“ხელოვნური ინტელექტის ერა დაიწყო”, – ასე დაასათაურა Microsoft-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბილ გეიტსმა ბოლო წერილი, რომელშიც ის ამ ტექნოლოგიის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე საუბრობს. გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნური ინტელექტის ბოლოდროინდელი აღორძინება და პოპულარულ კულტურაში მისი გამოჩენა, დიდწილად, სწორედ Microsoft-ს და მის შვილობილ OpenAI-ის უკავშირდება, ბილ გეიტსის მოსაზრება ამ თემაზე მეტად საინტერესო უნდა იყოს. თან, ChatGPT-ის შექმნაში, მის ადრეულ ეტაპებზე, თავად გეიტსიც იყო ჩართული.
ბილ გეიტსის ვრცელი წერილიდან ვიგებთ, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ის, უმეტესწილად, დადებითად და იმედიანად უყურებს, მაგრამ აფასებს იმ რისკებსაც, რომლებიც ამ და ყველა ტექნოლოგიას ყოველთვის თან სდევს. მიუხედავად ამისა, მილიარდერი ამბობს იმასაც, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება სამყაროზე ისეთივე გავლენას მოახდენს, როგორიც, თავის დროზე, მიკროჩიპის, მობილურისა და ინტერნეტის გამოგონებამ გამოიწვია. თუმცა, მისი შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი გაცილებით უფრო სწრაფად განვითარდება, ვიდრე ნებისმიერი ზემოხსენებული ტექნოლოგია.
“ხელოვნური ინტელექტის განვითარება ისეთივე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება, როგორც მიკროპროცესორის, პერსონალური კომპიუტერის, ინტერნეტისა და მობილური ტელეფონის შექმნა იყო. ის შეცვლის, თუ როგორ ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ვმოგზაურობთ, თუ როგორ დავდივართ ექიმთან და როგორ ველაპარაკებით ერთმანეთს. ხელოვნური ინტელექტის გარშემო ინდუსტრიები მოეწყობა და კომპანიები ერთმანეთს მისი გამოყენებით შეეჯიბრებიან…
პერსონალური კომპიუტერის რევოლუცია მახსოვს, როცა პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრია იმდენად მცირე იყო, რომ თითქმის ყველა ჩვენგანის დატევა ერთ სცენაზე შეიძლებოდა. დღეს, ეს ინდუსტრია – გლობალურია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ინდუსტრიის დიდი ნაწილის ყურადღება ხელოვნური ინტელექტისკენაა მიმართული, ინოვაციები ამ სფეროში იმაზე გაცილებით სწრაფი იქნება, ვიდრე მიკროპროცესორის შექმნით გამოწვეული გარღვევის შემდეგ იყო. მალე, ხელოვნურ ინტელექტამდე პერიოდი ისეთივე შორეულად მოგვეჩვენება, როგორც ის დრო, ეკრანზე დაწკაპუნების ნაცვლად ბრძანების ხელით შეყვანა გვიწევდა”, – წერს ბილ გეიტსი.
თავის ვრცელ წერილში, ბილ გეიტსი საუბრობს იმ ინდუსტრიებსა და სექტორებზეც, რომელთა განვითარებას, მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტი მაქსიმალურად დააჩქარებს. ერთ-ერთი ასეთი სფერო ჯანდაცვაა, რომელშიც, ბილ გეიტსი წლებია, რაც ჩართულია. მისი შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მედიკამენტების დამზადების პროცესი გამარტივდება, ხოლო ექიმები უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთებას შეძლებენ, რადგან იმ წარმოუდგენლად დიდი მოცულობის მონაცემებს, რომლებსაც ექიმები, როგორც წესი, თავად ამუშავებენ, მათ ნაცვლად ხელოვნური ინტელექტი გააანალიზებს, თანაც გაცილებით მალე და ფაქტობრივად უშეცდომოდ.
“ადამიანების მოვლასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი დრამატულად დააჩქარებს სამედიცინო აღმოჩენების ტემპს. ბიოლოგიაში ძალიან დიდი რაოდენობის მონაცემები გვხვდება, ხოლო ადამიანებისთვის ყველა ბიოლოგიური სისტემის მუშაობის აღრიცხვა ძალიან რთულია. ამ მონაცემების შესწავლისა და დამუშავებისთვის, პათოგენების აღმოჩენისა და მათ შესაბამისად მედიკამენტების შექმნისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფა უკვე არსებობს. გარკვეული კომპანიები ამ გზით სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებს უკვე ავითარებენ.
შემდეგი თაობის ხელსაწყოები გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება და მათი გამოყენებით მეცნიერები მედიკამენტების უკუჩვენებების დადგენას და სწორი დოზირების განსაზღვრას შეძლებენ. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გეიტსების ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტი ისაა, რომ ეს ხელსაწყოები გამოყენებულ იქნას ჯანდაცვის პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ღატაკ ადამიანებს აწუხებთ, ვგულისხმობ შიდსს, ტუბერკულოზსა და მალარიას”, – ვკითხულობთ ბილ გეიტსის მიერ გავრცელებულ წერილში.
ამ წერილით, ისევე, როგორც მისი წერილებისა თუ ბლოგების სრულ უმეტესობაში, ბილ გეიტსი, ცხადია, გადასწვდა განათლების საკითხებსაც. მისი შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტს განსაკუთრებული გავლენა ამ მიმართულებითაც ექნება, თანაც გლობალურ დონეზე. როგორც ბილ გეიტსი წერს, ახალ ტექნოლოგიას გავლენა ექნება არამხოლოდ განათლების პერსონალიზებაზე, რაც, თავისთავად, ძირძველი ინდუსტრიის ხარისხს აამაღლებს, არამედ განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზეც, რადგან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, განათლების ხარჯი კოლოსალურად შემცირდება. აღნიშნული კი, ღარიბი ქვეყნების მოსახლეობებს განათლებაზე ხელმისაწვდომობას გაუზრდის და საბოლოო ჯამში, მათ ცხოვრების დონეს აამაღლებს.
“ვფიქრობ, მომავალი ათი წლის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა, საბოლოო ჯამში, შეასრულებს საკუთარ დაპირებას სწავლებისა და სწავლის რევოლუციონერების მიმართულებით. ხელოვნურ ინტელექტს ეცოდინება შენი ინტერესები და სწავლის სტილი, რასაც პერსონალიზებულ კონვენტს მოარგებს, რომელიც არ მოგაწყენთ. ხელოვნური ინტელექტი გაზომავს, თუ როგორ ითვისებთ მასალას, შეამჩნევს კარგავთ თუ არა ინტერესს და გაარკვევს, რა გამოტივირებთ. თან, ის მყისიერ უკუკავშირს მოგცემთ.
არსებობს ბევრი გზა, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლებს და ადმინისტრატორებს დაეხმარება, მათ შორის სტუდენტის მიერ საგნის შესწავლის ხარისხის გაზომვისა და კარიერული დახმარების კუთხით. მოსწავლეების საშინაო დავალების შესასწორებლად ChatGPT-ის მსგავს ხელსაწყოებს უკვე იყენებენ”, – წერს ბილ გეიტსი.
დასავლური პოპ-კულტურის გავლენით, რომელშიც, რობოტები და ხელოვნური ინტელექტი, ხშირად არასწორად და თეორიასთან შეუთავსებლად, ბოროტ ქმნილებებად არიან წარმოჩენილები, ხელოვნურ ინტელექტზე ყოფითი საუბრისას, ადამიანებს, როგორც წესი, შიში სძლევთ. ეს შიში, თითქმის ყოველთვის, ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანებისა და მათი სამსახურების ჩანაცვლებას უკავშირდება. სიმართლის ნატამალი, ცხადია, ყველაფერში გვხვდება და არც ეს შემთხვევა არის გამონაკლისი. გარკვეული პროფესიები ისევე გაქრება, როგორც, მაგალითად, მაღვიძარას პროფესია გაქრა თავის დროზე. ჰო, არ მოგესმათ, ადრე არსებობდნენ ადამიანები, რომელთა მთავარი ცხოვრებისეული დანიშნულება სხვა ადამიანების გაღვიძება იყო. დღეს, ეს პროფესია აბსურდულადაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს, ისევე, როგორც მომავალში მოგვეჩვენება ბევრი ის საქმე, რომელსაც დღეს ვაკეთებთ.
