჯად აფასებს. განსაკუთრებით კი რაფას ესპანეთში აკრიტიკებენ და საუდის არაბეთთან მის კავშირს, „სპორტვოშინგის კამპანიაში“ პოტენციურ მონაწილეობად აფასებენ.