საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 2020 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის $18.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რისი უდიდესი ნაწილიც ქვეყნის კერძო სექტორის საგარეო ვალდებულებებს წარმოადგენს. სახელმწიფო ვალის მოცულობა კი $7.8 მილიარდი დოლარია. შესაბამისად, ეს არის ის ვალი, რაც საქართველოს COVID-19-ის გადაუდებელი დაფინანსების მოზიდვამდე ჰქონდა. დამატებითი ვალის აღების შემდეგ, სახელმწიფო სექტორის ვალი $9 მილიარდს გადააჭარბებს.
“საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით 18.3 მლრდ აშშ დოლარი (60.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 103.7 პროცენტია. 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 350.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 318.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ფასის ცვლილებების გამო – 179.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, სხვა ცვლილებების გამო 29.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 176.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.8 მლრდ აშშ დოლარი (25.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 44.1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მლრდ აშშ დოლარი (18.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 443.9 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 755.0 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.3 პროცენტი) და 876.4 მლნ აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.0 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.8% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 10.6 მლრდ აშშ დოლარი (34.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 60.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.3 მლრდ აშშ დოლარია (14.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.6 პროცენტია.
2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 5.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 5.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო – ვალი 162.0 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. 2020 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 443.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 196.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი,” – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.