პროფესიების დიდ ტრანსფორმაციაზე ბილ გეიტსიც წერს და ამბობს, რომ გარდამავალ ეტაპზე, ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლა ადამიანებს სახელმწიფოებმა უნდა გაუმარტივონ. მისივე თქმით, არსებობს ისეთი საქმიანობებიც, რომლებსაც პროგრამული უზრუნველყოფა ვერასდროს გააკეთებს, მაგალითად, მასწავლებლობა და პაციენტებისა და მოხუცების მოვლა. ბილ გეიტსის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი, ადამიანების პროდუქტიულობას გაზრდის, რაც საშუალებას მოგვცემს, რუტინულ საქმეებზე უარი ვთქვათ და დრო მეტად სასარგებლო სოციალურ საქმიანობას დავუთმოთ, ანუ მეგობრებსა და ოჯახს. ამასთანავე, ბილ გეიტსი ციფრული პერსონალური ასისტენტის შექმნასაც პროგნოზირებს, რომელიც ყველა იმ საქმეს შეასრულებს, რასაც დღეს ფიზიკური ასისტენტი აკეთებს: შეხვედრებს დაგეგმავს, მეილებს გაგზავნის და მნიშვნელოვან ამბებს შეგახსენებს.
თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, ბილ გეიტსი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ისევე ახასიათებს, როგორც ნებისმიერ სხვა ტექნოლოგიას. პირველი საფრთხე, ცხადია, ჰოლივუდური სცენარია, როცა ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტს, რომ ადამიანი საფრთხეა და მისი მოდგმის განადგურებას შეუდგება. მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი, ცხადია, შესაძლებელია, მაგრამ ეს პრობლემა დღევანდელი და მომავალი ათწლეულების საფიქრალი არ არის, რადგან ტექნოლოგია ჯერ ამ დონემდე არ მისულა.
თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კომპიუტერები, რომლებსაც დღეს ვიყენებთ, ძალიან ბევრი კრიტერიუმით ადამიანებზე გაცილებით უფრო ჭკვიანები არიან. აი, მაგალითად გეტყვით, რომ ელექტრული სიგნალი ადამიანის თავის ტვინში ასიათასჯერ უფრო ნელა გადაეცემა, ვიდრე სიგნალი სილიკონის მიკროჩიპში. ასე რომ, “მატრიცისა” თუ “კოსმოსური ოდისეის” სცენარამდე ჯერ დიდი დრო გვაშორებს.
ისე კი, ის პათოსი, რომელზეც ფაქტობრივად მთელი ჰოლივუდის სამეცნიერო ფანტასტიკა დგას, ახალი მიგნება საერთოდ არ არის, რადგან, რეალურად, ის ადამიანის ძალიან ღრმა შიშებს ეფუძნება და ახალი ტექნოლოგიების საწინააღმდეგოდ გალაშქრება, რეალურად, გენშიც კი გვაქვს. 1889 წელს გამოცემული ჟურნალის, Judge-ის გარეკანზე გამოსახულია კარიკატურა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟებას ეხება. როგორც ჩანს, ადამიანებს იმ დროს ელექტროენერგია აშინებდათ. ჩვენი ისტორიის განმავლობაში სხვა მსგავსი შემთხვევებიც ყოფილა. ავტომობილების სკეპტიკოსები, მაგალითად, ამბობდნენ რომ მანქანა ცხენს ვერასდროს ჩაანაცვლებდა. ყველას კარგად გვახსოვს ისიც, რომ ინტერნეტი და მობილური ტელეფონები, მათი გამოჩენის დროს, ეშმაკეულ ქმნილებებად შერაცხეს.
დასასრულს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ტექნოლოგიის გარეშე, ადამიანის მოდგმის განვითარება შეუძლებელია. ტექნოლოგიებზე უარს ვერ ვიტყვით, ცხადია, მაგრამ არც იმ რისკზე უნდა დავხუჭოთ თვალი, რომელიც მის განვითარებას თან ახლავს. უბრალოდ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ყოველთვის აზრიანად უნდა გავაკეთოთ და ვიფიქროთ.