Rakuten Viber-ი საქართველოში ოფისის ხსნის და IT დეველოპერების დასაქმებას გეგმავს

Rakuten Viber-ი საქართველოში ოფისის ხსნის და IT დეველოპერების დასაქმებას გეგმავს

Terminal-ის სამუშაო სივრცე, თბილისი

იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი Rakuten-ი საქართველოში Viber-ის ოფისის გახსნას და IT დეველოპერების დასაქმებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

“Rakuten Viber-ი, რომელიც უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია, საქართველოს ბაზარზე შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის, რომელიც ორიენტირებული იქნება მობილური აპლიკაციების განვითარებაზე“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, თბილისში კომპანიის საოპერაციო ოფისის გახსნა კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი IT სპეციალისტებისთვის – იმუშაონ ისეთ გლობალურ კომპანიაში, როგორიცაა Rakuten Viber-ი. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს ფაქტი საყურადღებო გზავნილია სხვა გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვისაც.

„Rakuten Viber-ის თბილისის გუნდი სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებს iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე“.

საკომუნიკაციო პლატფორმა Viber-ი 900 მილიონ დოლარად Rakuten-მა 2014 წელს შეიძინა. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით აქვს ოფისები, მათ შორის: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ისრაელში, ლუქსემბურგში, ბელარუსში, ბულგარეთში, სინგაპურში, უკრაინასა და სხვებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *